დასავლეთ საქართველო ირჩევს თხილს!

დასავლეთ საქართველო ირჩევს თხილს!

[ეკა ბაქრაძე]

ბოლო დროს თხილის მიმართ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ დასავლეთ საქართველოში გლეხები, ამ კულტურის გარდა, ძნელად რომ რაიმეთი დაინტერესდნენ. ეს გასაგებიცაა. თხილი მსოფლიოში დეფიციტური პროდუქტია, მისი ფასი მუდმივად იზრდება (და მომავალშიც გაიზრდება), ხოლო მოსავლის მისაღებად განსაკუთრებით დიდი შრომა საჭირო არ არის.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობაში საქართველოს ყველაზე მეტი შემოსავალი შეუძლია მიიღოს რამდენიმე მიმართულების განვითარებით (ხილი, ბოსტნეული, თხილი და ღვინო).

თხილზე მოთხოვნა გაზრდილია არა მარტო ჩვენთან, არამედ საზღვარგარეთაც, სადაც წარმოებამაც მოიმატა. უკანასკნელ წლებში თხილის მიმართ მოთხოვნა მსოფლიოში ყოველ წელს დაახლოებით 2%-ით იზრდება, რაც წარმოების მოცულობის ზრდის საშუალებას იძლევა. ამ პროდუქტის წარმოებით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.

ქართული თხილი ყველაზე აქტიურად გადის თურქეთში. ამასთან, ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრები ევროპის ქვეყნებია. დასავლეთ საქართველოს შემდეგ თხილის პლანტაციების გაშენება დაიწყო კახეთშიც, ძირითადად, ლაგოდეხსა და ყვარელში. თუმცა არსებული პლანტაციების პროდუქტიულობა დაბალია - თუ წლევანდელი მოსავლიანობა საქართველოში არის 1-1,2 ტონა თხილი ჰექტარზე, ნორმალური მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია ეს მაჩვენებელი 3 ტონამდე გაიზარდოს.

საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 35 000 ტონა თხილი მოდის. თხილის გაშენების რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება რაჭაშიც, თუმცა მისი ნიადაგი ამ მოსავლის მიმართ ნოყიერებით არ გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იზრდება, რაჭაში და ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოში მოყვანილი თხილი მაინც და მაინც უხვმოსავლიანი არ არის.

90-იან წლებამდე თხილი საქართველოში 50-80 თეთრი ღირდა.  მისი საექსპორტო არეალის გაფართოებამ პროდუქტის ღირებულებაც გაზარდა. ამ ეტაპზე სექტემბრიდან ქართული თხილი საერთაშორისო ბაზრებზე კილოგრამი, დაახლოებით, 5-7 დოლარად იყიდება. შემდეგ ფასი იზრდება. ადგილობრივ ბაზარზე კი 1 კგ ნედლი თხილი 2-2,5 ლარი ღირს, ხოლო ხმელი - 4-5 ლარი.

ადგილობრივ ბაზარზე ასეთი ფასების გამოისობით, ცხადია ხდება, რომ თხილს ციტრუსთან და ჩაისთან შედარებით დიდი უპირატესობა გააჩნია. ამიტომაც საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება მისი წარმოება.

2011 წელს საქართველომ თხილის წარმოებაში აზერბაიჯანს გაუსწრო და თხილის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მსოფლიოში მესამე ადგილზე დაიკავა.

„თხილის საექსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორის ბეგი სიორიძის თქმით, შარშან მესამე პოზიცია აზერბაიჯანს ეკავა, თუმცა ახლა სიტუაცია საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა. საქართველო უკვე ყოველწლიურად 35 ათას ტონა თხილს აწარმოებს, რომლის ექსპორტირება მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ხდება.

მსოფლიოში თხილის უმსხვილესი მწარმოებლები თურქეთი და იტალია არიან. მსოფლიო ბაზარზე თხილის გაყიდვის თვალსაზრისით, თურქეთს 75-პროცენტიანი წილი აქვს. რაც შეეხება საქართველოს, მისი ნიშა დაახლოებით 5%-ია.

„საქართველოში წარმოებული თხილი მაღალი ხარისხისაა და იმის მიუხედავად, რომ იგი თურქულთან შედარებით 20 ცენტით ძვირია, მსოფლიოში მასზე მოთხოვნა იზრდება“, - აცხადებს სიორიძე.