„კამერების დამონტაჟება ოკუპანტებს, ასე თუ ისე, ფსიქოლოგიურად მაინც შეაფერხებს“

„კამერების დამონტაჟება ოკუპანტებს, ასე თუ ისე, ფსიქოლოგიურად მაინც შეაფერხებს“

საოკუპაციო ხაზთან მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა იგეგმება. შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მის უწყებას საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით გეგმები აქვს, მაგრამ აქ ძირითადი კომპონენტია ტექნოლოგიური ნაწილის განვითარება სხვადასხვა ფორმით. ეს უნდა იყოს კამერებისა და მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ იდეის შესახებ მედიასაშუალებებში არაერთხელ უსაუბრია. კამერებისა და მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა აუცილებლად უნდა მომხდარიყო, რადგან ამით დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის არეალი უნდა გამოკვეთილიყო.

„როგორც ჩანს, დაუჯერეს ქართულ საექსპერტო საზოგადოებას და სულ არარაობას, ამ ინიციატივის განხორციელება ბევრად უკეთესია. ოკუპანტებს ამ კამერების დამონტაჟება, ასე თუ ისე, ფსიქოლოგიურად მაინც შეაფერხებს. სხვათა შორის, ბატონი გიორგი გახარია ეფექტური მენეჯერი აღმოჩნდა ისევე, როგორც ბატონი კახა კახიშვილი. ვფიქრობ, ამიერიდან საოკუპაციო ხაზთან ამდენ ქართველს მაინც აღარ გაიტაცებენ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ამავე პოზიციას იზიარებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი. For.ge-სთან საუბარში ადვოკატი აცხადებს, რომ, თუკი საოკუპაციო ხაზთან გვეყოლება მობილური ჯგუფი და, მით უმეტეს, ვიდეოკამერებით დააფიქსირებენ სიტუაციას, მაშინ ქართველებს გაცილებით მეტი მტკიცებულება გვექნება ჩვენი პოზიციების დასაცავად.

„ჯერ ისედაც იქ ხელოვნური საზღვარია. ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები ყოველთვის უარყოფდნენ ხოლმე გატაცების ფაქტს და ამბობდნენ, ქართველები უკანონოდ გადმოდიან და საზღვარი დაარღვიესო. ჩვენები კი ძირითადად ამბობდნენ, რომ თუნდაც ეს არაკანონიერი საზღვარი არ დაურღვევიათ. ამიერიდან კამერები დააფიქსირებს სიმართლეს, რასაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებიც ნახავენ და შეხვედრებზე უკვე ცხვირწინ აუფარებენ ამ ფაქტებს საოკუპაციო რეჟიმს. თუკი სადავო ნაკლები იქნება, მაშინ, ალბათ, შემცირდება კიდეც ქართველების გატაცების ფაქტები“, - მიიჩნევს გელა ნიკოლაიშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით დარჩიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საოკუპაციო ზოლის კონტროლი დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. ეს კეთდებოდა კიდეც, სანამ ამ ზოლის კონტროლი არ შეასუსტა და არ მოარღვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ახლა თუ დაუბრუნდებიან იმ მოდელს, რაც მანამდე იყო, ცუდი არ იქნება.

რაც შეეხება მოსაზრებას, რამდენად დააფრთხობთ კამერები იმ ადამიანებს, რომლებიც კრიმინალისა და პოლიტიკური ზრახვების გამო ქართველებს იტაცებენ?! ამის შესახებ დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ბევრად უფრო ფრთხილად იქცეოდნენ, როდესაც იქ განლაგებული იყო ჩვენი სპეციალური ქვედანაყოფები, რადგან იცოდნენ, რომ მათთან შეიძლება ჰქონოდათ საქმე. დღეს კი ეს აღარ ხდება, ჩვენი მოქალაქეები დაუცველნი არიან. ამდენად, კამერები მხოლოდ დამატებითი ტექნიკური საშუალებაა, რომლებიც სპეცდანაყოფებს უნდა ჰქონდეს. მთავარია, სპეცდანაყოფები იდგნენ საოკუპაციო ხაზთან, სადაც პერიოდულად იქმნება პრობლემები.