დედაქალაქში სასაფლაოების პრობლემა სულ უფრო მწვავე ხდება. ერთი მხრივ, მათი მასშტაბები იზრდება, ხოლო მეორე მხრივ უამრავია უპატრონო საფლავია, რომლის სამომმავლო ხვედრი გაურკვეველია. გენგეგმის ავტორები იმასაც ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი სასაფლაო საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯამრთელობასაც.
თბილისის გენერალური გეგმის დანართის ერთ-ერთი ნაწილი დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთ ტერიტორიის დახასიათებას მოიცავს, რომლის თანახმად, ბოლო ათეული წლების მანძილზე, დიდი დიღმის დასახლების ურბანული ტერიტორიის დიდი ნაწილი დანაწევრდა და დაიფარა ერთიან გააზრებას მოკლებული მცირე ნაკვეთებით.
„პროცესი წარიმართა შესაბამისი მასშტაბის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების გარეშე. შედეგად სივრცე მოკლებულია ერთიან სტრუქტურას და არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი სოციალური, საზოგადოებრივი და საქმიანი ობიექტებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აღნიშნული ტერიტორიის მახლობლად არსებობს და დიდი სისწრაფით იზრდება მუხათგვერდის სასაფლაო, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
„მოცემული საცხოვრებელი არეალის მახლობლად განთავსებულია მუხათგვერდის სასაფლაო, რომელსაც არ აქვს დადგენილი ზუსტი სანიტარული დაცვის საზღვრები, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც მაცხოვრებელთა ჯანმრთელობას, ისე სასაფლაოს კულტურული ზონის იზოლირების უზრუნველყოფას“, - წერია გენგეგმის დანართში.
დედაქალქში სასაფლაოების მხრივ მხოლოდ მუხათგვერდი არ ქმნის პრობლემას. ზოგადად, ამ მხრივ თბილისში პრობლემები გარდაუვალია. მაგალითად, წინასწარი გაანგარიშებით დაახლოებით 2040 წლისთვის თბილისში არსებულ სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება. ეს დასკვნა გეგნგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ბოლო 10 წლის განმავლობაში თბილისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების ფართობის ზრდის ტენდენციაზე დაკვირვების შემდეგ მიიღო.
თბილისი სწრაფად მზარდი ქალაქია. შესაბამისად, გადატვირთული სასაფლაოების პრობლემა დღის წესრიგში უკვე დიდი ხანია დგას. თბილისის მერიამ თავის დროზე შ.პ.ს. „ჰერმესს“ მართვის ქვეშ 55 საქალაქო სასაფლაო გადასცა. აქედან 6 საქალაქო სასაფლაო უკვე დახურულია, მათ შორის არის პეტრე-პავლეს და ვერის საქალაქო სასაფლაოები.
„ახალი სასაფლაოების მოწყობის აუცილებლობა ამ ეტაპისთვის დღის წესრიგში არ დგას, რაც განპირობებულია სასაფლაოებზე არსებული თავისუფალი რესურსით, რომლის ათვისებას, ჩვენი გათვლებით 45-50 წელიწადი სჭირდება,“- განაცხადეს თბილისის მერიაში.
„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია საფლავების სივრცითი მოწყობის გადაგეგვმას აპირებს, საუბარია საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომელიც ჭირისუფალს საფლავის მოპირკეთების კონკრეტულ წესს გულისხმობს.
„დღესდღეობით, სასაფლაოების ტერიტორიებზე, კონკრეტულად საფლავებზე და მის მიმდებარედ ბევრია გადახურული შენობები და კონსტრუქციები, რომელიც შეუფერებელია სასაფლაოს იერსახისთვის. ამ თვალსაზრისით იგეგმება შესაბამისი წესის შემუშავება, რომელიც შეეხება საფლავებს და მის მიდებარე მიწისზედა კონსტრუქციების რეგულირების წესს“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების დაკვირვებით სასაფლაოების დაახლოებით 40% მიტოვებულია, შესაბამისად, თბილისის მერიას დაწყებული აქვს ამ საფლავების „ჯიპიესებით“ მოკვლევის პროცესი. რა ელის ათასობით უპატრონო საფლავს, ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.