ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა ქართულ ტელესივრცეში ნამდვილი ომი გამოიწვია. საზოგადოებრივი მაუწყებელი და Myvideo.ge იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ მათი დავა ვეღარ კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვიტა და საქმეში სასამართლო ჩაერთვება. საქმე შეიძლება ფინანსური ზარალის ანაზღაურებამდეც მივიდეს.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge-ს პირველი არხის სიგნალის გათიშვა დაავალა. კომუნიკაციების კომისიას საკითხის განხილვის მოთხოვნით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა.
მაუწყებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობენ. შესაბამისად, მატჩების მსვლელობისას Myvideo.ge-მ და სხვა პორტალებმა სატელევიზიო სიგნალი უნდა შეზღუდონ. გარდა ამისა, მაუწყებელში მიაჩნიათ, რომ Myvideo.ge არხის კონტენტს კომერციული მიზნებით იყენებს, როდესაც ვებ-გვერდზე რეკლამას უშვებს.
ამიტომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პირველი არხის პოზიცია გაიზიარა, Myvideo.ge-ს მფლობელი კომპანია ITDC წერილობით გააფრთხილა და სატელევიზიო სიგნალის დაუყოვლებლივი შეწყვეტა დაავალა.
პორტალი კი ამ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს და საქმის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მათი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის წილის, უსამართლო გზებით მიტაცებას.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს, კანონით რეკლამის გაყიდვის უფლება აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, მას ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობა არ უნდა ან არ შეუძლია. მიზნის მისაღწევად, მათ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე მომუშავე კომპანიების შევიწროება განიზრახეს, რაშიც მათ აქტიურად ეხმარება, კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
2018 წლის, 1 ივნისს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გამოგზავნა სრულიად აბსურდული მოთხოვნა, რომლის შინაარსიც გულისხმობს, რომ myvideo-ზე ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, შეწყდეს პირველი და მეორე არხის ჩვენება. ამის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოიტანა კიდევ უფრო აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჩვენ დაგვევალა პირველი და მეორე არხის დაუყოვნებლივი გათიშვა არა მარტო ფეხბურთის დროს, არამედ სრულად, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთოდ არ მოუთხოვია.
ჩვენი პოზიცია არის მარტივი და გასაგები. კანონით myvideo, არის ისეთივე ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია, როგორიც არის მაგთი TV, silk TV და ასობით სხვა საკაბელო და ციფრული ტელევიზია. არც ერთ მაუწყებელს, მით უმეტეს საზოგადოებრივს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება და რომლის პირდაპირი მოვალეობაა მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კანონის მიხედვით არ აქვს უფლება მოახდინოს განსხვავებული პირობების დაწესება, რომელიმე ცალკეული ტრანზიტორისათვის.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას, ჩვენ მას გავასაჩივრებთ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, არ დავტოვებთ მილიონობით მაყურებელს ფეხბურთის გარეშე!“ - აღნიშნულია განცხადებაში.
თავის მხრივ საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, Myvideo-მ უნდა შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზიტი გაურკვეველი წყაროდან:
„ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საკუთარ პლატფორმებზე (ტელევიზია, ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია) ფლობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მატჩების მაღალი ხარისხით ტრანსლირებას მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შესაძლებელი საშუალებით. შესაბამისად, ლოგიკას მოკლებულია myvideo.ge-ს პოზიცია, იდავოს იმ პროდუქციის ტრანზიტზე, რომელზეც ლიცენზია მას არ ეკუთვნის. უფრო მეტიც, ამ აბსურდულ ინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია და ემსახურება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და myvideo.ge-ს შორის არაერთი მოლაპარაკება გაიმართა. სამწუხაროდ, კომპანიამ უგულებელყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა მოთხოვნა და კვლავ აგრძელებს ე.წ. პირატულ ტრანზიტს.
ფიფას რეგულაციების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე განახორციელოს ჩემპიონატის ტრანსლაცია, ამავდროულად დაემორჩილოს კონტრაქტით ნაკისრ მკაცრ ვალდებულებებს (ტრანსლაციის ფარგლებში რეკლამის განთავსება, საქართველოს გარეთ სიგნალის გადაცემის შეზღუდვა და ა.შ.).
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, დაიცვას მაყურებლის უფლება, შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორებთან ნაკისრი ვალდებულებები, იზრუნოს ქვეყნის იმიჯზე და უზრუნველყოს ე.წ. პირატული გზებით ექსკლუზიური პროდუქტის უკანონო და არამართლზომიერი ფაქტების აღმოფხვრა“, – ნათქვამია „პირველი არხის“ განცხადებაში.