დონალდ ტრამპი არ მალავს, რომ პუტინი არც უყვარს და არც სძულს. სამაგიეროდ, ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ მას ესიმპათიურება ტრამპი, ოღონდ გარემოცვას უწუნებს. სულ მალე პუტინის ოცნება ახდება და ტრამპთან ასე ნანატრ შეხვედრას გამართავს. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის საქართველოს საკითხი არ მოხვდა, მაგრამ რას დათმობს და არ დათმობს დონალდ ტრამპი, ეს უკვე 16 ივლისს გაირკვევა.
რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ამ შეხვედრის წინ, ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
პუტინს ტრამპთან შეხვედრის არაერთი მცდელობა ჰქონდა. იგი გამუდმებით აქებდა დონალდ ტრამპს და ირწმუნებოდა, რომ ტრამპის გარემოცვა ხელს უშლიდა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს. ამ შეხვედრის შემდეგ როგორი გახდება მსოფლიო?
- გეთანხმებით, რომ პუტინს მართლაც ჰქონდა მოლოდინი, რომ შეხვდებოდა ტრამპს, როგორც ჩანს, ტრამპმაც ამ ბოლო დროს რუსული კარტის გათამაშება საკმაოდ ინტენსიურად დაიწყო. ჯერ იყო და, დიდ შვიდეულში რუსეთის გაწევრიანება მოითხოვა, გარკვეულწილად, რუსეთისთვის ყირიმის კუთვნილების დოქტრინაც შემოაგდო, რაც ძალზე გასაკვირია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ახლაც სწორედ ტრამპის ინიციატივით იმართება პუტინთან შეხვედრა, რადგან სწორედ ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ჩადის მოსკოვში და არა უშაკოვი, რომელიც პრეზიდენტ პუტინის პირადი თანაშემწეა საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში. ანუ უშაკოვი კი არ ჩადის ვაშინგტონში, არამედ პირიქითაა. ფაქტობრივად, ტრამპმა გადადგა ნაბიჯები იმისთვის, რომ პუტინთან სიტუაცია დაარეგულიროს. როგორც ჩანს, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ტრამპსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა.
ტრამპმა გამოაცხადა ჩინეთი მტრად, როგორც სამხედრო, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით. ასევე, ტრამპს დაეძაბა ურთიერთობა საკუთარ მეზობელ კანადასთან, რაც პირველად მოხდა ამერიკასა და კანადას შორის მთელი 60 წლის განმავლობაში. მექსიკასთან მიმართებითაც ტრამპს სერიოზული გამოწვევა აქვს, რადგან პრეზიდენტი ლოპესი, რომელიც აირჩიეს, ჩავესის მსგავსად მემარცხენეა. ადრეც საუბრობდნენ, რომ რუსეთი ცდილობდა მექსიკის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და იქაც აპირებდა ჩარევას, რათა მოეყვანა ჩავესისნაირი მემარცხენე რადიკალი, რომელიც რუსეთთან დაარეგულირებდა ურთიერთობას და რუსეთის მარიონეტი იქნებოდა ისევე, როგორც ჩავესი იყო ლათინო ამერიკის რეგიონში. აქედან გამომდინარე, ასეთი ურთიერთობები სერიოზული გამოწვევაა აშშ-ის ლიდერისთვის. ტრამპის ფაქტორის გამო ყველასთან დაეძაბა ურთიერთობა ამერიკას. ამერიკის საგარეო პოლიტიკა პროგნოზირებადი და სტაბილური, სამწუხაროდ, აღარ არის. მით უმეტეს, დღეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა წყდება სამ ძირითად შიდა ინსტიტუციონურ დონეზე, ანუ ის ჰომოგენური აღარ არის, როცა ამერიკის საგარეო პოლიტიკას წყვეტდა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსენსუსის დონეზე. დღეს საგარეო პოლიტიკა განაწილებულია სამ ძირითად აქტორზე: პირველი, ეს არის ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც ისე უბერავს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, რომ არ ეკითხება დანარჩენ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს; მეორე, ესენი არიან ნეოკონსერვატორები (ანუ ჩეინი, კოგანი, ჩვენი ძმა და მეგობარი მაკკეინი) და მესამე, ეს არის დემოკრატების ფრთა, ანუ ნეოლიბერალები - მიტჩელი და სხვები, რომლებიც არიან დემოკრატიული პარტიის მეხოტბეები და საგარეო პოლიტიკაზეც ახდენენ გავლენას. ნეოკონსერვატორებსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირების ფონზე ყალიბდება ამერიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ეს მათ ეტყობათ კიდეც, რადგან საქართველოსთან მიმართებით ნეოკონსერვატორებს აქვთ აღებული პრივილეგია, ტრამპის ადმინისტრაცია ნაკლებად ერევა საქართველოში არსებულ სიტუაციაში. ამიტომაცაა, რომ ამერიკის ელჩი აქამდე არ დანიშნულა საქართველოში და როდის დანიშნავენ, არავინ იცის, რადგან საკმაოდ სერიოზული კონკურენციაა. ნეოკონსერვატორები არიან ოპოზიციაში ტრამპის მიმართ, მაგრამ მაინც გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტის კუთხით სწორედ მათი გავლენის ფონზე ხორციელდება, მათი პოლიტიკური სიმპათიები ჩანს კიდეც „ევროპული საქართველოს“ მიმართ. ვერ ვიტყოდი, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით ქაოტურია, მაგრამ ეს პოლიტიკა ნამდვილად არის ცალმხრივი. საქართველოსთან მიმართებით ნეოკონსერვატიული ისტებლიშმენტის ინტერესები უფრო ჩანს, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის. როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ არ არის საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებული.
მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია მეგობრობდა ყოფილ პრემიერთან.
- ტრამპის ადმინისტრაცია აპირებდა ურთიერთობის დალაგებას გიორგი კვირიკაშვილის დაჯგუფებასთან. როგორც ჩანს, ამერიკელ ნეოკონსერვატორებთან „ქართულ ოცნებას“ დაძაბული ურთიერთობა გააჩნია. „ქართული ოცნების“ შემადგენლობა ცდილობს, საერთო გამონახოს ან დემოკრატებთან, ან ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მათთან ურთიერთობა როგორმე დაალაგოს, თუმცა კვირიკაშვილს ჰქონდა საკუთარი ინტერესები. მას უნდოდა, მოეხდინა „ქართულ ოცნებაში“ გადატრიალება და მისი დაჯგუფება ყოფილიყო ძლიერი. ამ პოლიტიკურ ინტრიგებს გადაყვა კიდეც კვირიკაშვილი, ანუ ამით მინდა ვთქვა, რომ საგარეო პოლიტიკა ახდენს გავლენას საქართველოში ფიგურების განლაგებაში. რუსეთთან დაკავშირებით კი გაცილებით უფრო დიდი ფსონებია. ნეოკონსერვატორები არიან რადიკალი რუსოფობები, დემოკრატებსაც აქვთ დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან და ტრამპი სწორედ ცდილობს, რუსეთის ფაქტორი გამოიყენოს თუნდაც შიდა პოლიტიკური ბრძოლების დასაბალანსებლად. ისედაც ტრამპს აბრალებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობით მან საპრეზიდენტო არჩევნებში მანიპულაცია მოახდინა. რობერტ მიულერის ცნობილ კომისიას ვგულისხმობ. ამიტომ, როგორც ჩანს, ტრამპმა იფიქრა, ჯობს, დავდო ფსონი რუსეთზე და ეს შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის გამოვიყენო. ხოლო საგარეო პოლიტიკაში მას უკვე გაუჩნდნენ სერიოზული მოწინააღმდეგები ევროკავშირისა და ჩინეთის სახით, რომლებიც თვითონვე გამოაცხადა მტრებად. ამდენად, რუსეთით ცდილობს დააბალანსოს ვითარება.
ფაქტია, რომ ორივე ლიდერი ცდილობს, მსოფლიოს თვალში გამარჯვებულად წარმოჩნდეს. ტრამპის შემთხვევაში, პუტინთან შეხვედრის პრელუდია იყო ჩრდილოეთ კორეის მოუთოკავი ლიდერის კიმ ჩენ ინის მოთოკვა.
- ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს, დააბალანსოს დასავლეთთან ურთიერთობა, რადგან, თუ სანქციების შერბილებაზე იქნება საუბარი, ეს უნდა დაიწყოს ამერიკისგან, რადგან სწორედ ამერიკის ინიციატივა იყო სანქციების შემოღება. ამიტომ პუტინი შეეცდება, ეს პოლიტიკა შეარბილოს ტრამპის მეშვეობით. ამასთან, აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზეც იქნება საუბარი, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეეცადონ აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარებას, ან კონსენსუსის მიღწევას. მესამე, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრა შეეხოს, ასევე, საერთაშორისო ნავთობის თემასაც.
გულისხმობთ ნავთობზე ფასების აწევას, რაც ირანის სანავთობო ექსპორტის საწინააღმდეგოდ სჭირდება ამერიკას, რადგან გლობალურ ბაზარზე ირანული ნავთობის მიწოდების შემდეგ საწვავი გაიაფდა?
- არა მარტო ირანი, აქ საუბარია იმაზეც, რომ დღეს უკვე ამერიკა გადაიქცა მსხვილ ნავთობმწარმოებლად, საუბარია, ასევე, დაჭირხლულ გაზსა და ფიქალის გაზზე. ნავთობის თემა მნიშვნელოვანია, რადგან ამ თემამ გლობალური პარამეტრები მიიღო, რუსეთში ნავთობის ფასი მატულობს, ნავთობის ბაზარზე უკვე ქაოსი შეიქმნა, რადგან ამერიკის გამოჩენამ უკვე შეცვალა დისბალანსი ნავთობის ბაზარზე. ამიტომ ამერიკამ და რუსეთმა უნდა მოილაპარაკონ ნავთობის ფასების შესახებ. გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ სტრატეგიული შეიარაღების, გლობალური შეიარაღების თემა, რომელიც, ასევე, აღელვებს ორივე მხარეს. საქართველოს საკითხი კი ვის აინტერესებს, ნატოს სამიტზე თუ განიხილავენ, ამაზეც დიდი მადლობა უნდა ვთქვათ.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრით ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებს არ აქვთ კონკრეტული შედეგის მოლოდინი. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას?
- ბოლოს და ბოლოს, პოზიციების და ინტერესების დაფიქსირება მაინც მოხდება, ამიტომ ამ შეხვედრას აქვს მნიშვნელობა. იმას მაინც დააფიქსირებენ, თითოეულ მხარეს რა სურს ერთმანეთისგან. ესეც უკვე დიდი მიღწევაა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ზესახელმწიფოს მმართველის როლი პუტინს უფრო გამოსდიოდა, ვიდრე თუნდაც ტრამპის წინამორბედ ობამას, რა ხდება ტრამპის შემთხვევაში? აშშ-ის ახლანდელ ლიდერს აღარ აინტერესებს ზესახელმწიფოს მმართველის პოზიცია?
- ობამას შემთხვევაში აბსოლუტურად გეთანხმებით. რაც შეეხება ტრამპს, მან უკვე თქვა, რომ ამერიკა ზესახელმწიფო აღარ იქნება, მან უკვე მოხსნა გლობალური ჰეგემონობის თემა დღის წესრიგიდან და აღნიშნა, რომ ამერიკა იქნება მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტორი და არა მონოპოლისტი.
მაგრამ ტრამპისგან განსხვავებით, პუტინს რუსეთის ზესახელმწიფოებრიობის პრეტენზია გააჩნია.
- რა თქმა უნდა, ტრამპის შეხვედრა პუტინთან ზუსტად ამის დასტურია. ფაქტობრივად, ტრამპი აღიარებს რუსეთს გლობალურ მოთამაშე აქტორად. ამიტომ ტრამპს სასტიკად ეწინააღმდეგება ნეოკონსერვატორების დაჯგუფება, ეს გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებას და შეიძლება მათ საქართველოც გამოიყენონ ამ ჭიდილში. როგორც აღვნიშნე, დღესდღეობით სამი ინსტიტუტის ფარგლებში ყალიბდება ამერიკის საგარეო პოლიტიკა, ნეოკონსერვატორების, ტრამპის ადმინისტრაციისა და ნეოლიბერალური დაჯგუფების (დემოკრატების) სახით.