თბილისში მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების გაუმართაობა ყველასთვის თვალში საცემია. დედაქალაქი მერია უკვე ატარებს სპეციალურ კვლევას, რომლის მიხედვითაც გაირკვევა საერთოდ სჭირდება თუ არა ქალაქს ასეთი ტიპის ტრანსპორტი. ჯერჯერობით კი ყველაზე მეტი მგზავრი სწორედ „მარშრუტკებს“ გადაჰყავთ და მათი ჩანაცვლების ალტერნატივა არ ჩანს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 858 სატრანსპორტო საშუალებას გზაზე გადაადგილება აეკრძალა. იმ სატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებიც შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან ყვითელი მიკროავტობუსებიც მოხვდა.
„უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ტექნიკური ინსპექტირების შედეგებზე სტატისტიკურ მონაცემებს. მათ შორის, არის ტრანსპორტი, რომელიც სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ წინასწარ რა ინფორმაციაც მაქვს, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეული რაოდენობა იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან“, - აღნიშნა სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა.
ამასთან, რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექინსპექტირების გავლისას დახარვეზდა.
ყვითელ „მარშრუტკებს“ ცუდი თვალით უყურებს თბილისის მერი კახა კალაძეც, რომელიც დაუფარავად ამბობს, რომ მიკროავტობუსები არის კრიტიკულ მდგომარეობაში.
„ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, თუმცა მიდის მათი განახლება. დღეს რომ შევზღუდოთ და არ გამოვიყვანოთ, ხალხს ხომ სჭირდება გადაადგილება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ყველაზე მეტი მგზავრი მათ გადაჰყავთ. აქაც არის მძიმე მდგომარეობა. მათი 90 პროცენტი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მგონია, რომ რესურსი ამოწურული აქვთ. დღეს რომ მათ ლიცენზია ჩამოვართვათ, ეს გადაადგილების სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის.
ჩვენ მივიღეთ გრანტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და დავიწყეთ კვლევა რომელსაც ატარებს კომპანია „სისტრა“. ძალიან მალე გვექნება სრული სურათი, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორი უნდა იყოს ხაზები, რა მიმართულებით. საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი „მარშრუტკები“. როდესაც ეს კვლევა გვექნება, მერე ძალიან მარტივია გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა კალაძემ.
რამდენად გამართულია ტექნიკურად თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები? კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ ყვითელ სამაშრუტო ტაქსებს ტექდათვალიერება გავლილი აქვთ, სხვა შემთხვევაში მათ ხაზზე გასვლის უფლება არ ეძლევათ. ხაზზე გასული ავტომანქანები ყოველ საღამოს მოწმდება, უტარდებათ დათვალიერება და ა.შ. თუმცა, მათივე განმარტებით, არის მწყობრიდან გამოსვლის ცალკეული შემთხვევებიც, რომელსაც ობიექტური მიზეზები აქვს და რომლის აღმოფხვრაც ძალიან სწრაფ პერიოდში ხდება.
„ავტომანქანის გამართულობა დამოკიდებულია მის მიერ გავლილ მანძილზე. შესაბამისად, რაც უფრო მეტს გადის ავტომანქანა, რისკი იმისა რომ გაფუჭდეს, უფრო მაღალია. თუ ავტომობილი ფუჭდება, ის დაუყოვნებლივ შედის ავტოფარეხში, მას უტარდება სერვისი და ბრუნდება ხაზზე. ესევე აღსანიშანვია, რომ მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსის ჩანაცვლება ალტერნატიული მანქანით ხდება,“ - განუცხადეს „კომერსანტს“ კომპანიაში.