პრემიერი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი, შესაძლოა, გაუქმდეს და ამ გზით ბიუროკრატიის შემცირება მოხდება. ასეთი ინიციატივით მისი წინამორბედებიც გამოდიოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით დიდი ბიუროკრატიის ალაგმვა ვერაფრით ხერხდება.
„სსიპ-ებსა და ააიპ-ებთან დაკავშირებით, ზოგადად, ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიტიკასა და მიდგომებში. ამისთვის არის მნიშვნელოვანი რესურსი გამოყოფილი და უნდა მივიღოთ გაცილებით ეფექტური შედეგი და ნაკლები ბიუროკრატია. შესაძლოა, სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი გაუქმდეს ან გაერთიანდეს და მივიღოთ ის შედეგი, რაც საზოგადოებას სჭირდება“, - განაცხადა ბახტაძემ.
სპეციალისტები პრემიერის ინიციატივას იწონებენ, მაგრამ მისი აღსრულების იმედი მაინცდამაიც არ აქვთ. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ფორმალობა იყოს და რეალურად არაფერი გამოვიდეს.
„მამუკა ბახტაძემ ორი მნიშვნელოვანი რეფორმა დააანონსა. პირველი ეს არის მცირე მთავრობის იდეა, მეორე კი სიპ-ებისა და აიპ-ების შემცირება. ამ უკანასკნელზე პრემიერმა რამდენიმე დღის წინა განაცხადა, ამიტომ ჯერ კიდევ მაქვს დადებითი მოლოდინი. რაც შეეხება პირველ რეფორმას, რეალურად მცირე მთავრობა გულისხმობს ძირეულ შიდა რეფორმებს, სიპ-ების და აიპპ-ების შემცირებას, სახელმწიფო ფუნქციების დიდი ნაწილის კერძო სექტორისთვის გადაცემას, სამინისტროებში თანამშრომელთა რეორგანიზაციას.
ბახტაძემ კი ამ ყველაფრის ნაცვლად, უბრალოდ, რამდენიმე უწყება გააერთიანა. ამ ყველაფრის გამო შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე ცვლილებები ფორმალური, პოპულისტურია და მეტი არაფერი“, - აღნიშნა ყიფიანმა.
სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სამინისტროების შემცირების შემდეგ, პირველ რიგში, სწორედ სსიპ-ებისა და აიპ-ების საკითხი უნდა დადგეს. თუმცა იურისტს ეჭვი ეპარება, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, რადგან აქ ძალიან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
„ჩემი მოსაზრება სსიპ-ებსა და აიპ-ებთან დაკავშირებით უცვლელია ბოლო 8 წლის განმავლობაში. 2010 წლიდან ვსაუბრობ, რომ ბიუროკრატია და მასთან დაკავშირებული ხარჯი საქართველოში მზარდია და ეს აუცილებლად იქცევა პრობლემად. სსიპ-ებისა და აიპ-ების შესახებ ჯამური სტატისტიკური მონაცემი არ ქვეყნდება, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს. ეს აბსოლუტურად არაადეკვატური და არანორმალურია საქართველოს ტიპის, სოციალური პრობლემის მქონე ქვეყნისათვის, რომელსაც განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა სჭირდება.
ეს არ არის ახალი თემა, პრობლემაზე წინა პრემიერებიც საუბრობდნენ, მაგრამ ვითარების გამოსწორების მიზნით არაფერი გაუკეთებიათ“, - განაცხადა ალაფიშვილმა.
რაც შეეხება კვლევას შედარებით კონკრეტული მონაცემები „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ შარშან გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების, ასევე იქ დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
„კვლევა 78 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის მონაცემებს ეყრდნობა. მასში აღნიშნულია, რომ 2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წლისთვის კი 74 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში ეს მონაცემი 12 632-ს შეადგენს. რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, 2012 წელს 38 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 1 077 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი მათმა რაოდენობამ 67 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის ფარგლებში 7 193 შეადგინა“, - აცხადებდნენ „საერთაშორისო გამჭირვალობაში“.