შსს კალანდიას დაკავების საფუძველს ვერ ხედავს

შსს კალანდიას დაკავების საფუძველს ვერ ხედავს

ზაზა სარალიძე შსს–ს ეზოში მანამ დარჩება, სანამ შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. ეს გადაწყვეტილება დაზარალებულმა შსს–ს კრიმინალური პოლიციის უფროსთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, სადაც მას განუცხადეს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაიწყება.

„კრიმინალური პოლიციის დირექტორს შევხვდი, რომელიც მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დაიჭერენ კალანდიას. მტკიცებულებები არსებობს უკვე და ხელის დაფარება უნდათ. დააფარონ, აქ ვიჯდები, სანამ არ დაიჭერენ. ახლა მაინც ხომ ვერ იტყვიან იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უდგას გვერდშიო? – ვიდგები აქ!

არანაირი პირობა არ მოუციათ, კიდევ იმას იძახიან, რომ დრო უნდათ. დრო გავიდა – უკვე შვიდი თვე. ხელს აფარებენ. მინისტრთან შეხვედრას აზრი არ აქვს, მინისტრმა არ იყო რომ თქვა, 4 დეკემბერს ყველაფერს მოვრჩითო?! მინისტრი სახლში უნდა წავიდეს საერთოდ, არ არის გასაჩერებელი, მატყუარა, აფერისტია. საქმის თავიდან შეკერვა უნდათ, დროს წელავენ სპეციალურად“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

პარალელურად, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის სხდომა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეს სწავლობს. დაპირისპირების მიზეზი „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციას მოჰყვა, რომელიც ერთ-ერთი არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხებოდა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის ოთარ კახიძეს განცხადებით, პირი, ვისაც უჭირავს მსხვერპლი და შესაძლებლობას აძლევს დანით შეიარაღებულებს, რომ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენონ, ეს პირი არის თანააღმსრულებებლი და ეს არის კონკრეტული როლი, რომელიც მიხეილ კალანდიას აქვს ამ დანაშაულში. მისი თქმით, პროკურატურის ვერსია, რომ კალანდიამ დაინახა გ.ბ ურტყამდა დანებს და შემდგომ 8, 9 მეტრი, გაირბინა, მივიდა ფარდულთან და ჩაერთო ჩხუბში, არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით.

„საქმეში არ არის ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც პროკურატურის ამ ვერსიას ამყარებს. ეს არის პროკურატურის ვერსია, რომლითაც პროკურატურა შეეცადა, ამ საქმიდან მიხეილ კალანდიას გამოეძვრინა. პროკურატურა პირდაპირ საუბრობს, რომ კალანდია როცა მიიმალა გ.ჯ-სთან ერთად, მიმალვის განზრახვა თვითონ კი არ ჰქონდა, უბრალოდ თავის მეგობარს გაყვა. ამ ვერსიას მე არა თუ ვიზიარებ, არამედ კატეგორიულად ვემიჯნები. პროკურატურა, როდესაც ცდილობდა კალანდიას გამოეძვრინა, ისე აიღო ჩვენებები და ისე წაიყვანა საქმე, რომ კალანდია დანაშაულის თანააღმსრულებლად მაინც გამოიყვანა, ოღონდ არა ცივი იარაღით ხელში, არამედ თანააღმსრულებელი, რომელსაც უჭირავს მსხვერპლი და უადვილებს სხვა პირებს დანების დარტყმას. ამ მიკერძოებული პროკურატურის დასკვნის პირობებშიც კი, მიხეილ კალანდია არის თანააღმსრულებელი. რომ არა ამ მკვლელობაში რამდენიმე პირის, კონკრეტულად კალანდიას მონაწილეობა, რომელსაც ერთი ხელით უჭირავს, მეორეთი კი, ურტყამს, დავით სარალიძის მკვლელობას ერთი გ.ჯ-ს მიერ პრაქტიკულად გამორიცხულია“, – აცხადებს ოთარ კახიძე.

„ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციას არ ეთანხმება დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი საპარლამენტო უმრავლესობა. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია გავს ღია კარის მტვრევას, ვინაიდან საქმეზე გამოძიება შსს-ს დაწყებული აქვს.

მამუკა მდინარაძემ ოთარ კახიძეს ურჩია, ეთქვა, რომ ან იურისტი არ არის, ან - პოლიტიკური ინტერესი აქვს.

„ჩვენ გვაინტერესებს, ზაზა სარალიძის ეჭვი, რომ კალანდიას ეჭირა დანა, რომელსაც ვიღაც ფარავდა, რათა არ გამომჟღავნებულიყო, რეალურია თუ არა. ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს. ხოლო ის ვერსია, რაც თქვენ გაქვთ (პროკურატურის და კალანდიას ვერსია), უარყო სასამართლომ, მაგრამ ამ ვერსიაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ საყელოში დაქაჩვა და მუშტის დარტყმა უნდა შეფასდეს, დაკვალიფიცირდეს მკვლელობაში თანამონაწილეობად, თანააღმსრულებლობად, ან დახმარებად.

ეს არის იურიდიული ნონსენსი და პოლიტიკური ინტერესი. ჩვენ გვაქვს ინტერესი რეალობის გარკვევის და დადგენის, თქვენ გაქვთ პოლიტიკური ინტერესი ასეთი ტენდენციურობის. ბატონო ოთარ, ახლა თქვენ ან უნდა თქვათ, რომ იურისტი არ ხართ და არც მე გკადრებთ ამას და არც თქვენს თავს აკადრებთ, ან უნდა თქვათ, რომ პოლიტიკური ინტერესი გაქვთ, რომ ეს ასე მოხდეს“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ.

დაპირისპირების პროცესში ჩაერთო „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია, რომლის განცხადებით, საქმეში და შედეგ კომისიაში სამდღიანი დაკითხვებით აშკარაა, რომ პროკურატურა არათუ არ ეძებს, არამედ არ ახდენს მტკიცებულებების ამოღებას, რაც მისი თქმით, დიდი ეჭვის საფუძველი ხდება. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, გაუგებარია, როგორ შეიძლება, დროულად არ დაკითხო მოწმეები, არ ამოიღო კამერები, დაინგრეს და არ დაიცვა მკვლელობის ადგილი, ფარდული.

„გამოძიება მიზანმიმართულად შემარცხვენელი ტყუილებით ხსნის, რატომ არ ამოიღო მიმოწერა, რომელიც დაგვეხმარებოდა მოტივის და განზრახვის დადგენაში. დღესაც კომისიას იმ პირობებში უწევს მუშაობა, როდესაც განადგურებულია მტკიცებულებები და ამ განადგურებული მტკიცებულებების პირობებშიც ჩვენ ვხედავთ, საქმიდან იკვეთება, რომ ეს ადამიანი, მიხეილ კალანდია საზარელ მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას. როდესაც მივედით პროკურატურის პოზიციის მთავარ წერტილამდე, ვეძახით მას ადვოკატს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ არ გახდებით ეს ადვოკატები, მართლა არ ვკარგავ იმედს, რადგან გადის დრო, ეს ყველაფერი რჩება და ხალხი ამას აფასებს. აქ ადამიანი ამბობს, რომ აჩეხილ, აკუწულ ბავშვს მუშტს რომ ურტყამდა, ეს არის გაშველებაო. ასეთ მარაზმატიკულ სურათში ვართ და შავით თეთრზე ყველაფერი წერია“, – მიმართა ელენე ხოშტარიამ უმრავლესობის წევრებს.

ხოშტარიას ეკა ბესელიამ მიმართა, როდესაც მისი ხელისუფლება ადამიანებს კლავდა, მაშინ აღშფოთებულიყავნენ. როგორც ბესელიამ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიამ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში.

„ქალბატონო ელენე, თქვენ, რომ არ მიგაჩნიათ ამაზე საუბარი რელევანტურად და არ გაინტერესებთ ეს პრობლემაა. აუცილებელია, რომ პარლამენტის წევრი ამ წესებს იცავდეს. თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყავით, წესებს რომ არ იცავდით, იმიტომ ხდებოდა იმდენი უბედურება. როდესაც თქვენი ხელისუფლება ადამიანებს თავად კლავდა, მაშინ აღშოფთებულიყავით.

თავი შეიკავეთ ასეთი მენტორული და მორალისტური პოზიციებისგან და თითის ქნევისგან. თქვენ რაზეც დაგიფარებიათ ხელი, იმაზე არ გიგიათ ჯერ პასუხი. ამ საქმეზე ხელის დაფარების განწყობა ვინმეს რომ ჰქონოდა, კომისიას არავინ არ შეგაქმნევინებდათ და არავინ მოგცემდათ ამ მანდატს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმეზე არაუფლებამოსილი პირი, ზვიად კუპრავა დაკითხა, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად არაფორმალურად იძიებდა საქმეს. კუპრავამ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანი საკუთარი შვილის გამოკითხვის დროს გამომძიებელს თავზე ადგა, როგორც მონიტორინგის სამსახური.

„ჩვენ ვხედავდით, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში და მისი გვარი მოხსენიებული იყო „და სხვებში“. გაგვიჩნდა ლოგიკურად ეჭვი, რომ „და სხვებში“ მალავდნენ ვიღაც ადამიანებს. ჩვენში პირველი კითხვის ნიშნები სწორედ ამან დაბადა, რადგანაც, თავდაპირველად ზაზა სარალიძე გამოძიებას ენდობოდა.

გამოძიებაში ეჭვი მას შემდეგ შევიტანეთ, რაც ფაქტობრივი გარემოებები ხდებოდა ცნობილი. თუნდაც ის ფაქტი, რომ დეპუტატის შვილი მონაწილეობდა და საქმის მასალებში არ ფიგურირებდა, თუნდაც ის, რომ მირზა სუბელიანი მუშაობდა პროკურატურაში და როდესაც მისი შვილი იკითხებოდა, მას ახლდა თან. მართალია, ის, როგორც მშობელი ახლდა თან, თუმცა ამავდროულად თავზე ადგა გამომძიებელს, რომელიც კითხვებს უსვამდა მის შვილს. ამ დროს გამომძიებელი ვერ დასვამს კრიტიკულ კითხვებს. მირზა იყო დაინტერესებული პირი. სწორედ ჩვენი იმდროინდელი შეფასებით, მირზა იყო მონიტორინგის სამსახურის შემსრულებელი, რათა მის შვილთან კრიტიკული კითხვა არ დასმულიყო“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მისი თქმით, შსს–ს წარმომადგენელი კახა სირაძე ვალში იყო მირზა სუბელიანთან, ამის გამო სირაძე „უყურადღებოდ“ მოექცა ფარდულის განადგურებას. კუპრავას თქმით, სირაძემ მირზა სუბელიანის დამსახურებით შეინარჩუნა თანამდებობა.

„რატომ მიუდგა სირაძე გულგრილად? ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კახა სირაძე, როდესაც მერაბიშვილი დაიჭირეს, თანამშრომლებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ეს პირები იყვნენ ვანო მერაბიშვილის გარემოცვა და მოსთხოვეს მათ „პატაკების“ დაწერა და სამსახურიდან წასვლა.

მათ დაწერეს „პატაკები“ სამსახურიდან წასვლაზე, თუმცა თარიღი გენინსპექციის მოთხოვნით არ იყო დასმული, რის შემდეგაც კახა სირაძემ დაურეკა მის უახლოეს მეგობარს მირზა სუბელიანს და სთხოვა შუამდგომლობა რათა ეს ადამიანები სამსახურიდან არ წასულიყვნენ.

თავის მხრივ, სუბელიანმა გაუწია შუამდგომლობა და მათი ნაწილი დატოვეს შსს-ს ორგანოებში, მათ შორის კახა სირაძე. ეს იყო მირზა სუბელიანის დამსახურება. მას შემდეგ რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე სისხლიანი ტრაგედია, სუბელიანი დაუკავშირდა კახა სირაძეს, რომელიც ვალში იყო მასთან და უთხრა, რომ ფარდულისთვის მიექცია ყურადღება“, – აღნიშნა კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავამ და აქვე დასძინა, რომ სუბელიანის და სირაძის სატელეფონო საუბრები 1-2 დეკემბერს შედგა.

საქმეზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, საპარლამენტო კომისიამ და ასევე მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცენ პასუხი იმას, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მესამე დაჭრილი პირით, ვინ დაჭრა ის და რატომ არ დადგა ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

„გამოძიების მასალებიდან გამომდინარე, რაც არსებობს უკვე და რაც არსებობდა გამოძიებაში, იკვეთებოდა ის, რომ ადგილზე, სავარაუდოდ, იყო მესამე დაჭრილი არასრულწლოვანი. ეს იკვეთებოდა მოწმეთა ჩვენებებიდან, თუმცა სამწუხაროდ, ამ მიმართულებით გამოძიება უფრო შორს არ წასულა.

არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაგვიანებით ჩატარდა, თუმცა მაინც ადასტურებს, რომ არსებობდა სხეულზე დაზიანებები, რომელიც, შესაძლოა, მიყნებული ყოფილიყო სწორედ მჭრელი და ბასრი ზედაპირით. ამ მიმართულებით უფრო შორს არ წასულა გამოძიება და მე ვფიქრობ, რომ დღეს საპარლამენტო კომისიამ და ასევე მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცენ პასუხი იმას, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მესამე დაჭრილი პირით, ვინ დაჭრა ის და რატომ არ დადგა ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.