პირველად, მრავალი წლის შემდეგ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა რეალობად იქცა და ის უკვე მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში, ხოლო გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიასთან ერთად საქმიანობას მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.
„1-ელ ოქტომბრამდე მიღებული იქნება შესაბამისი რეგულაციები, რაც გეგმას შეესაბამება. ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 1-ელი იანვრიდან, ახალი გენერალური გეგმა ამოქმედდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
დეტალები კვლავ ზუსტდება და დოკუმენტზე მუშაობა კვლავაც გრძელდება - რაც შეეხება შენიშვნებს, რომელიც მერიას გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ჰქონდა, თბილისის მერის განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მიღწევაა.
„სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით არის მიღწევა. „სითი ინსტიტუტს“ წარმოდგენილს ჰქონდა რკინიგზის გადატანის წინადადება და ამ ადგილზე შესაძლებელი იყო ავტომაგისტრალის მშენებლობა. როცა ჩვენ მოვითხოვეთ თუ რის საფუძველზე იყო ეს წინადადება წარმოდგენილი და ჩატარებული იყო თუ არა კვლევა, მათ ეს ვერ წარმოადგინეს. ჩვენ გვქონდა შენიშვნა, რომ კვლევა ჩატარებულიყო და შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილება. „სითი ინსტიტუტი“ ამაზე დაგვთანხმდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ დედაქალაქმა მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თვლის, რომ გენერალური გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი საიმისოდ, რომ თბილისი ძალიან მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ევროპული ქალაქი.
„მადლობას იმსახურებს თბილისის მერია და „სითი ინსტიტუტი“, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს ურბანულ განვითარებაზე, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გენგეგმა, რომელსაც უახლოეს პერიოდში განიხილავს თბილისის საკრებულოც. აქვე აღსანიშნავია, რომ მასში გათვალისწინებულია ის შენიშვნებიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნდა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ილია წულაიას განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არა მხოლოდ ისტორიული ფაქტია თბილისისთვის, არამედ დროული და საჭიროც.
„ჩატარდა დიდი სამუშაო, რომ არსებულ მდგომარეობას მაქსიმალურად მორგებოდა ეს დოკუმენტი, რათა ყოფილიყო რეალური ბაზა იმისთვის, რომ ეტაპობრივად, ჯერ გამოვიდეს ქალაქი ამ ურბანული განაშენიანების ჩიხიდან და მერე განვითარდეს სწორად და უსაფრთხოდ. მოსახლეობის მოლოდინები დიდი იყო გენგეგმასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ეს მოლოდინები ჰპოვებს ასახვას დედაქალაქის შემდგომ განვითარებაში. რასაც წლებია ვაფუჭებდით, იმას ორჯერ მეტი წელი დასჭირდება რომ გამოსწორდეს, ახლა საკითხი დგას ასე - უნდა გადავარჩინოთ თბილისი და როგორც მერმა განაცხადა, ეს არის საბაზო მასალა ამის განსახორციელებლად“, - განაცხადა ილია წულაიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გოჩა ენუქიძეც ისტორიულ ფაქტს უწოდებს აღნიშნული დოკუმენტის მიღებას.
„შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული ფაქტი მოხდა დედაქალაქის მართვაში. საბჭოთა პერიოდის შემდგომ თბილისს აქვს ახალი გენგეგმა. აღსანიშნავია კალაძის გუნდის პრინციპულობა და შრომისმოყვარეობა, რომ ეს დასახული მიზანი რეალიზებულიყო. წლებია, პროფესიონალები ითხოვდნენ თბილისის გენერალური გეგმის შექმნას, რაც ერთ-ერთი ნაწილი იქნებოდა დედაქალაქის შემდგომი განვითარების და მოწესრიგების. ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა, დანაშაული დავუშვით დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, თბილისის განაშენიანებაში, რის სავალალო შედეგებს უკვე ყველა თვალნათლივ ხედავთ, ჩვენი ვალდებულებაა წარსულში დაშვებული შეცდომების ეტაპობრივი გამოსწორება დღესვე დავიწყოთ, რომ მომავალ თაობას ნორმალური საცხოვრებელი გარემო დავახვედროთ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თვლის, რომ თბილისს დღეიდან აქვს მიზნების, გეგმების, ამოცანების და რესურსული შესაძლებლობების სისტემურად ფორმულირებული ქალაქის მთავარი დოკუმენტი.
„რასაც ვულოცავ ქალაქს და თბილისის მერს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ქალაქის განვითარების მიმდინარე ეტაპის და გრძელვადიანი პერიოდის მიზნების მიღწევა შესაძლებელია გენერალური გეგმის არსებობის შემთხვევაში.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ განაცხადა, მისასალმებელია, რომ მიღწეულია საბოლოო შეთანხმება და თბილისს მალე ექნება ქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გენგეგმის სახით.
„სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილ გენგეგმის ძირითად კონცეფციაზე ყველა თანხმდება. აღსანიშნავია, რომ გენგეგმით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებს. იგეგმება თბილისის გარემოს დაცვითი სტრატეგიის შემუშავება, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება: ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის გამართვა, მტკვრის დაბინძურების პრევენციის და ნარჩენების მართვის მუნიციპალური სტრატეგია და სარეკრეაციო სივრცეების განვითარება.
„ჩვენ ვქმნით მწვანე, შეკავშირებულ, კომპაქტურ და მდგრად ქალაქს. წარმოდგენილი გენგეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დედაქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს და მას მუდმივად ესაჭიროება დახვეწა, განახლება და პოტენციურ გამოწვევებთან ადაპტირება. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გენგეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების შედეგად თბილისი მალე გახდება სიცოცხლით სავსე და რაც მთავარია, გაცილებით სუფთა ქალაქი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
როგორც იქნა ქალაქს გენგეგმა ეღირსა, თბილისის მერიამ ქალაქის ინტერესებით იხელმძღვანელა და გენგემის ავტორებთან თანამშრომლობით აღმოიფხვრა არსებული ხარვეზები. იმედი მაქვს, რომ ამით წერტილი დაესვა თბილისის ქაოტურ განვითარებას, რეგულირების თანამედროვე სტანდარტებს დაექვემდებარება თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია.
მივიღეთ მწვანე ქალაქის კონცეფცია ოთხი ახალი საქალაქო პარკის გაშენების, სარეკრეაციო სივრცეების განვითარების, მწვანე ლანდშაფტური დაგეგმარების და ბევრი სხვა იმედისმომცემი პერსპექტივით.
გენგემის მიღებული ვერსია საფუძველს იძლევა, რომ თბილისის მერიამ დაიწყოს ხელშესახები ცვლილებების განხორციელება ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, რაშიც მოსახლეობის მხარდაჭერა გარანტირებული ექნება“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე, თბილისისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს.
ოპოზიციას კი გენგეგმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს და უკვე ცნობილია, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით ორ ინიციატივას დააყენებს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განმარტებით, მათი ინიციატივა გულისხმობს იმ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებს და რეგულაციებს, რომლებიც უფლებას იძლევა, გაიყიდოს მშენებლობის კოეფიციენტები და გაიცეს სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თბილისელების ინტერესებს ეწინააღმდეგება, დარეგულირდეს, გამკაცრდეს ან საერთოდ გაუქმდეს.
„ფაქტია, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გავაკეთეთ, თბილისის მერიას გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულება არ შეეწყვიტა. შესაბამისად, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ თბილისის საკრებულოში უნდა გადმოიგზავნოს ეს დოკუმენტი. დოკუმენტი ვრცელტანიანია და ჩვენ რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რათა გავეცნოთ და ყველა ჩვენი შენიშვნა, წინადადება, რეკომენდაცია დავდოთ. თუმცა, ამ ქალაქს ვერც ერთი დოკუმენტი ვერ უშველის, თუ გენგეგმის მიღების პარალელურად არ დავიწყებთ მერიასა და საკრებულოში მსჯელობას - ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში აიკრძალოს მშენებლობის კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა და სპეციალური ზონალური შეთანხმებების გაცემა“, - აღნიშნა ნადირაძემ.
დეპუტატი დედაქალაქში ურბანული ქაოსის მოწესრიგებაზე საუბრობს, თუმცა ისიც საინტერესოა, რატომ ვერ ხედავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქაოსს, რომელიც სწორედ მისი მმართველობის პერიოდში აყვავდა და გაძლიერდა.
„თუ გვინდა დედაქალაქში ურბანული ქაოსი დასრულდეს, გენგეგმის მიღებასთან ერთად ეს ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ აყენებს, უნდა განვიხილოთ და მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამტკიცდება გენგეგმა, მაგრამ თუ ყოველ კვირას, ყოველთვე გამოვა განსახილველ საკითხებად ზონალური ცვლილებები, კოეფიციენტების მატება, გენგეგმაში ცვლილებების შეტანა, ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მოკლედ, საკრებულოში, წინ საკმაოდ მწვავე და ცხელი, დედაქალაქის ისტორიული გენგეგმის განხილვის პროცესი გველოდება, რაც დედაქალაქის თითოეული მოსახლისთვისაც უაღრესად საინტერესო პროცესი იქნება. ასევე საინტერესოა, რა დოზით იქნება შესაძლებელი იმ საზოგადოების ჩართულობა, რომელიც უჩვეულოდ ცხელი ზაფხულის საშვებულებო სეზონზე დედაქალაქის გენერალური განვითარების გეგმის დეტალებში ჩაღრმავებას მოინდომებს.