„წინა წლებში მარტვილში 47-გრადუსიანი სიცხეც კი დაფიქსირებულა ივლისის თვეში“

„წინა წლებში მარტვილში 47-გრადუსიანი სიცხეც კი დაფიქსირებულა ივლისის თვეში“

აუტანელი სიცხის გამო ყველა ადამიანი თავისებურად მსჯელობს. ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი გოლა-რეზა ჯალალი ირწმუნება, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მეტეოროლოგიურ ომს აწარმოებს, ანუ ისრაელი ირანიდან ღრუბლებს იპარავს.

მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები ირანში ეჭვს იწვევს, რაც ნიშნავს, რომ სიონისტური მტერი კლიმატის მანიპულირებას ახორციელებს და ხელს უშლის ნალექის წარმოქმნას ირანში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანში გვალვის მიზეზებს გარე ძალებში ეძებენ. 2011 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა სპეციალური მოწყობილობების გამოყენებაში ევროპა დაადანაშაულა და განმარტა, რომ სპეციალური მოწყობილობა ირანის ნაცვლად წვიმის მოსვლას ევროპის თავზე იწვევდა.

საქართველოში სიცხეების გამო არავის ადანაშაულებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ივლისის თვეში უჩვეულო არაფერი ხდება და ის კი არა, წლების წინ 47 გრადუსიანი სიცხეც კი დაფიქსირებულა მარტვილში.

როგორც For.ge-სთან საუბარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა აცხადებს, ივლისის თვე საქართველოში ყველაზე ცხელია.

თუ როდემდე შენარჩუნდება სიცხეები და მთლიანობაში როგორი ივლისი გველის, ამის შესახებ სპეციალისტი აცხადებს, რომ ცხელი ამინდები, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში 3-5 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალური ტემპერატურა ისევ დაახლოებით 36-39 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ დაბლობსა და სანაპირო რაიონებში ფიქსირდება 30-დან 32 გრადუსამდე, მაგრამ უკვე 5 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველო უფრო იგრძნობს აგრილებას, რადგან იქ მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსს ქვევითაა მოსალოდნელი. საუბარია 27-დან 29 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში კი, მართალია, 5 ივლისიდან 8-ის ჩათვლით ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, მაგრამ ცხელი ტემპერატურა მაინც შენარჩუნდება დაახლოებით 30-დან 36 გრადუსის ფარგლებში იქნება. ე.ი. სიცხეების მიმართ მგრძნობელობა აღმოსავლეთ საქართველოში კვლავაც დარჩება, მაგრამ კრიტიკული ტემპერატურა 40-41 გრადუსი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

„კლიმატური მონაცემების თანახმად, ასეთი სიცხეები ივლისის დასაწყისში ნამდვილად ყოფილა, ივლისის შუალედში ხდებოდა ხოლმე ტემპერატურის კლება და შემდეგ ისევ ივლისის ბოლოს ტემპერატურა იწევდა მაღლა, რაც ჩაითრევდა აგვისტოს თვის დასაწყისსაც. მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთში 43-45 გრადუსზე მეტიც ფიქსირდებოდა იმერეთსა და სამეგრელოში და, აგრეთვე, ცხელოდა სანაპირო რაიონებშიც“, - აღნიშნა დოდო გვაზავამ და შეკითხვის საპასუხოდ, დავუკავშიროთ თუ არა ეს სიცხეები აპრიორი გლობალურ დათბობას, განმარტა, რომ ივლისის მთლიანი შეფასება მოხდება თვის ბოლოს და 25-დან 27-ის ჩათვლით გამოჩნდება ივლისში იყო თუ არა ანომალია. ზოგადად, ივლისის თვეში მთელ საქართველოში ტემპერატურა ყოველთვის 39-39, 9 შორის მერყეობდა.

დოდო გვაზავა სიცხის ერთ-ერთ მიზეზად ივლისის თვეში ნაკლებნალექიანობასაც ასახელებს, რის გამოც საქართველოში ყოველთვის ცხელი თვეა ივლისის თვე. მისი თქმით, ნაკლებნალექიანობის გამო გამომშრალია ჰაერი ვერ ნოტივდება, ხმელეთის გაგრილება არ ხდება, ამიტომ მზიდან მიღებული სხივები, რომლებიც პირველად ეცემა დედამიწის ზედაპირს, ახურებს მის ქერქს და გამოასხივებს ამ სითბოს, ათბობს მის გარშემომყოფ ჰაერის მასებს, რაც გარს აკრია დედამიწას.

„მართალია, მიმდინარე წლის 8-9 ივლისს კიდევ აიწევს ტემპერატურა, მაგრამ ეს არ მიუახლოვდება 39 გრადუსს. ატმოსფერული ცვლილება შეიგრძნობა უკვე 11-12-ში და ტემპერატურა ოდნავ დაეცემა. რაც შეეხება აგვისტოს, როგორც წესი, ფერისცვალებამდე დღის ხანგრძლივობა იკლებს, მზე ცოტათი იხრება გვერდით და აღარ არის ისეთ ზენიტზე, როგორც ივლისის თვეში. მოგეხსენებათ, სიცხის ძირითადი გამომწვევი არის მზე, მზიდან წამოსული ენერგია. შუადღის საათებში, განსაკუთრებით, 2-დან 4 საათამდე მზე ზენიტშია და დედამიწის ზედაპირი ამ ენერგიას ღებულობს. მართალია, ატმოსფეროს სხვადასხვა ფენებში განიცდის ეს ენერგია ტრანსფორმირებას, მაგრამ მაინც პირდაპირი კუთხით ეცემა დედამიწის ზედაპირზე. აგვისტოს თვეში კი ტემპერატურა იკლებს, რადგან დედამიწა იხრება განსხვავებული კუთხით მზესთან შედარებით; ასევე, აგვისტოზე მოქმედებს დღის ხანგრძლივობის შემცირებაც და ფერისცვალებიდან მოყოლებული ყოველთვის აგრილდება ხოლმე“.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, დოდო გვაზავა გვირჩევს, რომ უფრო მეტად სიმწვანეში გავიდნენ ადამიანები, მიეჩვიონ ყოფნას იქ, სადაც ბალახია, 12 საათის შემდეგ მზეზე არ ისეირნონ. ჯანდაცვის სპეციალისტების რჩევისამებრ, მიიღონ ბევრი სითხე, ჩაიცვან ღია ფერის ტანსაცმელი, წყალი შეისხურონ, ხშირად მიიღონ აბაზანა და სინოტივე შეუნარჩუნონ სხეულს.

მისივე განმარტებით, წინათ ზაფხულობით ცარიელდებოდა ქალაქი და თითქმის ყველა სოფლად მიდიოდა, ახლა კი ყველანი რატომღაც დედაქალაქში ვართ, ამ სიმხურვალეში. ამას ემატება მანქანების გამონაბოლქვიც, არ განიტვირთება ქალაქი, მანქანები ცხელდება და აფრქვევს სიცხეს.

„სიცხეები საღამოს 6-7 საათამდეც ნარჩუნდება, რადგან დედამიწა გაგრილებას ვერ ასწრებს. თუკი ზამთარში უცბად დავარდება ტემპერატურა, ზაფხულში ტემპერატურა იკლებს ძალიან ნელა. ამიტომ ღამის 12 საათამდე მაინც ცხელა და მერე შეიძლება გაგრილდეს და დაიკლოს ტემპერატურამ“, - აღნიშნა დოდო გვაზავამ For.ge-სთან საუბარში.