ნატო–საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძლიერდება

ნატო–საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძლიერდება

19:30 საათზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატოს ბრიუსელის 11–12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.

ნატო–ს სამიტის პროგრამის თანახმად, 12 ივლისს, ნატო–ს წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრამდე ნატო–ს გენერალური მდივნის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

საქართველოს დელეგაციას სამიტზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. პირველად, საქართველოსა და ნატო–ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო–საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ნატო–ს სამიტისათვის მოსამზადებელ პერიოდში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო ალიანსის ყურადღების კონცენტრირება საქართველოზე და უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.

„განხილული იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც, სადაც საქართველო ნაბიჯ–ნაბიჯ უფრო და უფრო აქტიურად ერთვება. სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით დაგეგმილი შეხვედრის ძირითადი თემა უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობა იქნება.

„ნატო–ს მოახლოებულ სამიტზე ჩვენი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოლოდინი გახლდათ ის, რომ საქართველო წარმოდგენილი ყოფილიყო შესაბამის ფორმატებში, უმაღლეს დონეზე. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და გადაწყდა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ნატო–ს სამიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრაში, უკრაინასთან ერთად. შეხვედრის ძირითადი თემა უსაფრთხოების სფეროში და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობა იქნება. ეს არის პირველად საქართველო–ნატო–ს ურთიერთობების ისტორიაში, როდესაც სამიტის ფარგლებში იმართება უმაღლესი დონის შეხვედრა“, – აცხადებს დავით ზალკანიანი.

მინისტრის განცხადებით, ეს არის ნატო–ს სტრატეგიის გამოვლინება, რომ საქართველო ნატო–ს მხრიდან რეგიონულ კონტექსტში უსაფრთხოების კუთხით ყოფილიყო აღქმული.

„ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია ნატო–საქართველოს ურთიერთობებში და მიანიშნებს, რომ საქართველო, უკრაინასთან ერთად, ნატო–ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ წინა პოზიციებზეა. ამ ფორმატის ფარგლებში საშუალება გვექნება, ვისაუბროთ ნატო–საქართველოს შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით ყველა ძირითად მიმართულებაზე, ასევე, შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უნგრეთი აღნიშნულ შეხვედრაზე მისაღებ განცხადებას ბლოკავს. როგორც ზალკანიანი აცხადებს, უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, რაც მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატო–ს კონტექსტში. მინისტრის განცხადებით, უნგრელმა კოლეგამ დაუდასტურა, რომ უნგრეთი არ ბლოკავს საქართველოსთან მიმართებით მისაღებ განცხადებას.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ნატო–ს სამიტი იყოს წინგადადგმული ნაბიჯი ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გზაზე. მისი თქმით, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან და სერიოზული ძალისხმევა ქართული მხრიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მკაფიო გზავნილი საქართველოს წევრობის თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მკაფიო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი და გვაქვს მექანიზმები. მექანიზმებზე გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოს აქვს ყველა მექანიზმი. აქ მკაფიოობას შეიტანს ის, თუ როგორი გზით მოხდება საქართველოს გაწევრიანება ალიანსში და რა არის ეს პროცედურული გზა, რომელმაც საქართველო წევრობამდე უნდა მიიყვანოს“, – აცხადებს დავით სიხარულიძე.

ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი საქართველომ მოახერხა და ახალი გადაწყვეტილებებით ნატო–სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ შედეგები იქნება მიღწეული. როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, საქართველოს დიდი არჩევანი არ აქვს. ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობა პატარა ბავშვის რეჟიმში განიხილავს, რომელიც ელოდება რაღაცას.

„ზრდასრული ხალხი ვართ და ობიექტური ანგარიშის გაწევის უნარი უნდა გვქონდეს, ალბათ, ეს ყველას გვეხება. ობიქტური რეალობა ის არის, რომ ევროპული სახელმწიფოები რუსეთის გავლენას განიცდიან. აგერ ამერიკაშიც კი წვდება რუსეთის საცეცები, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ საქართველოს მოსაგები, ამ ბრძოლას აწარმოებს ყველა ის ქვეყანა, რომელსაც მიაჩნია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე უნდა გაძლიერდეს და მას უნდა ჰქონდეს რუსეთთან გამკლავების უნარი. საბედნიეროდ ასეთი ქვეყნები ბევრია და თქვენ სრულიად სამართლიანად ახსენეთ გერმანიის სკეპტიციზმი, მაგრამ თვითონ გერმანიაში არც თუ სტაბილური მდგომარეობაა. გერმანული პოლიტიკის მიმართ ბევრი კრიტიკული პოზიცია არის თვითონ გერმანიაში. ასე რომ, ცვლილებები ამ მიმართულებით მოსალოდნელია. უბრალოდ, ჩვენ პატარ ქვეყანა ვართ და უნდა შეგვეძოლოს, რომ გლობალურ ცვლილებებში ჩვენი ადგილი დავიკავოთ“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.