„უნგრეთის პრემიერი პუტინსაც უგორებს კამათელს და არც ის დაგვავიწყდეს, რომ დღეს ვიქტორ ორბანის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილია“

„უნგრეთის პრემიერი პუტინსაც უგორებს კამათელს და არც ის დაგვავიწყდეს, რომ დღეს ვიქტორ ორბანის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილია“

რას ერჩის უნგრეთი უკრაინასა და საქართველოს და უნდა გვქონდეს თუ არა ბრიუსელში ნატოს სამიტზე დიდი წარმატების იმედი ქართველებს, თუკი ნატოში ვეტოს უფლების მქონე უნგრეთი დაბლოკავს საქართველოსა და უკრაინის სასარგებლოდ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას?!

უნგრეთის ხისტ პოზიციას კრიტიკულად გამოეხმაურა უკრაინული მედია და უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის საქციელს „ზურგში ჩაცემულ დანა“ უწოდა. „ევროპეისკაია პრავდის“ მთავარი რედაქტორი სერგეი სიდორენკო ამხელს მეზობელი ქვეყნის ანტიუკრაინულ პოლიტიკას და იმასაც, თუ როგორ უშლიან ხელს უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

სტატიის ავტორი აღიარებს, რომ უკრაინა-უნგრეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობა დიდი მეგობრობით, ურთიერთპატივისცემით არ გამოირჩევა. პრემიერ ორბანს დაგეგმილი აქვს, დაბლოკოს ყველა დოკუმენტი საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით. ამის მიზეზია ის, რომ უნგრეთი ბრალს სდებს უკრაინას განათლების ისეთი კანონის მიღებაში, რომელიც ეროვნული უმცირესობის, კერძოდ, დასავლეთ უკრაინაში, კარპატებში მცხოვრები უნგრელების უფლებებს არღვევს. საუბარია იმაზე, რომ უნგრეთი უკრაინისგან განათლების კანონში ენის სტატუსის გაუქმებასა და უნგრული თემებით დასახლებულ რაიონებში სკოლებში უნგრულად სწავლებას მოითხოვს. თავის მხრივ, უკრაინა ირწმუნება, რომ ეს კანონი დემოკრატიულია და ვენეციის კომისიის მოთხოვნებსაც პასუხობს.

ამის მიუხედავად, 22 ივნისს უკრაინის კარპატებში უკრაინისა და უნგრეთის მინისტრების შეხვედრის შემდეგ უნგრეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია და უნგრეთი ბუდაპეშტში უკრაინის სამიტში მონაწილეობის წინააღმდეგ წასვლას არ გეგმავდა, თუმცა მინისტრების შეხვედრიდან რამდენიმე დღეში უნგრეთმა გადაწყვეტილება შეცვალა.

უკრაინელები იმასაც უხსენებენ ვიქტორ ორბანს, რომ 26 ივნისს, როცა ევროკავშირმა უკრაინას 1 მილიარდი ევრო გამოუყო მაკროფინანსური დახმარების სახით, უნგრეთმა ამას ხმა არ მისცა. უნგრეთის პრემიერის საქციელიდან გამომდინარე, „ევროპეისკაია პრავდის“ მთავარი რედაქტორი ასკვნის, რომ თავისი წინააღმდეგობრივი ნაბიჯებით ვიქტორ ორბანს დონალდ ტრამპის ყურადღების მიპყრობა სურს, მასთან შეხვედრას ცდილობს და ამიტომაც მომეტებულად აქტიურობს.

უკრაინული მედია სწორედ ამით ხსნის უნგრეთის პრემიერის მიერ ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერისთვის ოფიციალურად გაგზავნილ წერილს, სადაც ორბანი ამბობს, რომ ბრიუსელის სამიტზე ნატოს რეზოლუციას დაბლოკავს, რომელიც უკრაინასა და საქართველოს უკავშირდება.

საქართველოს საგარეო უწყებაში ამ ინფორმაციას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ორბანი საქართველოს ევტროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა. ამდენად, შესაძლოა, საქართველოს ნაწილში ვიქტორ ორბანს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. თუმცა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ნატოში ამ ეტაპამდე არ აკონკრეტებენ, რა ბედი ელის საქართველოს.

რას ერჩის ვიქტორ ორბანი საქართველოს, მაშინ, როცა საქართველოში ჩამოსვლისას ყოველნაირად გვიმტკიცებდა, რომ ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებდა? ხომ არ აიხსნება ეს პუტინის მიმართ ვიქტორ ორბანის სენტიმენტებით, რადგან ორბანისთვის პუტინი კუმირია?! და ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ 1989 წელს ახალგაზრდა, გრძელთმიანი ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში გმირთა მოედანზე გამართულ მიტინგზე ტრიბუნაზე ავიდა და საკუთარი ქვეყნიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა მოითხოვა, რაც მაშინ სარისკო იყო. დღეს კი თავისუფლებისთვის მებრძოლ 26 წლის ვიქტორ ორბანსა და 50 წლის პრემიერს შორის საერთო არაფერია.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საეჭვოა, თავისი წინააღმდეგობრივი ნაბიჯებით ვიქტორ ორბანს ტრამპთან შეხვედრა სურდეს, რადგან რა პრობლემა უნდა არსებობდეს ტრამპსა და ორბანს შორის, როცა მათი იდეოლოგიური ხედვები იდენტურია?! ორივე ულტრანაციონალისტია, ორივენი ავითარებენ მემარჯვენე პოლიტიკურ იდეოლოგიურ ხედვას და ორივეს გააჩნია იდენტური შეხედულება როგორც მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებთან, ისე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ მოდელთან დაკავშირებით.

უბრალოდ, ორბანს აქვს თავისი ერთგვარი რეზერვაციები უკრაინასთან მიმართებით. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ორბანი თამაშობს ულტრანაციონალისტურ ფლანგზე და მისთვის უკრაინაში მცხოვრები დაახლოებით ნახევარმილიონიანი უნგრული ეროვნული უმცირესობის ლინგვისტური საკითხების დაცვა პრიორიტეტულია. უკრაინამ კი მიიღო ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც, უმცირესობებს შეეზღუდათ განათლების მიღება და ეს არის მთავარი დაპირისპირების წყარო.

„რა დაუშავა ვიქტორ ორბანს საქართველომ? რა თქმა უნდა, ეს არის პუტინის მიმართ ორბანის სპეციფიკური დამოკიდებულება. ორბანი ამით პუტინსაც უგორებს კამათელს. მეორეც, არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ორბანის მრჩეველია ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, ორბანის მეშვეობით, უკვე მოსკოვთანაც კარგად ბალანსირებს და მოსკოვის პოლიტიკასაც ამყარებს. ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია. ამით ორბანს სურს არა ტრამპთან, არამედ პუტინთან ურთიერთობის გაღრმავება“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.