რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია „სახალისო ისტორიების“ მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. დღევანდელ მოგონებებში სიტყვას გამოჩენილ ქართველ მსახიობებს გადავცემთ.
ცნობილი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი ასეთ ისტორიას ყვებოდა:
„1986 წლის ზაფხულში ჩემს ორ მეგობართან ერთად მოსკოვში ვიმყოფებოდი. ახალგაზრდები ვართ. რომ იტყვიან, სისხლი გვიდუღს. რა დასამალია და სამი მაგარი „ნაშა“ „მოვხსენით“. რა თქმა უნდა, რესტორანში უნდა წავიყვანოთ. ფულის ნაკლებობას არ განვიცდიდით, მაგრამ პრობლემა თავისუფალი ადგილი იყო. როგორც წესი, მოსკოვის ყველა რესტორანში, ისევე როგორც კულტურულ დაწესებულებებსა თუ სავაჭრო ცენტრებში ყოველთვის გრძელი რიგები იდგა. ყველა მორჩილად ელოდა თავის რიგს და ურიგოდ ვერ შეხვიდოდი. გვინდოდა, ახლა „ნაშებთან“ ერთად თავმომწონე ქართველებს რიგში დგომა რესტორანში შესასვლელად? არა. და იმის საშუალებაც არაა, რომ შვეიცართან მიხვიდე, ხუთი თუმანი ჩაუდო და ადგილი „გაგიჩითოს“. ვფიქრობ, რა ვქნა, რა ვქნა-მეთქი და ერთი აზრი მომივიდა თავში. გადავედი რკინეულობის მაღაზიაში. ვიყიდე რკინის წებო. ხელზე დავისხი. დავაცადე, სანამ გახმა. შემდეგ კი ჩემს მეგობრებთან და „ნაშებთან“ ერთად რესტორნის რიგს მივუახლოვდი. საბრალო სახე მივიღე. ხელიდან გამხმარ წებოს ვიძრობ (ვითომ კანს), თან, ვამბობ, გაგვატარეთ, მოქალაქეებო, ურიგოდ გვეკუთვნის. ჩერნობილიდან გუშინ ჩამოვედით-მეთქი. ამ ფრაზის გაგონებასა და ამძვრალი კანის დანახვაზე, უზარმაზარი რიგი უმალვე დაიშალა, რომ რადიაცია არ გადაგვედო და რესტორანში ამოვყავით თავი.
დავსხედით, შეკვეთა მივეცით და მხიარულად ვსაუბრობთ. უცებ გავიხედე და რას ვხედავ – რესტორანი ნელ-ნელა იცლება სტუმრებისგან. თან ჩვენ გვიყურებენ, ხოლო მიმტანები (ოფიციანტები) კი, სათოფეზეც არ გვეკარებიან, რომ არ დასხივდნენ. როცა ყველაფერს მივხვდი, უკვე გვიან იყო. მილიცია და რადიაციული სამსახური ერთდროულად მოვიდა. ექვსივე საავადმყოფოში გაგვაქანეს და მანამდე გვაყურყუტეს იქ, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ არ ვასხივებდით. ასე ჩაგვმწარდა „ნაშებიც“, რესტორანიც და სულ კბილების ღრჭიალით წამოვედით საავადმყოფოდან.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გუგული მგელაძე ერთ-ერთი თავისი მეგობრის მეჯვარე იყო. ქორწილის დღეა. ახალგაზრდები ელეგანტურად გამოეწყვნენ და მაყრიონთან ერთად „ქალის წამოსაყვანად“ გაემართნენ ერთ-ერთ ახლად აშენებულ კორპუსში, საბურთალოზე.
ბატონი გუგული იხსენებდა: „კორპუსთან დიდი „პიპინ-სიგნალებით“ მივგრიალდით და ყველას გავაგებინეთ, რომ მოვედით. სადარბაზოსთან დამხვდურების ჯგუფი იდგა, რომელიც ქალის სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდა. მე და ჩემმა მეგობარმა (სიძემ) ორას-ორასი მანეთი დავტოვეთ ქვევით (მთელი ფული, რაც გაგვაჩნდა) და მხოლოდ ამის მერე აგვიყვანეს მეცხრე სართულზე. შეგვიყვანეს ბინაში, სადაც საქორწილოდ გამოწყობილი პატარძალი იმყოფებოდა და გვითხრეს, წაიყვანეთო.
– ეს ჩემი საცოლე არაა... – ამოღერღა ჩემმა მეგობარმა, როდესაც ქალი შეათვალიერა. პატარძალიც კოპებშეკრული უმზერდა დაუპატიჟებელ სიძეს.
საქმე კი ის იყო, რომ იმ დღეს იმ კორპუსიდან ორი საპატარძლო უნდა წაეყვანათ. ჩვენი უფრო ზემოთ ცხოვრობდა – მეთერთმეტეზე. დამხვდურები კი სხვა ქორწილისა იყვნენ. აბა, ფულს ვინღა დაგვიბრუნებდა ან ვინ დაიწყებდა ამაზე „ჩალიჩს“... რა გაეწყობოდა, ორი სართულით ზემოთ ავიწიეთ და ჩვენი პატარძალი ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე, „პოსლეზე“ წამოვიყვანეთ“.
რამაზ ჩხიკვაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:
„მე და გია ბადრიძეს ერთი თანაკლასელი გვყავდა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან მას მთელი ქვეყანა იცნობს. ერთი სიტყვით, ეს ადამიანი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს, რომ წიგნები უყვარდა, მათ კითხვაში ღამეებს ათენებდა და ასე შემდეგ. მისი დაბადების დღე მაისის მიწურულს იყო, ბოლოს წინა კლასში ვსწავლობდით და თექვსმეტი წლის რომ შესრულდა, მე და გიამ მას დიუმას უზარმაზარი კრებული ვუყიდეთ, ხოლო მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე გვერდებს შორის ორი ცალი მაშინდელი ოცდახუთმანეთიანი ჩავუდეთ იმ მიზნით, რომ როცა წიგნს წაიკითხავდა, ფულს იპოვიდა და გაუხარდებოდა... კოხტად შეფუთული საჩუქარი ჩვენს მეგობარს სკოლაში მივუტანეთ. მეორე დღეს კი არდადეგები დაგვეწყო და ისე მოხდა, რომ ყველანი წავიდ-წამოვედით და სექტემბრამდე ერთმანეთი არ გვინახავს.
პირველი სექტემბერია. ბიჭები სკოლაში შევიკრიბეთ. აქვეა ის ჩვენი კლასელიც, ვისაც ფულიანი წიგნი ვაჩუქეთ. ველოდებით, რომ გვეტყვის, ბიჭებო, მადლობა ფულისთვისო. თუმცა ხმას არ იღებს. არც ჩვენ გვითქვამს არაფერი და შევთანხმდით, რომ მის სახლში ვიქეიფებდით. ფული შევაგროვეთ და მასთან ავედით. შუა ქეიფის დროს სასმელი გამოგველია. ფული კი აღარ გვქონდა. გია ბადრიძემ წიგნების თაროს შეხედა, შემდეგ თვალი ჩამიკრა. წამოდგა. დიუმა გადმოიღო. მეთექვსმეტე გვერდზე გადაშალა და ორი ოცდახუთმანეთიანი ამოიღო, რომელიც ჩვენს მასპინძელს სამი თვის წინ ვაჩუქეთ. ჩვენი ძმაკაცი სირცხვილისგან გაწითლდა. გიამ კი მხარზე ხელი მოუთათუნა. და უთხრა:
– კიდევ კარგი, მართლა არ გიყვარს კითხვა, თორემ ეს ორმოცდაათი მანეთი აქ ხომ აღარ იდებოდაო.
შემდეგ გია გასტრონომში ჩავიდა, სასმელი ამოიტანა. ქეიფი გავაგრძელეთ და მთელი საღამო „წიგნების მოყვარულთა“ სადღეგრძელოებს ვსვამდით...“
წერილის დასასრულს სიტყვას ბატონ გურამ ფირცხალავას გადავცემთ.
„ჯარში სამსახური დასავლეთ უკრაინაში მომიწია. ხუტორი იყო ერთი, კალინინკა და ჩვენი „პეხოტნი პოლკი“ იქ ვიდექით. ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი, რუსი პეტრე კუზმინი ნაწილიდან „ვილისით“ მეორე ხუტორში გაგვგზავნეს, თან ნახევარი ტონა მარცვალი გაგვატანეს დასაფქვავად, რადგან მთელ იმ მიდამოში მხოლოდ ერთი წყლის წისქვილი იყო, რომელიც „მიკიტა ამბალს“ (ამბალი მოსული ტანის კაცი) ეკუთვნოდა. რომ მივედით, მასპინძელმა გვითხრა: ბევრი საფქვავი გვაქვს, ღამით დაცდა მოგიწევთ და დილით წაიღეთო. მე და პეტრემ ტომრები ჩამოვცალეთ და მაგიდას მივუსხედით, რომელიც მასპინძლის მეუღლემ გაგვიშალა. სუფრაზე არაყიც იყო და სმას შევყევით. პეტრე მალევე დათვრა და „ვილისში“ სკამზე მიიძინა. მე და მიკიტამ კი სმა გავაგრძელეთ. ამასობაში ხუტორში ახალგაზრდა ქალი მოვიდა და მანაც საფქვავი მოიტანა. მიკიტამ მასაც ასე უთხრა: ღამით აქ დარჩი, ჩემს სახლში გაათენე და დილით ფქვილი წაიღეო. ცოლს კი გასძახა: ნიურა, ჩვენს სტუმარ ქალს აივანზე გაუშალე ლოგინიო. ქალები რომ წავიდნენ, შექეიფიანებულმა მიკიტამ მითხრა:
– ამაღამ ამ ქალს გავაფორმებ და ხმასაც არ ამოიღებს. ცოლს სწორედ ამიტომ ვუთხარი, რომ მისთვის საწოლი აივანზე გაეშალაო.
სმას რომ მოვრჩით. რადგან შუქი არ იყო, მასმპინძელმა ჭრაქი აიღო და ორსართულიანი სახლისკენ გასწია. მე კი „ვილისში“ პეტრეს მივუწექი გვერდით. ორიოდე საათი რომ გავიდა, მასპინძელმა გამაღვიძა და მეუბნება:
– ადე, ჭაბუკო. არ გინდა, სტუმარ ქალთან დაწვე. იცი, რა კარგიაო?
აბა, ასეთ წინადადებაზე უარს როგორ ვიტყოდი და გულის ფანცქალით ავედი. მიკიტამ კი დამმოძღვრა:
– ჩუმად ადი. ქალს ფეხაკრეფით მიუახლოვდი და უთხარი, არ იყვირო, ისევ მე ვარ-თქო...
ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მასპინძელმა მითხრა.
დილით კი ცოლ-ქმარს გამოვემშვიდობეთ. დაფქვილი ხორბალი მანქანაში ჩავტვირთეთ, ქალიც ჩავსვით თავის ტომრიანად და წისქვილიდან წამოვედით. ჩვენი მეგზური ენაწყლიანი ქალი აღმოჩნდა და საუბარი გაგვიბა... რა კეთილი ქალი იყო დიასახლისი, თვითონ აივანზე დაწვა, მე კი თავის საძინებელში დამაწვინაო... ამ სიტყვების გაგონებაზე გავშრი. ასე გამოვიდა, რომ „ამბალი“ ჯერ თვითონ დაწვა თავის ცოლთან, მერე კი მეც მასთან დამაწვინა“.