ლარსის გამშვებ პუნქტზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთული, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი 1500-მდე სატვირთო მანქანაა გაჩერებული. მათ ემატება საქართველოს სანომრე ნიშნებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები და საქართველ-რუსეთის საზღვარზე რამდენიმე კილომეტრიანი რიგია გაჭიმული.
როგორც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროში აღნიშნეს, ამის მიზეზი ის არის, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც რიგის დაჯავშნას ითვალისწინებს. რუსეთის მხარის მიერ შემოღებულმა წესებმა, ვითარება ძალიან დაამძიმა, რომელიც უკვე 1 კვირაზე მეტია გრძელდება.
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მე-6 დღეა შეფერხებით მუშაობს. ნაცვლად 400-500 სატვირთო ავტომობილისა, გამშვები პუნქტი 24 საათის განმავლობაში 240-მდე მანქანას ატარებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი, ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა.
„ქართული მხარის შეთავაზების მიუხედავად, დღე-ღამის განმავლობაში, სატვირთო მანქანების გადაადგილების მიმართულების შეცვლის სქემის გამოყენების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს პარალელურად მსუბუქი ავტომანქანების შეუფერხებლად გადაადგილებას, ასევე გამტარი ზოლების სრულად გამოყენებას, რუსული მხარე კვლავაც მხოლოდ ერთი გამტარი ზოლის (გეითის) გამოყენებით ახორციელებს სატვირთო მანქანების გატარებას.
ამ დროისთვის, საქართველოს მხარეს რუსეთის მიმართულებით გადაადგილების მიზნით, 600-ზე მეტი სატვირთო მანქანაა მობილიზებული“, - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი ვერ აკონკრეტებს როდის აღდგება საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩვეული რეჟიმით მუშაობა, რადგან რუსული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის.
„როდის აღდგება ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ამასთან დაკავშირებით არ ამბობენ არაფერს. ჩვენ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა შევთავაზეთ, თუმცა უშედეგოდ“, - განაცხადა მან.
„ამ წუთისთვის 600-მდე სატვირთო მანქანა ელოდება გასვლას. არ ვიცით, რა რაოდენობის მანქანებია რუსეთის მხარეს დაგროვილი, რომლებიც აქეთ გამოსვლას ცდილობენ. ჩვენ არანაირი ტექნიკური შეფერხება არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებული ვართ მეზობელ ქვეყანაზე - რუსეთზე, რომელმაც ჩვენთან ერთად უნდა იმუშაოს“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
სომეხი გადამზიდავების გარდა, პრობლემა აქვთ ქართულ კომპანიებს და ფერმერებსაც. ახლა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. ამ დროს კი სახმელეთო გზით მალფუჭებადი აგროპროდუქტების გადატანა შეფერხებულია. განსაკუთრებით პრობლემა ექმნება ატამს, რომლის „რთველიც“ უკვე დაწყებულია და პიკს ამ დღეებში მიაღწევს. წელს მისი გასაღების მთავარი ბაზარი სწორედ რუსეთია. თუკი ლარსის გამშვები პუნქტის მუშაობა არ აღდგა, გადამზიდავებთან ერთად, ფერმერებიც საკმაოდ იზარალებენ.