„ქართველთა ეთნიკური წმენდის შესახებ საქმეები ისევე უნდა გამოგვეძიებინა, როგორც აზერბაიჯანელებმა და სომხებმა გამოიძიეს“

„ქართველთა ეთნიკური წმენდის შესახებ საქმეები ისევე უნდა გამოგვეძიებინა, როგორც აზერბაიჯანელებმა და სომხებმა გამოიძიეს“

გრიგორი კარასინი დიდსულოვნად გვაფრთხილებს, რომ ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობის გაუარესებისკენ მივყავართ, რაც, თბილისის მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვებისა და უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯების“ მიუხედავად, არასწორია.

თავის მხრივ, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმიც მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტსა და გაეროში დევნილებთან დაკავშირებით შეტანილ რეზოლუციას თბილისი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად იყენებს.

ამის მიუხედავად, ისიც რეალობაა, რომ საქართველო მაინდამაინც ოსტატურად ვერასდროს იყენებდა იმ ფაქტს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა და საკუთარი მიწიდან სწორედ ქართველები აღმოჩნდნენ გამოძევებულნი. ალბათ, ამითაც აიხსნებოდა, საერთაშორისო ასპარეზზე ცალკეულ ადამიანებში გაჩენილი კითხვები ამ მიმართულებით.

უფრო მეტიც, თავის დროზე საქართველომ უარი თქვა აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგებზე ჩატარებული გამოძიებისთვის მსვლელობა მიეცა და ჩვენს პროკურატურაში დღემდე დევს ამ გამოძიების შესახებ 200 ტომი.

უნდა მოხდეს თუ არა ამ საქმეების უფრო მეტად გამომზიურება, თუ ეს ბევრად დაგვაშორებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან?!

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საეჭვოა, აფხაზებსა და ოსებს ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სიის გამო იმაზე მეტად დავშორდეთ, რაც უკვე ვართ დაშორებულნი. უბრალოდ, კარასინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობს ამას, რადგან ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეებში, მართალია, ეთნიკურად ოსები და აფხაზები ფიგურირებენ, მაგრამ, ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, იქ კიდევ უნდა იყვნენ ჩართულნი რუსეთის მოქალაქეებიც.

„ესეც „საინტერესოა“, როგორ შეიქმნა ეს სია და რამდენი მკვდარი ადამიანი შეიყვანეს ამ სიაში. თუმცა აქ მთავარია, რომ რუსეთის მოქალაქეების ინტერესების შებღალვაზე უფრო ზრუნავს ბატონი კარასინი და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. ეს შეიძლება გახდეს საქართველო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობებს შორის კიდევ ორი ტალღის აგორების მიზეზი. რაც შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის შესახებ პროკურატურაში არსებული 200 ტომის გამოძიებას, ეს საქმეები ჩვენ უნდა გამოგვეძიებინა ისე, როგორც აზერბაიჯანელებმა და სომხებმაც ჩაატარეს მსგავსი გამოძიება. ჩვენ უნდა დაგვედო დასკვნა, თუ რა მოხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მაგრამ სააკაშვილს საერთოდ არ ჰქონდა კავკასიური პოლიტიკა, ამის გაგებაში არ იყო. ამდენად, ეს გამოძიება უნდა ჩაგვეტარებინა, ოღონდ -არა სააკაშვილის პერიოდში“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცნობილი ფაქტია, ვინმეს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას, დიდი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში, მოჰყვება ხოლმე კონტრქმედება. შესაბამისად, ჩვენს ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, თუკი ის შეიმუშავებდა აღნიშნულ სიას, მეორე მხარეც ამას უპასუხოდ არ დატოვებდა.

„მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ჩამოთვლილი არიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართველთა მკვლელობაში, წამებასა და სხვა არამართლზომიერ ქმედებაში, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანურობის პრინციპს. თუმცა პირდაპირ ვთქვათ ისიც, რომ ომის დროს იყვნენ ცალკეული ქართველები, რომლებიც, ასევე, მონაწილეობდნენ როგორც ოსების, ისე აფხაზების მიმართ არაჰუმანურ ქმედებებში. პირადად მეც მომისმენია ასეთი ისტორიები აფხაზეთის ომის მონაწილეების შესახებ. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გაგვეთვალა. მეორე მხრივ, როგორ უნდა მომხდარიყო ეთნიკური წმენდის გამოძიება, როდესაც საგამოძიებო ორგანოებს 1993 წლიდან არ ჰქონდათ წვდომა იმ ადგილებზე, სადაც ეთნიკური წმენდა განხორციელდა. შესაბამისად, აფხაზები და მათ უკან მდგომი რუსები საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეუშვებდნენ აფხაზეთში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. როგორც იცით, ჰააგის ტრიბუნალის გამოძიებაც მიმდინარებს, მაგრამ გამომძიებლებს არ უშვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასალის მოსაძიებლად“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

რაც შეეხება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და იმ სიას, რომლის წარდგენასაც აპირებენ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, აქ საინტერესოა, საერთაშორისო თანამეგობრობა რამდენად მიიღებს ამ სიებს. ცხადია, ეს სია ურთიერთობას გაგვირთულებს აფხაზეთთანაც, ცხინვალის რეგიონთანაც, რადგან ისედაც წკიპზე გვიჭირავს ეს ურთიერთობები.

ექსპერტი აცხადებს, რომ პირადად არ გასცნობია საგამოძიებო მასალებს, რომ ცალსახად ჩამოყალიბებული პასუხი ჰქონდეს, მართლა იყვნენ თუ არა ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სიაში მოხვედრილი ადამიანები დამნაშავეები, მართლაც ჩაიდინეს თუ არა მკვლელობა, ეს ყველაფერი უნდა გამოიძიონ. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს შს სამინისტროს აქვს საკმარისი მტკიცებულებები, თორემ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავს არ მოიჭრიან, რომ მტკიცებულებების გარეშე წარადგინონ თავიანთი ვერსია.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ამ სიის შედეგი მაინდამაინც დიდი ვერ იქნება, რადგან ის ადამიანები, ვინც სიებში არიან მოხსენიებულნი, ხშირად საზღვარგარეთ არც მგზავრობენ და არც საბანკო ანგარიშები უნდა ჰქონდეთ. ისინი ჩვეულებრივი რიგითი ადგილობრივები არიან, რომლებიც შესაძლოა, ცხინვალის ფარგლებსაც არ გასცილებიან. უბრალოდ, ამ სიას შესაძლოა, ჰქონდეს მინიმალური საინფორმაციო შედეგი და ზეგავლენა იქონიოს ცალკეულ დასავლელ პარლამენტარებზე, მაგრამ ის, რომ ამას დიდი შედეგი მოჰყვება, რასაც ამ სიის შემდგენლები ფიქრობენ, ეს სკეპტიკური მოსაზრებაა. ამდენად, ეს უფრო საერთაშორისო არენაზე გადადგმული პოლიტიკური პროპაგანდისტული ნაბიჯია.