საზარელ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

საზარელ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს - შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. პოლიციელებმა და მაშველებმა დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები, მოგვიანებით კი ორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი დათვალიერებით მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული აიან სმიტი ცხედარიც აღმოაჩინეს.

სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, რომელმაც თავდაპირველად აღიარა ჩადენილი დანაშაული. მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტ და მის შვილს. ხოლო ორა მიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მწყემსმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. იმავე წყაროს ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა, რადგან იგი ტიროდა.

„როგორც თვითონ უთქვამს, ბავშვი ტიროდა და რას ვუზამდიო?! ქალს ფეხი დაუცდა სურათის გადაღების დროს, მივვარდი, რომ არ გადავარდნილიყოო, ეს ცუდად შენიშნა იმ კაცმა და სახეში გამარტყაო. ამის შემდეგ გავმწარდი, ავიღე თოფი და ვესროლეო.

ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოკლულ კაცს სახეში აქვს ნასროლი, თვალებიც არ აქვს... ბავშვის ზურგჩანთაც გახვრეტილია, რომელიც მოკლულს ზურგზე ეკეთა. მერე ცხენის ძუაზე მოუბამს ეს კაცი და ისე გამოუთრევია“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავად მწყემსმა შეატყობინა სოფლის მოსახლეობას, რომ ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვა, რასთან მიახლოებაც, მისივე თქმით, ეშინოდა. მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო ოპერაციაში თავად დაკავებულიც მონაწილეობდა.

დაკავებული მ.კ-ს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მანვე აღნიშნა, რომ დაკავებულს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება მას ნამდვილად აქვს სახის არეში. თუმცა, საიდან და როგორ მიიღო ეს დაზიანებები, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ ისევ ბრალდებულის სურვილიდან გამომდინარე. მას არ სურს დეტალურად ვისაუბრო მედიასთან. დაზიანებასთან დაკავშირებით მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა პასუხები ჯერჯერობით არ ვიცით. რა ინფორმაციაც მედიაში ვრცელდება, მისი მონათხრობი ამისგან განსხვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ იგი ბრალს არ აღიარებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლეიშვილი არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში ნახა გარდაცვლილი ლორა სმიტი დაკავებულმა. ასევე ადვოკატი კომენტარისგან თავს იკავებს მ.კ-ს შერაცხადობის საკითხზე საუბრისგანაც.

ამერიკელი ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედამ, მარიამ მარტიაშვილმა როგორც განაცხადა, ჰგონია, რომ ეს ვიღაცის მიერ ჩადენილი მკვლელობაა და მის შვილს აბრალებენ. მის მეუღლესაც იგივე ვერსია აქვს.

როგორც მარტიაშვილმა განაცხადა, ცოლ-ქმრის რეალური მკვლელის ვინაობის დასადგენად იბრძოლებს.

აშშ-ს საელჩოსთან რიგითი მოქალქეები არიან შეკრებილი, რომლებიც ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის ტრაგედიას იზიარებენ და სოლიდარობას გამოხატავენ.

მოქალაქეებმა საელჩოსთან მიიტანეს ყვავილები, სანთლები დაანთეს და ამ ფორმით ამერიკელი მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მწუხარება გაიზიარეს.

სოლიდარობის აქციას, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შეუერთდა, მან სხვა მოქალაქებთან ერთად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„მადლობა საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტს, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს დამნაშავის დასაკავებლად“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეტ რუთმა, რომელმაც ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა და მომხდარზე მწუხარება გამოთქვა.

დიპლომატის განცხადებით, სამწუხაროა ის, რაც მოხდა.

„შოკირებულნი ვართ მომხდართან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ძალიან დიდ მწუხარებას. ტრაგიკულად მოკლეს ბრაიან სმიტი, მისი მეუღლე და შვილი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და თავიანთი საქმიანობით ეკონომიკის განვითარებას უწყობდნენ ხელს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილების ოჯახს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. მადლობა საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტის, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს დამნაშავის დასაკავებლად“, - განაცხადა ელიზაბეტ რუთმა.