„საჯარო წერილით მიმართვა ადასტურებს, რომ მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის კომუნიკაციაში არის პრობლემა“

„საჯარო წერილით მიმართვა ადასტურებს, რომ მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის კომუნიკაციაში არის პრობლემა“

„ვითარება რთულია - ქვეყანა თავზე გვექცევა... გამოსავალი არსებობს, თუ გარკვეული წრე ერთად ავიღებთ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას! ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს „ოცნება“ ვერ პატრონობს, „ნაცმოძრაობა“ არყევს და რუსეთი ანგრევს; ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების უნარი, ნება და რწმენა სახიფათო ნიშნულამდე დასცა“, - ასეთია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი მარგველაშვილს გაერთიანებას და საპრეზიდენტო არჩევნების საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად გამოყენებას სთავაზობს.

ღია წერილში დავით უსუფაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანა არის, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ფორმირება. იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი მარგველაშვილი თანახმა იქნება, საპარლამენტო არჩევნების მომგები გუნდის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, ასეთ შემთხვევაში დავით უსუფაშვილი მზად არის, ან თავად იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თავად მარგველაშვილი, ან მოიძებნოს მესამე კანდიდატი.

როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს იმაზე, რომ ქვეყანა თავზე გვექცევა, ცუდიდან უარესობისკენ მივდივართ და ეს განცდა გაამძაფრა ამ გაზაფხულზე განვითარებულმა მოვლენებმა.

„ჩემი აზრით, მე კი არა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მისულია იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანას „ოცნება“ ვერ პატრონობს, ამსტერდამის დაჯგუფება ქვეყანას არყევს, რუსები და პრორუსები ქვეყანას ანგრევენ. ასეთ ვითარებაში სრულიად აუცილებელია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით.

მე მარგველაშვილს ვეუბნები, თუ თვლის, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკური გუნდის ფორმირებაა სწორი გრძელვადიანი ამოცანა, რომელიც სახელისუფლებო საკითხებს მოაგვარებს, მაშინ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა და მისი როლი და ფუნქცია ერთად განვსაზღვროთ, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებში.

რატომ მივმართავ მარგველაშვილს? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ერთი ცალი კაცია, რომელსაც ჰქვია პრეზიდენტი, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა, თუ რას აპირებს დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი „შენების მოძრაობის“ ღია წერილს ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს. სანამ პრეზიდენტი დუმს, განცხადებას აკეთებს მმართველი გუნდი და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ტონალობას უწუნებენ. ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უსუფაშვილი პარლამენტის მშვენიერი თავმჯდომარე იყო, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური პარტიის სივრცეში გადაინაცვლა, მაშინვე ის ხიბლი დაკარგა, რაც მას „ქართული ოცნების“ მძლავრი მხარდაჭერის პირობებში ჰქონდა.

დეპუტატი ამბობს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა თავიანთ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად უნდა გადახედონ და აქედან შეაფასონ, რამდენად ეფექტურები იქნებიან. მისი თქმით, ვინც საინტერესო წინადადებას წარმოადგენს და საზოგადოება ამ ადამიანებში იმის ინტელექტუალურ რესურს დაინახავს, რომ დაყენებული წინადადებების შესრულების თავი გააჩნიათ და პოპულარობაც საკმარისი აქვთ, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სერიოზულად მოიკოჭლებენ, მაგრამ მათი ნებაა, მომავალს როგორ უყურებენ. უსუფაშვილთან ურთიერთობა ყოველთვის მშვენიერი მქონდა, თუმცა პროცენტული მაჩვენებლის პერსპექტივას ვერ ვხედავ, უფრო მეტი უნდა იმუშაონ. როცა ვამბობ, მოიკოჭლებენ, იმას ვგულისხმობ, საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება როგორია და არა ჩემი პირადი.

დავით უსუფაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მეგობრული და ნორმალურია, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, ყველას წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება კვირიკაშვილს, მკითხაობა სწორი არ არის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით კვირიკაშვილის შეხედულებები მარგველაშვილისგან განსხვავდება. რას აპირებენ, არ ვიცით, მათ ვკითხოთ“, - აცხადებს გია ვოლსკი.

მარგველაშვილი-უსუფაშვილის გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილისთვის მომგებიანი იქნება არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ იყოს გაერთიანებული. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ უსუფაშვილმა იჩქარა, რადგან მარგველაშვილმა შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინოს თავისი კანდიდატურა.

„ჩემი აზრით, უსუფაშვილის მხრიდან საჯაროდ შეთავაზება ცოტა უტაქტო იყო, რადგან გამოდის, რომ ფაქტის წინაშე აყენებს მარგველაშვილს, რომელსაც შესანიშნავად იცნობს და შეეძლო ეს საკითხი ჩვეულებრივი მოლაპარაკებით მოეგვარებინა. ეჭვი არ მეპარება ამ წერილის ავტორის გულწრფელობაში, თუმცა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა წინ საპრეზიდენტი არჩევნებია, ჩემთვის გაუგებარია ამ წერილის ფუნქცია, მიზანი და შედეგიანობა.

ვინაიდან წერილით მიმართა მარგველაშვილს, ალბათ, უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მისთვის ეს გაერთიანება მომგებიანი იქნება. მაგრამ ზოგადად, ალიანსები დგება მას შემდეგ, რაც პარტია მიიღებს მხარდაჭერას და მერე პარტიები იწყებენ იმაზე მსჯელობას, გაერთიანდნენ თუ არა. მინიმალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გუნდების წინასწარ გაერთიანება და გაცხადება იმისა, რომ მოდით, გავერთიანდეთ და ქვეყანა გადავარჩინოთო, სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ უსუფაშვილს საჯარო პოლიტიკა კარგად არ გამოსდის, გიორგი მარგველაშვილის გეგმები კი მისთვისვე ბუნდოვანია. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, როცა საჯარო წერილით მიმართვა ხდება, ეს თავისთავად ადასტურებს, რომ მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის კომუნიკაციაში არის პრობლემა.

„როგორც წესი, ასეთი ალიანსები კულისებში მოლაპარაკებებით დგება და შემდეგ ცხადდება ამის შესახებ. ვფიქრობ, უსუფაშვილმა ამ მიმართვით დაადასტურა, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციაში არსებობს პრობლემა, ამიტომ საჯაროდ გადაწყვიტა მიმართვა. მეორე მომენტია, რომ თვითონ საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ამ ალიანსს, თუმცა შესაძლოა ისტორიული განვითარების კვალდაკვალ მას უნდა დოკუმენტური ალიბი შეიქმნას იმისა, რომ იცოდა სწორი გეგმა, მაგრამ სხვების მიზეზით ეს გეგმა არ განხორციელდა. მე ვფიქრობ, ამ წერილის დაწერის ორი ძირითადი მოტივი სწორედ ესენია“, - ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხება თეორიულად ასეთ ალიანსს, ხუხაშვილი არ ფიქრობს, რომ ამ ალიანსს არ შეუძლია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა ქვეყანაში, მით უმეტეს, რომ საუბარია ასეულობით ინტელექტუალის შემოკრებაზე, რაც საკმაოდ პრობლემატური პროცესია.

„ასეთი განაცხადი ბევრს გაუკეთებია ქვეყანაში, მაგრამ შესრულებით ვერავის შეუსრულებია. ყველაფრის მიუხედავად, დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მოსაზრებები პატივსაცემია. ის არის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე ამ ქვეყანაში და ნამდვილად საჭიროა, რომ სახელმწიფოს ემსახურებოდეს, მაგრამ საჯარო პოლიტიკა მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის. არის კიდევ ერთი მომენტი, მე ვფიქრობ, ზედმეტად დრამატიზებული აქვს მას ეს პროცესი. გასაგებია, რომ ქვეყანაში არის მმართველობითი პროცესის სერიოზული კრიზისი, მაგრამ ქვეყანა რომ ინგრევა და ეს პროცესი შეუქცევადია - ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. მე ვფიქრობ, ჯერ კიდევ შესაძლებელია გამოსწორდეს სიტუაცია ქვეყანაში“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.