პატიმარ მალხაზ არქანიასთან ადვოკატებს ისევ არ უშვებენ

პატიმარ მალხაზ არქანიასთან ადვოკატებს ისევ არ უშვებენ

[ნინო მიქიაშვილი]

პატიმარ მალხაზ არქანიას მონახულების უფლებას ადვოკატებს კვლავ არ აძლევენ, რის შესახებაც 7 ივლისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, საქართველოს მთავარ პროკურატურას და სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს მიმართა.

იმაზე, თუ რა უთხრა მის სულიერ მოძღვარს პატიმარმა, რა დაბრკოლებებს წააწყდნენ ადვოკატები, გლდანის №8 საპყრობილეში და რა გახდა მთავარი პროკურატურისა და სახალხო დამცველისთვის მიმართვის საფუძველი, „ობიექტივი“ შეხვდა და ესაუბრა პატიმრის დას, ნინო არქანიას, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელს, ელგუჯა ჩხაიძეს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს.

მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატებმა არქანიას უფლებების დაცვა, პატიმრის ოჯახის თხოვნის საფუძველზე დაიწყეს. 29 ივნისს, თავად გავხდით იმის თვითმხილველი, როგორ არ შეუშვეს მალხაზ არქანიასთან შესახვედრად ადვოკატი ელგუჯა ჩხაიძე. მეორე დღესაც იგივე განმეორდა, რასაც თავად ადვოკატი ასე იხსენებს:

„დილით მივედი. ფორმალური მხარეები გავიარე, ოთახში შევედი, სადაც პატიმარი უნდა შემოეყვანათ. საათი და 10 წუთი ველოდე. რატომ არ მოგყავთ-მეთქი, - ვიკითხე. ერთი საათი არ იყო მის მოსაყვანად საჭირო, ბათუმიდან ხომ არ მოჰყავდათ?! მითხრეს „პატიმარს თქვენთან საუბარი არ სურს, უარს გეუბნებათ, ადვოკატთან შეხვედრა არ უნდაო”. შემდეგ პრეტენზია გამოვთქვი - მომიყვანეთ და დამანახეთ, ეს კაცი ცოცხალია თუ არა, ნაცემი ხომ არ არის?! თავად მან მითხრას უარი, რომ არ ვუნდივარ. მერე ავდგები და წავალ-მეთქი. პატიმარი არ მომიყვანეს. დირექტორთან ჩავედი, იქ არ იყო, მისი მოადგილე დამხვდა. მან მითხრა - „თქვენ აცილება მოგცათ, პატიმარს თქვენთან საიუბარი არ სურსო“.

დირექტორის სახელზე განცხადება დავწერე, რომ გაურკვეველია, არ ვიცი მართლა ამბობს თუ არა პატიმარი უარს და გთხოვთ, ოფიციალურად, კანონიერად გამცეთ პასუხი, რის საფუძველზე მეთქვა უარი და რატომ არ მომეცა პატიმართან შეხვედრის შესაძლებლობა-მეთქი. განცხადება დავტოვე,  „პასუხი საღამოს ხუთამდე იქნებაო“, მაგრამ დღემდე არ არის.

6 ივლისს მალხაზ არქანიასთან შესახვედრად ადვოკატი ჯუმბერ მილორავა წავიდა. მანაც იგივე პროცედურები გაიარა, როგორიც მე. ელოდა პატიმარს, არ მოუყვანეს. შემდეგ პრეტენზია გამოთქვა. დირექტორის

 სახელზე იგივე შინაარსის განცხადება დაწერა. მოადგილეს შეხვდა, რომელმაც განუცხადა - „პატიმართა წითელი ჯვარია და ვერ შეგიშვებთო“. 7 ივლისს გლდანის №8 დაწესებულებაში ჯუმბერ მილორავა კიდევ მივიდა, იგივე პროცედურა გაიარა და პატიმარს არ შეახვედრეს. დირექტორის მოადგილეს ესაუბრა და განცხადებაც დატოვა  - „გამეცით ოფიციალური პასუხი რატომ არ მახვედრებთ პატიმარს! დღესაც ხომ არ არის წითელი ჯვარიო“. ამაზე ასეთი სიტყვიერი პასუხი მიიღო - „დღეს პატიმარს თქვენთან შეხვედრა არ უნდაო“.

ამ ადამიანის შესახებ ვერაფერს ვგებულობთ, ის ამ დღეებში ადვოკატის გარეშე იმყოფება. არ ვიცით ფიზიკურად როგორ არის, როგორ გამოიყურება, ფიზიკური ზემოქმედების კვალი ხომ არ ემჩნევა, ფსიქოლოგირუი ზეწოლის ქვეშ ხომ არ არის. ამას ვერ ვიგებთ, იმიტომ, რომ მოწყვეტილია გარე სამყაროს, ჩამორთმეული აქვს ადვოკატის ყოლის უფლება. პატიმარს ადვოკატის ყოლის უფლებას, არც ერთ ქვეყანაში არ ართმევენ. ამასთან, ჩვენი უფლებებიც, როგორც ადვოკატების უფლებებიც დაირღვა. მე და ჯუმბერ მილორავამ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის სახელზე განცხადება დავწერეთ - ჩვენი უფლებები ირღვევა, გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი სტატუსი და დაგვეხმაროთ ჩვენი უფლებების განხორციელებაში-თქო“.

„ობიექტივი“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ ადვოკატების განცხადების საფუძველზე, 7 ივლისს მთავარ პროკურატურას და სახალხო დამცველს მიმართა.

პატიმრის დის, ნინო არქანიას თქმით, 4 ივლისს გლდანის №8 საპყრობილეში მალხაზ არქანიასთან სულიერი მოძღვარი იყო შესული, რომელსაც პატიმარი დათრგუნული დახვდა.

„ჩემმა ძმამ მას უამბო რატომ მისცა აცილება ადვოკატ ლექსო არქანიას - დაემუქრნენ -ოჯახს აგიწიოკებთ, ლექსო არქანიას დავიჭერთო. 22-ში, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემული ახსნა-განმარტების შემდეგ, რაც გადახდა, სულიერ მოძღვარს ამის შესახებაც უამბო. უთხრა რატომ თქვა უარი იმაზე, რომ სახალხო დამცველს საქმის წარმოება გაეგრძელებინა - საკანში 6 პატიმარი შეუყვანეს, რომლებსაც უბრძანეს - „მიდით და გააუპატიურეთო“. ამით ჩემს ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინეს და აიძულეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ აღარ უნდოდა საქმის წარმოების გაგრძელება.

სანამ ჩემს ძმასთან ადვოკატი ლექსო არქანია შედიოდა, მეორე კორპუსის №26-ე საკანში, ექვსადგილიან საკანში მარტო ჰყავდათ. მას შემდეგ, რაც ჩემი ძმის გაუპატიურება ექვს პატიმარს უბრძანეს, საკანში 4 პატიმარი შეუსახლეს. როგორც მის სულიერ მოძღვარს უთხრა, ღამე არ იძინებს, იმის შიშით, რომ რაიმე არ მოიმოქმედონ. მის თანასაკნელებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიუთითეს - თუ შეამჩნევთ, რომ აზრი შეიცვალა,  განზრახვა სისრულეში მოიყვანეთო. გვერდებზე ხელი დაუდია და მისი მოძღვრისთვის მიუნიშნებია ძალიან მტკივაო. ისიც უთქვამს ხილვები მაქვს, აქედან, რომ გამოვალ ბერად მინდა აღვიკვეცოო“.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცემა-წამებით სახელგანთქმულ გლდანის №8 საპყრობილეში მყოფთაგან მალხაზ არქანია ერთადერთია, ვინც სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ახნა-განმარტებაში ღიად ისაუბრა წამების იმ მეთოდებზე, რაც უშუალოდ მასთან მიმართებაში გამოიყენეს. „ობიექტივმა“  ვრცელი მასალა 24 ივნისს, ასეთი სათაურით გამოაქვეყნა - „პატიმარ მალხაზ არქანიას სცემენ, თავის ჩვენებას აჭმევენ და გაუპატიურებით ემუქრებიან, რომელშიც პატიმრის დაწერილი ექვსგვერდიანი ახსნა-განმარტება შეგიძლიათ წაიკითხოთ.

პარასკევს, 1 ივლისს სასტუმრო „ქორთიად-მერიოტში“, წამების საწინააღმდეგო ღონისძიებაზე, ევროკავშირის ელჩს, ფილიპ დიმიტროვს, ზაზა ხატიაშვილმა ჩვენს თვალწინ გადასცა ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება.

ორშაბათს, 4 ივლისს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, პატიმრის დის განცხადების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს,  დავით ჭაკუას რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველეყოთ მსჯავრდებულ არქანიას უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიების გატარება და „საჭიროების შემთხვევაში მისი გადაყვანა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.