პრემიერ-მინსტრის მამუკა ბახტაძისთვის სახელმწიფო სტრუქტურებში ავტოპარკთან დაკავშირებული მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ მთავრობა სახელმწიფო ავტოპარკთან დაკავშირებით ახალ რეგულაციას მიიღებს. კვირიკაშვილის მიერ შავ ჯიპებთან დაწყებული ბრძოლა ბახტაძის პერიოდშიც გაგრძელდება.
„შემდეგ მთავრობის სხდომაზე წარმოვადგენ კონცეფციას, რომელიც მხოლოდ ჯიპებს არ შეეხება, ის შეეხება ზოგადად ავტოპარკს, პერსონალურ მანქანებს და ბუნებრივია, ის სიტუაცია, რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი კატეგორიულად მიუღებელი. ახალი ინიციატივა უკვე დამუშავებულია, რომელიც განსაკუთრებით ეხება ე.წ. პერსონალურ ავტომობილებს“, - განაცახდა პრემიერმა.
მანამდე კი მამუკა ბახტაძემ სამთავრობო ავტოპარკში შავი ჯიპების ჩანაცვლების თაობაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ძალაში დატოვა. ამით გაგრძელდა სახელმწიფო უწყებებში ავტოპარკის ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება.
მინისტრები მალევე გამოეხმაურნენ პრემიერის მკვეთრ პოზიციას. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, სამინისტრო კვლავ გეგმავს არსებული მანქანების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლებას, თუმცა როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი ამბობს, რომ მის უწყებაში არც ყოფილა ამ მხრივ რაიმე გართულება.
„მეექვსე წელია, რაც მე ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობ, არც ერთი ავტომობილი არ ყოფილა ამ პერიოდში შეძენილი სამინისტროში, სამსახურეობრივი მოხმარებისთვის. ამის საპირწონედ კი გეტყვით, რომ შეძენილი იქნა 230 სპეციალური მოხმარების რეანომობილი. 6 წელია გვაქვს ის ავტოპარკი, რაც გვქონდა, არც ერთი ავტომობილი არ განახლებულა“, - განაცხადა სერგეენკომ.
თბილისის მერი კახა კალაძე კი სამთავრობო უწყებებში ჯიპების ჩანაცვლების თაობაზე პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივას მიესალმება. რაც შეეხება უშუალოდ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს, როგორც კალაძე აცხადებს, დედაქალაქის მთავრობა შავი ჯიპებისგან თავისუფალია.
„პრემიერის ინიციატივას ჯიპების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მივესალმები. დედაქალაქის მერია შავი ჯიპებისგან თავისუფალია, უბრალოდ, გყავს პიკაპის ტიპის მანქანები, რომლებიც გარკვეულ სამსახურებს სჭირდება“,- განაცხადა კალაძემ.
ბახტაძე მხარს უჭერენ საპარლამენტო უმრავლეობაშიც. „ალბათ, მოტოროლებზე ვერ გადავლენ მინისტრები, მაგრამ გარკვეულწილად, ბუნებრივია, ცოტა უნდა დაზოგონ თანხები და მართლაც არ არის საჭირო -100 000 ლარიანი მანქანებით სიარული , - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ავტოპარკთან დაკავშირებით.
„შავი იქნება, წითელი თუ ყვითელი, ფერს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რა ხარჯებია ამ მანქანებში და რამდენად იტანს და უნდა აიტანოს სახელმწიფომ. მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობის დროს არ ვიცი რამდენი გადაიხადა, ალბათ აუდიტი გაარკვევს. მაშინ ის არ იყო პრემიერ-მინისტრი, ახლა პრემიერია და სხვა თვალით უყურებს, ალბათ, ამ ყველაფერს“, - განაცხადა ქანთარიამ.
დეპუტატმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ველოსიპედებით გადაადგილებაც შეიძლება.
„ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ მთა-გორიანი ადგილი გვაქვს და ამდენად გაძნელდება, ვინაიდან ყველას არ აქვს ძალა, რომ აღმართებში მიაწვეს და თუ ამომრჩეველიც დაეხმარება ხოლმე, მაშინ შეიძლება განხილვის საგანი გახდეს. პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდაა, მაგრამ მარტო თავის თავისთვის ხომ არ უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა ქანთარიამ.