7 მაისიდან მოყოლებული ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ტექნიკის მაღაზიებს ვაჭრობა გაუნახევრდათ. ზოგიერთი მათგანი დახურვის პირასაა. გამოსავალი ერთადერთია, რომ სავაჭრო ობიექტებმა თავად გააკეთონ შიდა განვადების სისტემა, თუმცა ამას მხოლოდ მსხვილი ობიექტები თუ მოახერხებენ. მცირე და საშუალო მაღაზიების საქმე უფრო რთულადაა.
უკვე 2 თვეა ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლიათ, სესხსა და განვადებაზე უარს ეუბნებიან. ტექნიკის მაღაზიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაყიდული საქონლის დიდი ნაწილი სწორედ განვადებებზე მოდიოდა. როგორც ნავარაუდევი იყო, აღნიშნულმა რეგულაციებმა გავლენა ბაზარზე უკვე იქონია.
„ძალიან შემცირდა გაყიდვა. ბანკები არ იძლევიან სესხს. მივდივართ ხან ერთ ბანკთან, ხან მეორესთან და შედეგი არ არის. თავიდან, როცა არ იცოდნენ ამ რეგულაციების შესახებ მოდიოდნენ მაღაზიაში, ახლა აღარც მოდიან. დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული გაყიდვები“, - აცხადებს ტექნიკის მაღაზიის მეპატრონე სალომე მზარეულიშვილი.
„არავის აწყობს ირბინოს ცნობებზე. სწრაფ განვადებას იმიტომ აკეთებს ადამიანი, რომ 10 წუთში უნდა წაიღოს პროდუქცია და ეს დამატებით დისკომფორტს უქმნის. სახელფასო ბარათი ყველას ვერ ექნება, თუნდაც ძიძას, ტაქსისტს და ა.შ. ნახევარი საქართველო ტაქსაობს და ნახევარი ძიძაა და რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა? მათაც ხომ სჭირდებათ მაცივარი, ტელეფონი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ. ეს რეგულაცია ძალიან ცუდია დაბალი ფენისთვის“, - განუცხადა „ბიემს“ ტექნიკის მაღაზიის კონსულტანტმა ია მაღრაძემ.
უკეთესი ვითარება არც მსხვილ სავაჭრო ქსელებშია. ამიტომ ისინი შემცირებული რეალიზაციის გამო ახალ სტრატეგიაზე გადასავლას და შიდა განვადებების დაწყებას გეგმავენ.
თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, წლებია, მერაბ ბერაძეს ტექნიკის მაღაზია აქვს. მას უკვე საკუთარი კლიენტებიც ჰყავს და მათვის განვადების ახალი სისტემის შემუშავებას აპირებს. მისი თქმით, თავიდან მხოლოდ ნაცნობ მომხმარებელზე გავრცელდება ახალი შეთავაზება, შემდგომში კი ფართო სეგმენტზე გასვლას ბაზარი დაარეგულირებს.
„შექმნილი მდგომარეობიდან ნამდვილად ვეძებთ გამოსავალს. რამდენიმე მაღაზიის მფლობელი, მათ შორის პირადად მეც, ვაპირებთ, რაღაც შევიმუშაოთ, თუნდაც შიდა განვადების მსგავსი სისტემა. რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, გავრცელდება ნაცნობ კლიენტებზე, უცხოებზე ნივთების ამ პირობით გაყიდვა სარისკოდ მიმაჩნია.
საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ არის უძრავი ქონება, რომ კონტრაქტი გააფორმო და თანხის სანაცვლოდ ბინა ან მანქანა ჩადო. ველოდებით მოვლენების განვითარებას, ყველაფერს მაინც მოთხოვნა და ბაზარი არეგულირებს. ასე რომ, ამ მიმართულებით რაღაც უნდა შეიცვალოს“, - ამბობს ბერაძე.
ასეთ ტენდენციას ადასტურებენ ფინანსისტებიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელს გიორგი კეპულაძეს მიაჩნია, რომ ტექნიკის მსხვილი მაღაზიებისთვის შიდა განვადება, გარკვეულწილად, გამოსავალი იქნება, მცირე და არაბრენდული მაღაზიებისთვის კი მდგომარეობა არ შეიცვლება.
„მოლოდინი იყო, რომ განვადებებისა და სესხების გაცემის რიცხვი მკვეთრად შემცირდებოდა, რადგან ძირითადად განვადებებს საშუალოზე დაბალი ფენის მომხმარებლები აკეთებენ და მათ შორის ძალიან ბევრია თვითდასაქმებული ადამიანი. სწორედ მათ სესხის აღების შესაძლებლობა არ აქვთ. შესაბამისად, მცირდება განვადებების რაოდენობა, რაც აისახებოდა როგორც ბანკების შემოსავლების კლებაზე, ასევე ტექნიკის მაღაზიების შემოსავლებზე.
კეთდება განცხადებები საცალო გაყიდვების კომპანიებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათ გარკვეულ გზებს უნდა მიმართონ, რათა როგორმე განვადებები აღადგინონ. დიდი მაღაზიები და დიდი კომპანიები ჩემი ინფორმაციით, უკვე მუშაობენ იმაზე, რომ თვითონ გააკეთონ შიდა განვადებები“, - აცხადებს კეპულაძე.