მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქის ქუჩებში გადატანა, როგორც მოსალოდნელი იყო, ივლისისთვის ვერ მოესწრო. იგი მხოლოდ 2019 წლიდან ამოქმედდება, თუმცა შეცვლილი და გართულებული ფორმატით. მომავალ მძღოლებს 1 თეორიული და 2 პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
„მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა. ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„მართვის მოწმობის მისაღებად, კანდიდატს თეორიული და განახლებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. კანდიდატები პირველ რიგში გამოცდას დახურულ მოედანზე, არსებული ბარიერების გადალახვის შემდეგ შეძლებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავა პოტენციური მძღოლი, გამოცდის მეორე, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე“, - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.
მათივე განმარტებით, ძალაში რჩება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდისას ამ დროისთვის არსებული ყველა - ექვსივე კომპონენტი, რომელთა გავლაც მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ამჟამად უწევთ.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით, საწყის ეტაპზე, ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება, ვინაიდან ამ ორ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა, მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება.
ასე რომ, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 9 ქალაქში შეძლებენ: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. ყველა ქალაქში ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუკი მოხდება შეცდომის დაშვება რეალურ სივცეში და გამოცდაზე გასული ადამიანი ვერ შეძლებს ჩააბაროს გამოცდა, მას უნდა მიეცეს ვადა, დაახლოებით, 1 თვე მაინც, რომ ქალაქში მოძრაობის უნარ-ჩვევები შეიძინოს და ხელახლა გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე.
ავტოსკოლებში კი მიაჩნიათ, რომ ვიდრე მომავალი მძღოლი ქალაქში დამოუკიდებლად დაიწყებს გადაადგილებას, მანამდე გარკვეული პერიოდი ინსტრუქტორებთან ერთად უნდა იაროს.
ავტოსკოლა „რალის“ წარმომადგენელი ნინო რევაზიშვილი ადასტურებს, რომ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შემდეგ მძღოლი არ არის მზად ქალაქში სამოძრაოდ. ამიტომ, მისი აზრით, სამომავლოდ უფრო მეტი დრო, მონდომება და ყურადღება დასჭირდებათ მომავალ მძღოლებს მართვის მოწმობის მისაღებად.