წლეულს 11 ათას მოსწავლეზე მეტმა ვერ შეძლო ატესტატის აღება. ეს სტატისტიკა არასახარბიელოა და ნიშნავს, რომ ჩვენი მოსწავლეები ერთ-ერთ ძირითად საგანში მინიმალურ კომპეტენციასაც ვერ ლახავენ. რას შეცვლის სწავლების ახალ მოდელზე გადასვლა და ამაღლდება თუ არა მოსწავლეების ცოდნის დონე, ამის შესახებ For.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი ესაუბრა.
სავალდებულო საშუალო განათლება სკოლებში ცხრა წლის ნაცვლად ათი წლით უნდა განისაზღვროს. ამ თემაზე ადრეც იყო საუბარი, მაგრამ განათლების სისტემის მესვეურებმა მაშინ ამას თავი ვერ მოაბეს. ამჯერად თუ მოერგება ეს სიახლე ქართველი ბავშვების მენტალიტეტს?
- სხვა ქვეყნებში არსებობს ეს მოდელი, რაც გულისხმობს ათწლიან საბაზისო და შემდეგ უკვე ორწლიან სწავლებას. ამას ჰქვია „ჰაისქულ“, როცა უმატებენ ორ წელიწადს. კვლევებიც ადასტურებს და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც მიიჩნევენ, რომ რაც მეტს სწავლობს ბავშვი, ანუ რაც უფრო ხანგრძლივია სავალდებულო სწავლება, მით მეტია შედეგი. უცხოური გამოცდილება ასეთია, თუმცა, თუ ჩვენ ქართულ რეალობას დავაკვირდებით, სიტუაცია განსხვავებულია. პირიქით, მოსწავლე, რომელსაც სწავლა არ სურს (და ასეთი ქართულ სკოლებში ბევრია), რაც უფრო მალე დატოვებს სკოლას და გავა სკოლიდან, უკეთესი იქნება. ბევრი მოსწავლე სკოლაში იმისთვის დადის, რომ საბაზისო სკოლის ატესტატი აიღოს და შემდეგ გავიდეს სკოლიდან. ამიტომ, ვიმეორებ, ბევრად უკეთესია, რაც უფრო მალე გავა ასეთი მოსწავლე სკოლიდან და სხვა მიმართულებით გააგრძელებს სწავლას.
თუნდაც ტექნიკუმში?
- დიახ, ტექნიკუმში სწავლა რომ გააგრძელოს, ამისთვის სჭირდებათ საბაზისო სკოლის დიპლომი. ამიტომ უმჯობესია, დროულად მივცეთ ეს დიპლომი. მით უმეტეს, არის მოსწავლეების კატეგორია, რომელთაც მე-7-8 კლასიდან ეტყობათ, რომ, უბრალოდ, საბაზისო დიპლომის ასაღებად დადიან სკოლაში, რათა შემდგომში საშუალება მიეცეთ, ტექნიკუმში გააგრძელონ სწავლა.
როგორც წესი, ასეთი ბავშვები თანატოლებსაც არ აძლევენ სწავლის საშუალებას.
- დიახ, ხელს უშლიან მოსწავლეებს, მასწავლებელებსაც პრობლემებს უქმნიან, ზოგადად, აყოვნებენ სასწავლო პროცესს სკოლაში. ახლა მასწავლებელს აბრალებენ ყველაფერს, მაგრამ მოსწავლეზეც ბევრი რამეა დამოკიდებული და მშობელზეც. სკოლებთან მაქვს შეხება და ვიცი, რომ, როცა სკოლიდან ტექნიკურ სასწავლებელში გადასულა ისეთი მოსწავლე, რომელიც სკოლაში დიდი მონდომებით არ გამოირჩეოდა და გაკვეთილებს შლიდა, სულ სხვა ადამიანი გამხდარა. ორი თვის მერე შევხვედრივარ ამ მოსწავლეს, ის უკვე კარგ ადგილას მუშაობდა, მზარეულის კურსების გავლის შემდეგ ერთ-ერთ კარგ სასტუმროში მოწყობილა და სავსებით შეცვლილა.
არის შემთხვევები, როცა ტექნიკუმის დასრულების შემდეგ მოსწავლე ბევრად უფრო მეტად აფასებს განათლების აუცილებლობას და უმაღლესშიც სურს ჩაბარება. ასეთ მოზარდს გზას ხომ არ ვუღობავთ?
- თუკი მოზარდი სკოლიდან გადის და ტექნიკუმში აგრძელებს სწავლას, ეს არ ნიშნავს, რომ ის დაიკარგება ცხოვრებაში, ან გზას აცდება. ჯობს, რაც შეიძლება მალე იპოვოს ის ადგილი, რომელიც აინტერესებს. თორემ, რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ სკოლაში და კიდევ ერთ წელს დავტოვებთ, ეს პრობლემა იქნება მასწავლებლისთვისაც და თავად მოსწავლისთვისაც. მე გეუბნებით ჩემს არგუმენტებსა და მასწავლებელების აზრს, თორემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამასთან დაკავშირებით რა არგუმენტები გააჩნია, უნდა მოვისმინოთ. მათი არგუმენტები, ალბათ, დაყრდნობილია საერთაშორისო გამოცდილებას, მაგრამ ქართული რეალობა ასეთი სულაც არ გახლავთ.
თუ სამინისტროს აინტერესებს ქართული რეალობა და ქართველ მასწავლებლებს რამეს ეკითხება, დარწმუნებული ვარ, მასწავლებლების უმეტესობა ჩემს აზრს გაიზიარებს. ყველაზე კარგი კი ის იქნება, რომ ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა. ამ ბარიერს თუ მოუხსნიან, ეს ნამდვილად კარგი რეფორმა იქნება. თუ ბარიერები მოიხსნება, მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდებიან იმით, რომ სკოლაში სიარულითა და სასწავლო პროცესით მეტი სარგებლო მიიღონ, ვიდრე ატესტატისა და დიპლომის ფარატინა ფურცლების აღებით.
ჩვენში მახინჯი ტრადიცია არსებობდა, რომ ატესტატსა და დიპლომს ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებდით. ქართული სამწუხარო რეალობა ისიც იყო, რომ კარგი ნიშნების აღმნიშვნელი ატესტატის მისაღებად ზოგჯერ ქრთამის გაღებაც უწევდათ მშობლებს სკოლის დირექციისა და მასწავლებლებისთვის. ახლა ასეთი დამოკიდებულება არ შეინიშნება.
- რა თქმა უნდა, ასე იყო და, თუ ახლა ასეთ მოსწავლეს ატესტატს მისცემენ მე-9 კლასში, ის საერთოდ აღარ ივლის სკოლაში. მე-12 კლასამდე სკოლაში იძულებითი დარჩენა არ არის გამოსავალი. ამიტომ, ჩემი აზრით, ათწლიანი სწავლება სწორი არ იქნება და ქართულ რეალობაში კარგ შედეგს არ მოიტანს. ვერც იმას ვხვდები, რა აზრი აქვს, მე-10 კლასში გადმოიტანონ გამოცდები მაშინ, როცა შეუძლიათ, მე-9 კლასშივე ჩაატარონ CAT-ის გამოსაშვები გამოცდები. აზრს ვერ ვხვდები, რატომ უნდა გახანგრძლივდეს და გახდეს სწავლება ათწლიანი, მით უმეტეს, როცა მე-12 კლასში იმეორებენ ყველაფერს, რასაც სწავლობდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. მასწავლებელს უნდა გაუადვილო საქმე, რომ უკეთესად იმუშაოს. კიდევ ერთი წლით ამ მოსწავლეების დატოვება მასწავლებლებისთვის საქმის გართულებაა. ვისაც როგორ უნდა, ისე იფიქროს, მაგრამ ქართული რეალობა ასეთია. უცხოეთს ადარებენ ხოლმე საქართველოს. უცხოელ მასწავლებლებთან მაქვს შეხება, ბანაკებსაც ვაწყობ ხოლმე, რამდენჯერმე წამიყვანია უცხოელი მასწავლებელი ქართველ მოსწავლეებთან სამუშაოდ, მაგრამ საუკეთესო უცხოელ მასწავლებელსაც კი არ გამოსდის მუშაობა ქართველ მოსწავლეებთან. ამ შემთხვევაში, დისციპლინის კონტროლის თემა შემოდის. უცხოელს არ შეუძლია ამის გაკონტროლება. თუ დამხმარე არ ჰყავს, ვერ აკონტროლებს, ვერ ერევა სიტუაციას. საერთოდ, გაკვეთილს ვერ ატარებს.
ეს ენობრივი ბარიერის გამოა?
- არა, ენობრივი ბარიერის გამო არ არის. ეს იმის გამოა, რომ ქართველი მოსწავლეების ხასიათი განსხვავებულია. ქართველ მასწავლებელს იმდენი ენერგიის ხარჯვა უწევს კლასში, რომ მთელი ფინეთის მასწავლებლები აქ რომ ჩამოიყვანო, დარწმუნებული ვარ, ვერაფერს გააკეთებენ საქართველოში. ქართველ მასწავლებელს ჯერ უწევს, მოსწავლეებს შორის დაამყაროს დისციპლინა და ამის შემდეგ ასწავლოს. ეს ორმაგი შრომაა. ამ დროს უცხოელებს კარგი მეთოდი აქვთ, მეთოდებში ჯობნიან ქართველ მასწავლებლებს, მაგრამ მოსწავლეების მართვის დიდი პრობლემა აქვთ.
ჩვენ აქამდე ისეთი სტერეოტიპით ვცხოვრობდით, რომ მორჩილი ქართველი მოსწავლეებისგან განსხვავებით, უცხოელი მოსწავლეები თავისუფლები იყვნენ, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ კლასში, ადგებოდნენ, წამოწვებოდნენ, მიირთმევდნენ საჭმელს.
- პირადად მე დამიქირავებია მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მასწავლებლები, რომლებიც კერძო სკოლებში ასწავლიან საქართველოში. კერძო სკოლებში მათ შედარებით ნაკლები პრობლემა აქვთ, რადგან 10-15 მოსწავლე უზით კლასში, მაგრამ 25 მოსწავლესთან ასეთი მასწავლებლები დამოუკიდებლად ვერ ატარებენ გაკვეთილს, თუკი იქ არ არის ქართველი ადამიანი, რომელიც მოსწავლეებს გააკონტროლებს. ჩემი დაკვირვებით, ქართველ მოსწავლეებთან მუშაობა ორმაგად რთულია. ამიტომ სამინისტროს რომელიღაც ჩინოვნიკი როცა წყვეტს ასეთ საკითხებს, ჯერ ჰკითხოს მასწავლებლებს, ამის სკოლაში დანერგვა კარგი იქნება? წლების განმავლობაში ასე რომ არ ხდებოდა, ამიტომ გვაქვს ასეთი შედეგები. ჩვენი საშუალო სკოლის მოსწავლეს რომ ჰკითხოთ ისტორიის, ან მათემატიკის ცალკეული საკითხები, ვერ უპასუხებს ისე კარგად, როგორც საჭიროა.