„თუკი აბიტურიენტი ვიდეო დავალების დახმარებით საკუთარ განათლებას წარმოაჩენს, მაშინ ამ სიახლის დანერგვა მისაღებია“

„თუკი აბიტურიენტი ვიდეო დავალების დახმარებით საკუთარ განათლებას წარმოაჩენს, მაშინ ამ სიახლის დანერგვა მისაღებია“

ერთიან ეროვნულ გამოცდებს, შესაძლოა, ვიდეო დავალებებიც დაემატოს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის მოსაზრებით, ანიმაცია და ვიდეო შესაძლოა, ტესტურ დავალებებში გამოიყენონ.

მაგალითად, უცხო ენაში, ან ბიოლოგიაში, ვთქვათ, აჩვენებ უჯრედის გამრავლებას და აბიტურიენტს სთხოვ, ახსნას, ეს რა არის. გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს მოსმენის უნარის დავალებებიც, როდესაც მანჰეტენზე უყვები რაღაცას და შემდეგ კითხვებს უსვამ. აქ ჟესტიკულაციაც მნიშვნელოვანია.

თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდების ეს სიახლე მანამ არ დაინერგება, სანამ ამ სფეროს სპეციალისტები არ დარწმუნდებიან, რომ სკოლებში ამ ყველაფერს ასწავლიან და აბიტურიენტისთვის ეს ბარიერი არ იქნება.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვიდეო დავალებების შემოტანა მხოლოდ ერთი საშუალებაა აბიტურიენტის ცოდნის გასაგებად. როგორ მოხდება ამ საშუალების გამოყენება, ამაზე წინასწარ რთულია საუბარი. ამის მიუხედავად, რაც უფრო მრავალფეროვანი გახდება ეროვნული გამოცდები და გაცილებით მეტ უნარს შევაფასებთ მოსწავლეებში, უკეთესი იქნება.

„მათ შორის, საინტერესო იქნება ვერბალური კომუნიკაციის უნარების შეფასებაც. დღეს ასეთი რამ არ ხდება და მხოლოდ ტესტებით შემოვიფარგლებით. შესაბამისად, მცირე რაოდენობის ინფორმაციას ვიღებთ აბიტურიენტებისგან. ალბათ, საჭიროა, მრავალფეროვანი ინფორმაცია შევიტყოთ ჩვენი მოსწავლეების შესახებ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვიდეო დავალებები დაემატება, შეიძლება, ეს ტექნიკურად უკეთესად აღსაქმელი იყოს, მაგრამ თავად გამოცდის საფუძველში რას შეცვლის, ამაზე რთულია საუბარი.

„არ ვიცი, რა უნდა შეცვალოს ვიდეომ. ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვიდეოთი ჩააბარებს, თუ მის გარეშე, ამის მიზანს ვერ ვხვდები. როგორი ცვლილებაც არ უნდა შემოიტანო, ხომ უნდა იცოდე მიზანი, რატომ აკეთებ ამას?! თუ რაღაც პრობლემას ხედავ და ახლადშემოტანილი რეფორმით გინდა ამ პრობლემის მოგვარება, მაშინ უნდა აგვიხსნა კიდეც. სამწუხაროდ, რასაც აკეთებენ სამინისტროში, არასდროს არ ხსნიან მიზეზს, რომ მათი „რეფორმები“ ამა თუ იმ პრობლემას მოაგვარებს. უბრალოდ, ვიღაცას თავში მოუვა, რომ ასეთი სიახლის დანერგვა კარგია, რადგან უცხოეთში თურმე ასე ხდება და ჩვენთანაც შემოაქვთ ეს სიახლე. მერე ან იმუშავებს, ან არ იმუშავებს და ასე გადის წლები. რეალურად, სკოლებისთვის, მასწავლებლისა და მოსწავლეებისთვის არაფერი იცვლება“,-აღნიშნა მუხრან გულიაშვილმა.

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი ცალსახად ერთ პოზიციას არ ემხრობა. მისი აზრით, გააჩნია, ვიდეოდავალებები რა ხარისხისა და სიღრმის იქნება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვიდეოს დამატება უფრო უკეთესიც იყოს, ან უფრო უარესიც. თუკი აბიტურიენტი ვიდეო დავალებების დახმარებით საკუთარ განათლებას წარმოაჩენს, მაშინ ამ სიახლის დანერგვა მისაღებია. უბრალოდ, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ აბიტურიენტმა ღრმა ცოდნის დემონსტრირება მოახდინოს და საკუთარი ცოდნა ფუნდამენტურად აჩვენოს. რა ფორმით ჩაატარებ გამოცდას, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.

„მე-19 საუკუნეში არ იყო ვიდეო და, თუკი ვიდეო დავალებებს შემოვიტანთ გამოცდებზე, ამ კუთხით თანამედროვე იქნება, მაგრამ მე თანამედროვეს ვეძახი ისეთ მეთოდს, რომელიც უფრო ღრმად შეამოწმებს სტუდენტის განათლების დონეს. ამდენად, ტექნიკას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“,-აღნიშნა ელიზბარ ელიზბარაშვილმა.

კოალიცია „განათლება ყველასათვის“ თავმჯდომარე ირინე ხანთაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ვიდეო დავალებების შემოტანა სპეციფიკური თემატიკაა, თუმცა, რაც უფრო დაიხვეწება საგამოცდო სისტემა და აბიტურიენტის მრავალფეროვან კომპონენტს შეაფასებს, მით უკეთესი იქნება.

„უპირველესად უნდა განისაზღვროს, შესაძლებელია თუ არა მსგავსი სწავლების შეთავაზება ჩვენი აბიტურიენტებისთვის. ზოგადგანათლებმიღებულმა მოსწავლემ უნდა შეძლოს ამ კომპეტენციის მიღება, მაგრამ რეალური სურათი რის შესაძლებლობას იძლევა, ესეც დასაფიქრებელი და შესამოწმებელია. ამიტომ ვიწრო სპეციალისტებისგან მოსაზრების გაგება ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება“.