6 ივლისს „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“ ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რისთვისაც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და საპროტესტო აქციებს გეგმავენ. გარდა ამისა, შეიმუშავებენ აღთქმის ტესტს, რომელსაც ყრილობაზე წაიკითხავენ. ამის შემდეგ თითოეული ქართველი ღმერთის, ქართველი ხალხის, ერისა და ბერის წინაშე აღთქმას დადებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყრილობის სათავეებთან არიან ომარ მხეიძე, ტარიელ ხარხელაური, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, პროფესორები პაატა გიორგაძე, მზია სულაძე, გიგლა გობეჩია, ხრიდოლის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი და სხვანი. მათი აზრით, ყრილობის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს, რადგან დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობით მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ იმარჯვებს.
ეს ყველაფერი რატომღაც მეუფე იობის ლოცვა-კურთხევას დაუკავშირდა, რადგან თურმე რუის-ურბნისის ეპარქიაში დიდი ხნის განმავლობაში ჩადიოდნენ ცნობილი სასულიერო პირები და ჩვენი ერის ღირსეული შვილები, რომლებიც მეუფე იობს ეროვნული ძალების გაერთიანებასა და საერთო კრების ჩატარებას სთხოვდნენ. მოგვიანებით საპატრიარქო გაემიჯნა ქართველი ხალხის „ეროვნულ ყრილობას“ და მასთან რაიმე კავშირი უარყო. საპატრიარქოს განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ყრილობა მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) კურთხევით იმართება, რასაც მეუფე თავადვე უარყოფს.
ამის მიუხედავად, ვადამდელი არჩევნების თემა არა მხოლოდ „ეროვნული ყრილობის“ „მიგნებაა“, არამედ მმართველ გუნდშიც გამოკრთება ხოლმე მასზე მინიშნება.
მართალია, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის წინაპირობას მმართველ გუნდში კატეგორიულად ვერ ხედავენ, მაგრამ რადიკალური განცხადებებით ცნობილი დავით ჭიჭინაძე, მის თანაგუნდელებს რომ დავესესხოთ, ისევ „ვანგობს“ და აცხადებს, რომ, თუ ეს მთავრობა ვერ მოახერხებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მაშინ ორი უავტორიტეტო ორგანო-როგორიცაა პარლამენტი და მთავრობა ამ ქვეყანას ვეღარ გაუძღვება და კრიზისის განსამუხტად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გახდება საჭირო. ამიტომ, თუკი ახალი მთავრობის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება, ჭიჭინაძე აპირებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა დააყენოს. ამასთან, აზუსტებს, რომ მისი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების თაობაზე დაკავშირებულია მთავრობის ავტორიტეტთან.
რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ბოლო დროს ასე პოპულარულ თემად ქცეული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დავით ჭიჭინაძე ერთ-ერთი რიგითი დეპუტატია და მისი აზრი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას „ქართული ოცნების“ მოსაზრებად. ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, პირადად იგი „ოცნების“ შიდა სამზარეულოში არ არის ჩახედული და არ იცის, ფიქრობენ თუ არა ისინი ვადამდელ არჩევნებზე, თუმცა აქ საინტერესოა, რამდენად არის ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების პოლიტიკური მიზანშეწონილობა.
„პოლიტიკური მიზანშეწონილობა დადგება, ალბათ, მაშინ, როდესაც ქვეყანაში განვითარდება ისეთი რეალური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე გარდაუვალს გახდის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მეორეც, ვინ უნდა დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? პრეზიდენტმა, რომელსაც ვადის ამოწურვამდე სამთვენახევარი დარჩა? კონსტიტუციით იგი ვერ დანიშნავს არჩევნებს, ან ვერ დაითხოვს პარლამენტს. ერთადერთი ვარიანტია, პარლამენტმა თვითდაშლის გადაწყვეტილება მიიღოს და ამგვარად დაინიშნოს ვალდამდელი არჩევნები. მეორე მხრივ, ასეთ ვითარებაში „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება მოიპოვოს გამარჯვება, მაგრამ მას, ალბათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნილ სიტუაციაში ვეღარ ექნება. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ აწყობს კი ასეთი ვარიანტი, ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვოს, მაგრამ იძულებული გახდეს კოალიცია შექმნას სხვა პარტიებთან იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს? არ ვიცი, მე პირადად არ ვარ დარწმუნებული, რომ „ქართულ ოცნებაში“ ამას ფიქრობდნენ“,-აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი მაინც, ალბათ, პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია.
ამდენად, უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც სჩვევია არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება და შესაძლოა, უკმაყოფილოც კი იყოს პარლამენტის საქმიანობით, რადგან, ფაქტია, ამჟამინდელი პარლამენტი, ვერც თავისი შემადგენლობით, ვერც კვალიფიკაციით, ვერც სხვა პარამეტრით ვერ პასუხობს საზოგადოების მოლოდინს და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის ნდობის კუთხით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.
ამდენად, აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურა რას უკარნახებს მმართველ პარტიას. თუ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ უკარნახა, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, რათა უფრო დიდი კრიზისი აიცილონ თავიდან, მაშინ, სავარაუდოდ, მიიღებენ კიდეც ამ გადაწყვეტილებას, თუ არადა, მაშინ ჩაამთავრებენ ამ ვადას და არჩევნები იქნება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძნელია იმის თქმა, ვინ ახმოვანებინებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის შესახებ იდეას ცალკეულ ადამიანებს, მაგრამ დღევანდელი მთავრობაც რომ აბსოლუტურად ტექნიკური იქნება, ეს ამათ უკვე ეტყობათ.
ვახტანგ მაისაიას განმარტებით, ამ მთავრობას არ გააჩნია პოლიტიკური მხარდაჭერა სოციუმიდან, ეს მთავრობა მოვიდა სასახლის გადატრიალების ფონზე და თავად პოლიტიკურ მმართველ ძალებში არ არიან კარგად ჩამოყალიბებულნი თავის პოზიციებში. ეს არის ერთგვარი კონსენსუსური მთავრობა, ზუსტად ამას ჰქვია ტექნიკური მთავრობა და მმართველ პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის არ არის კარგად გამოკვეთილი მათივე ინტერესის სფეროები.
„როგორც ჩანს, კვლავაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა და ეს არის ერთგვარი დროებითი შეთანხმების მთავრობა. იმედია, ეს მთავრობა დიდხანს გაძლებს, ყოველ შემთხვევაში, მსურს, ასეთი იმედი მქონდეს, მაგრამ დიდი პოლიტიკური პერსპექტივა მათ არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, თუ კიდევ მოხდება ამ მთავრობის გადაყენება, ან მსგავსი სიტუაციის შექმნა, მაშინ ბატონ დავით ჭიჭინაძეს დავეთანხმები, რომ, ალბათ, ვადამდელი არჩევნები განსაზღვრავს ახალ პოლიტიკურ ძალთა განლაგებას. ფაქტია, პირველი მთავრობაც გადადგა, მეორე მთავრობაც გადადგა, მესამე მთავრობასაც თუ საფრთხე შეექმნება, მაშინ საპარლამენტო სახელმწიფო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ საპარლამენტო მმართველობაც გარკვეულ როლს ითამაშებს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და განმარტა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ უნდა წარმოადგენდეს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგს, მაგრამ პოლიტიკას თავისი წესები და კანონები აქვს და, თუკი ამ მთავრობამ კიდევ ვერ გაართვა თავი პრობლემებს, მაშინ შეიძლება ვადამდელი არჩევნები აქტუალური თემა გახდეს.