შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის აზრით, უმჯობესია, საბაზისო განათლება სკოლებში 9 წლის ნაცვლად 10 წლით (10 კლასით) განისაზღვროს. ასევე, გაცილებით ლოგიკური იქნება გამოსაშვები გამოცდების აღნიშნულ საფეხურზე გადატანა.
ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის მინისტრობისას აპირებდნენ აღნიშნულ ბრიტანულ მოდელზე გადასვლას, რაც სავალდებულო საშუალო განათლების 10-კლასიან სისტემას გულისხობდა, ხოლო შემდგომი ორი წელი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტისთვის მოსამზადებლად. იმდროინდელი მოდელით, მოსწავლეს შეეძლო 10 კლასის შემდეგ მუშაობა დაეწყო, ან პროფესიულ სასწავლებელში გაეგრძელებინა სწავლა.
განათლების სფეროს მესვეურები იმთავითვე აცხადებდნენ, რომ სავალდებულო 9-წლიანი სწავლების 10-წლიანით ჩანაცვლება საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რჩევა იყო.
დღეს რა პერსპექტივა აქვს 10-წლიანი საბაზისო სწავლების შემოღებას?!
კოალიცია „განათლება ყველასათვის“ თავმჯდომარე ირინე ხანთაძე For.ge-სთან საუბარში 10-წლიან საბაზისო სწავლებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ განათლების საფეხურის ათ წლამდე აწევა გონივრული გადაწყვეტილება იქნება.
ირინე ხანთაძის აზრით, მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროისთვის, ანუ მე-10 კლასისთვის მოსწავლე უკვე ქმედუნარიანია, ამ პერიოდში მისი მზაობა გაცილებით უფრო მაღალია და, თუკი მას არ სურს საშუალო განათლების მიღება, თავადვე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.
„მოსწავლეს დამოუკიდებლად შეუძლია აირჩიოს ან შრომით ბაზარზე გასვლა, ან პროფესიული განათლების მიღება. ეს 10-წლიანი სწავლების სასარგებლოდ ერთი არგუმენტია, ხოლო მეორე არგუმენტია, რომ კურიკულუმის (საგანმანათლებლო პროგრამის) გათვალისწინებით, ბევრად უფრო გონივრულია, რომ საბაზისო საფეხური 10-წლიანი იყოს. ზოგადად, ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა მსოფლიო მასშტაბით და საბაზისო საფეხური სწორედ ამ წლების მოცულობითაა განსაზღვრული ყველგან, ანუ სწავლება 10-კლასიანია. სხვათა შორის, ამის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ განათლების სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები. სამინისტროს შიგნითაც იმსჯელეს ამაზე და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესების დროს ეს საკითხი არაერთგზის წამოჭრეს. ასე რომ, მაია მიმინოშვილის განცხადება სულაც არ არის მოულოდნელი. უბრალოდ, გონივრული იქნება, თუკი ამაზე დისკუსია გაიმართება. შესაბამისად, გადაეწყობა ეროვნული სასწავლო გეგმაც, რაც უკვე შემდგომი ეტაპი იქნება“, - აცხადებს ირინე ხანთაძე.
განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მათი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ საბაზისო საფეხური 10-წლიანი გამხდარიყო, რაც საშუალებას მოგვცემდა, საბაზისო განათლების საფეხურზე გაცილებით უფრო მეტი დრო დაგვეთმო მოსწავლეებისთვის. შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდების ბევრად უფრო მეტი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში გაივლის სასწავლო კურსს და მეტი დრო ექნება საბაზისო დონის ასათვისებლად.
„რაც შეეხება სასკოლო გამოცდებს, ჩემი აზრით, სასკოლო გამოცდებზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია ეროვნული შეფასებების შემოტანა, რასაც პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ეროვნული შეფასებები გაცილებით უფრო სიღრმისეული უნდა იყოს, ვიდრე ეს არის CAT-ის გამოსაშვები გამოცდები. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე შეფასებები დროულად უნდა აწარმოონ და, ასევე, სახელმწიფომ შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. ეს უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც განათლების სხვადასხვა საფეხურზე შეიძლება არსებობდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, შევძლოთ პრობლემების იდენტიფიცირება იმ დროს, როცა მათი გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება და არა 12 წლის გასვლის შემდეგ“, - მიიჩნევს რევაზ აფხაზავა.
For.ge თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ ელიზბარ ელიზბარაშვილსაც დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ 9-წლიანი, თუ 10-წლიანი სწავლება არაფრის მაჩვენებელი არ არის, მთავარია, კონცეფცია როგორი იქნება.
„პირადად მე მხარს ვუჭერ დიფერენცირებულ სწავლებას, ანუ საბუნებისმეტყველო და არასაბუნებისმეტყველო საგნების შემოღებას. ეს ახლა რამდენ წელში ჩაეტევა და როგორ ჩაეტევა, ცალკე განხილვის საგანია და ასე მარტივი არ არის. თუ აბიტურიენტი საბუნებისმეტყველო საგნებს ირჩევს, მაშინ საბუნებისმეტყველო ძირითადი საგნები უფრო ღრმად უნდა შეისწავლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული საგნები არ გაიაროს. თანაც, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დამამთავრებელ კლასებში“.