რუსები მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში

რუსები მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში

საქართველოში უცხოელთა მიერ შეძენილი უძრავი ქონების 53% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. არარეზიდენტი პირები, რომელთა მუდმივი ადგილსამყოფელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა, საქართველოთი განსაკუთრებულად ინტერესდებიან.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით, „ფორსეტმა“ მოამზადა ინფოგრაფიკი, რომლის მიხედვითაც, უცხოელთა ნახევარზე მეტი, ანუ 53%, რომლებმაც საქართველოში უძრავი ქონება დაირეგისტრირეს, სწორედ რუსეთის მოქალაქეები არიან. 5-5%-ს შეადგენენ უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები, 4% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის, 3-3% -აშშ-ისა და საბერძნეთის მოქალაქეებზე, ხოლო 2-2%-ს გერმანიის, ირანის, ერაყისა და თურქეთის მოქალაქეები შეადგენენ.

რაც შეეხება ქონების ტიპს, 2012-16 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონებიდან 12 998 სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მოდის, 5 709-არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, ხოლო 15 317 ბინა ან სახლია.

როგორც ჩანს, რუსები არა მხოლოდ განსაკუთრებულად ინტერესდებიან ქართული პოლიტიკით, არამედ საქართველოს უძრავ ქონებაშიც დიდ ფულს აბანდებენ. რა იწვევს მათ ასეთ ინტერესს?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-მუშაკს, პროფესორს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს ჯუმბერ ფანჩულიძეს მიაჩნია, რომ ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში მცხოვრები უცხოელი შეიძენს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, იქნება ეს რუსი, არაბი, ინდოელი, თუ ჩინელი, რადგან უცხოელი მაინც უცხოელია. თუკი არაბები და ჩინელები გამოხატავენ ამ სურვილს, სადაც მიწის სიმწირეა და მათ მიწა არ ჰყოფნით, მაშინ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ეს ადამიანები საქართველოში ნაყიდ მიწაზე ჩამოსახლდებიან კიდეც.

„რაც შეეხება რუსებს, დავუშვათ, ისინი არ ჩამოსახლდნენ საქართველოში, მაგრამ რისთვის უნდათ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწები? იმისთვის, რომ, თუკი ჩვენი მიწები გაძვირდება, უფრო მეტ ფასად გაყიდონ უცხოელებზე. ჩვენ არ გვაქვს იმის ბერკეტი, ქართული მიწის შემძენ უცხოელზე ზემოქმედება მოვახდინოთ და ვუთხრათ, გინდა თუ არა, დაამუშავეთ ეს მიწა, ან ადგილწარმოების პრინციპით, აწარმოეთ საფერავი, რქაწითელი და სხვა. ვერ ვეტყვით უცხოელს, მაინცდამაინც ესა თუ ის პროდუქცია აწარმოოს ჩვენს მიწაზე და სხვა პროდუქციაზე არ იფიქროს. ამიტომ უცხოელი გამოიყენებს ქართულ მიწას სპეკულაციის მიზნით. მართალია, ამჟამად შეჩერებულია უცხოელებზე მიწის გაყიდვის კანონი და კონსტიტუციაში ძლივს შევატანინეთ ცვლილებები, მაგრამ კანონი, რომელიც უნდა არეგულირებდეს ამ ყველაფერს, ვერა და ვერ მიიღეს“, - აცხადებს ჯუმბერ ფანჩულიძე For.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმითაც, უცხოელები საქართველოში ნახულობენ ნდობით აღჭურვილ პირს, საქართველოს მოქალაქე ქართველებსაც და არაქართველებსაც, რომლებიც მრავლად არიან და სწორედ ამ ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით ყიდულობენ ჩვენს მიწებს. შესაბამისად, ქართული მიწები უცხოელების ხელში გადადის, ხოლო ნდობით აღჭურვილ პირებს უცხოელები ერთ-ორ კაპიკს მიუგდებენ.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერტიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეები დიდი რაოდენობით იძენენ სასოფლო-სამეურნეო ქონებას.

როგორც For.ge-სთან საუბარში ანზორ მესხიშვილი აცხადებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით რუსები ძირითადად არ ინტერესდებიან. ჩვენი მიწები უფრო მეტად ნაყიდი აქვთ ისრაელის, ირანის, ინდოეთის მოქალაქეებს.

რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწასა და ბინებს, ანზორ მესხიშვილი არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ინტერესდებიან ყველაზე მეტად ამ ტიპის ქონებით. თუმცა იმასაც ამჩნევს, რომ თუნდაც ვაკეში, არაყიშვილზე ირანელებმა იყიდეს ბინები კორპუსებში. ძირითადად დადიან ჩადრებითა და პატარა ბავშვებით, ბავშვებთან ერთად სიარული კი ნიშნავს, რომ ისინი მუდმივი მაცხოვრებლები არიან და არა-ტურისტები. ასე რომ, ძირითადად სახლები და ბინები მუსლიმანების ხელშია, თორემ რუსები მაინც მართლმადიდებლები არიან და მიჩვეულნი ვართ კიდეც მათთან ერთად ცხოვრებას.