დედაქალაქის ყოფილი მერის წინააღმდეგ „ნაცმოძრაობამ“ ახალი საქმე გამოჩხრიკა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ, საიდან შეიძინა დავით ნარმანიამ 180 000 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი. ნარმანია, მერობის პერიოდში განსაკუთრებული ზომიერებით გამოირჩეოდა საკუთარი ანაზღაურების მიმართ. მისი ხელფასი 4000 ლარს შეადგენდა და 3,5 წლის განმავლობაში არასდროს აუღია სახელფასო დანამატი და პრემია. ოპოზიციას სწორედ ეს მომენტი აეჭვებს.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, თბილისის ყოფილმა მერმა ცოტა ხნის წინ შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ მიმდინარე წელს დიღმის ქუჩა N7–ში, 1500 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 180 000 დოლარად შეიძინა. ხაბეიშვილის განცხადებით, დეკლარაციაში ნარმანიას მითითებული აქვს, რომ აღებული აქვს 50 000 დოლარის იპოთეკური სესხი, თუმცა დეკლარაციაში არ ჩანს 130 000 დოლარის წარმომავლობა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია,
რომ ნარმანიას ოჯახის წევრების სახელზე კიდევ გაჩნდება „პატარ-პატარა ქონება“, რომელმაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინოს.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან და არა მარტო. დავით ნარმანიას მიერ შევსებული დეკლარაციიდან გაურკვეველია, საიდან მოიტანა ნარმანიამ 130 000 დოლარი. შემოსავლებით დგინდება, რომ ნარმანიას წლიდან წლამდე შემოსავალი 40 000 ლარი აქვს, თუმცა აჩვენებს, რომ 180 000 დოლარი გადაიხადა მიწის ნაკვეთში. ამას თუ ლარში გადავიყვანთ, ფაქტობრივად, ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა გამოდის. საიდან მოიტანა ნარმანიამ ეს თანხა, არავინ იცის. საგამოძიებო სამსახურმა, აუდიტმა და ვისაც ეხება, მათ უნდა დაადგინონ ამ თანხის წარმომავლობა.
ამ ფაქტით არაფერი განსხვავებაა ყოფილ მთავარ პროკურორ ფარცხალაძესა და ნარმანიას შორის. ფარცხალაძემ, როგორც კი გადადგა პროკურორობიდან, ერთ დღეში შეიძინა 2 მილიონი ლარის ქონება. ამ შემთხვევაში ნარმანიამ დაიწყო „ნაშოვნის“ გამოჩენა და პირველ ჯერზე 180 000 გვაჩვენა, რომ სადღაც იპოვა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის ყოფილი მერი, აწ უკვე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრი, დავით ნარმანია მის წინააღმდეგ აგორებულ ტალღას თითიდან გამოწოვილ ბრალდებას უწოდებს, რაც „ნაცმოძრაობას“ არაერთხელ გაუკეთებია.
„მე დეკლარაციაში ყველაფერი ასახული მაქვს დადგენილი წესის მიხედვით. გავყიდე საცხოვრებელი ბინა, რომელსაც დავამატე საბანკო კრედიტი და ჯამური თანხით შევისყიდე მიწა. უბრალოდ ბინის გაყიდვა ამ დეკლარაციაში ვერ მოხვდა, მომდევნო დეკლარაციაში მოხვდება, ვინაიდან გაიყიდა გაზაფხულზე, თუმცა მიწა, როგორც საკუთრებაში არსებული ქონება, დადგენილი წესით ასახულია დეკლარაციაში. ყველაფერი წესრიგშია და ხაბეიშვილს შეუძლია მშვიდად იყოს. შეუძლიათ რეესტრში შევიდნენ და ნახონ, რომ 140 კვადრატული მეტრის ბინა, რომელიც ჩემს საკუთრებაში იყო, გავყიდე, დავამატე კრედიტი და შევიძინე მიწის ნაკვეთი“, - განუცხადა „ინტერპრესიუსს“ ნარმანიამ.
ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ მის მიმართ ბრალდებები არ წყდება, „ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ნაშიერებს, ყოველთვის შესაბამის პასუხებს სცემდა“.
„არ ვიცი, რა ინტერესებს ემსახურება ეს ყველაფერი. ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ მე ყოველთვის კრიჭაში ვედექი ოპოზიციას და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს და მათ ნაშიერებს. არ ვუთმობდი არც ერთ თემას, ყოველთვის ვცემდი პასუხს ღირსეულად, ისე როგორც საჭირო იყო. როგორც ჩანს, მომყვებიან ბოლომდე და მდიონ, ვერაფერს მიაღწევენ“, - განაცხადა ნარმანიამ.