ქვეყანაში კრიმინალის შემცირებაზე საუბრობენ, თუმცა ფაქტები მის ზრდაზე მეტყველებს. სავაჭრო ქსელებისა და ტექნიკის მაღაზიების ძარცვის ფაქტები ყოველდღე ხდება.
„საქასტატის“ მონაცემებით, 2015 წელს, დაფიქსირებულია – 35 096 სისხლის სამართლის დანაშაული, 2016 წელს - 35 997, ხოლო 2017 წელს სულ რეგისტრირებული იყო 37 944 კრიმინალური ფაქტი.
2018 წლის ქვეყნის კრიმინოგენული მდგომარეობა თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარში სულ რეგისტრირებულია 4410 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 1302 ფაქტი, ანუ 29,52%; თებერვალი - 4589 ფაქტი, გახსნილია 1142 - 24.89%; მარტი - 5380 ფაქტი, გახსნილია 1448 - 26.91%; აპრილი - - 5210 ფაქტი, გახსნილია 1237 -23.74%;
ყოველთვიურად იზრდება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი, კერძოდ საუბარია მხოლოდ ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვის მუხლებზე.
იანვარში დაფიქსირდა სამივე კატეგორიის დანაშაული ჯამში - 1477; თებერვალი - 1554; მარტი - 1679; აპრილი - 1471;
როგორ აისახება გაზრდილი კრიმინალი ბიზნესზე? კერძო სექტორი თავს დაცულად ვერ გრძნობს.
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „მეგატექნიკა“ არსებობის 22 წლის განმავლობაში პირველად 2018 წლის დასაწყისში გაძარცვეს და, იქედან მოყოლებული, ბოლო 6 თვეში უკვე მეოთხედ შეიჭრნენ სხვადასხვა ადგილას მდებარე მაღაზიებში. გახშირებულ ძარცვასთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა:
„კომპანია შეშფოთებულია კრიმინალის დონის ესოდენი მატებით და განსაკუთრებით იმით, რომ ძარცვის ოთხივე შემთხვევა დღემდე გაუხსნელია. პირველი შემთხვევა 2018 წლის 11 იანვარს მოხდა, სამმა არასრულწლოვანმა გაიტაცა 5000 ლარი და 3 ცალი მობილური ტელეფონი. 2018 წლის 13 თებერვალს კი უკვე 7 არასრულწლოვანი დაფიქსირდა ვიდეოჩანაწერზე. ორგანიზებულმა ჯგუფმა „მეგატექნიკის“ მაღაზიიდან 26 მობილური და 1 პლანშეტი გაიტაცა. 2018 წლის 24 თებერვალს უკვე „მეგატექნიკის“ რუსთავის ფილიალი გაძარცვეს და 5 მობილური გაიტაცეს.
ძარცვის მეოთხე შემთხვევა მოხდა 22 ივნისს, დილის 7 საათზე, „მეგატექნიკის“ სათავო ფილიალის კარი აგურით ჩაამტვრიეს და გაიტაცეს 20 მობილური. კარის ჩამტვრევისგან ასევე დაზიანებულია 8 ლეპტოპი. არც ერთი შემთხვევა ამ 4 ძარცვიდან გახსნილი არაა“.
„ბეკოს“ მარკეტინგის მენეჯერი ხატია ტყებუჩავაც ადასტურებს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მათიი ფილიალები 6-ჯერ დაააჩაღეს ახალაგზრდებმა.
„გვაქვს ფაქტის ამსახველი კადრებიც. აქედან ერთი შემთხვევა მოხდა ბათუმში, დანარჩენი კი თბილისში. ვიცით, რომ არავინ არ დაუკავებიათ, თუმცა პოლიციას ყველა საჭირო ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ. კრიმინალი არის მკვეთრად გაზრდილი და არ ვიცით ეს ვითარება როგორ მოვაგვაროთ. ფაქტია, საკუთარი დაცვის სისტემა არ არის საკმარისი და გვაქვს განცდა, თითქოს იმ პერიოდში დავბრუნდით მაღაზიებთან რკინის ჯებირების დაყენება რომ იყო საჭირო“, - აცხადებს ტყებუჩავა.
„ტექნობუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვეში უკვე 4-ჯერ გაძარცვეს.
„ეს ყველაფერი ხდება დღისით, მზისით და ყოველ ჯერზე მძარცველები არიან არასრულწლოვნები. შესაძლოა, მათ უკან დგას ვინმე სხვა პირი, მაგრამ საქმეს აკეთებენ მოზარდები, რომ მერე პოლიციამ ვერ დაიჭიროს. რაც შეეხება ბიზნესს, შეიძლება დღეს უკიდურესი ვითარება არ არის, მაგრამ არ არის გამორიცხული ბევრად საგანგაშო სიტუაციაში ჩავვარდეთ. ბუნებრივია, ეს ბადებს არასტაბილურობის განცდას კერძო სექტორისთვის“, - განუცხადა „კომეტსანტს“ ქოქოლაძემ.
ქვეყანაში კრიმინალის გახშირებულ შემთხვევებს რამდენიმე მიზეზით ხსნის სამართლის სპეციალისტი მირიან ნიკოლაძე. მისი აზრით, შესაბამის სტრუქტურებში არაკვალიფიციური კადრები, განათლების დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობის ფინანსური სიდუხჭირე ადამიანებს კრიმინალისკენ უბიძგებს.
„კრიმინალის მატებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში თანამდებობეზე მუშაობენ დაბალი კვალიფიკაციის ადამიანები. ისინი ვერ ახერხებენ საქმის გამოძიებას. მეორე პრობლემაა თავად საზოგადოება, სადაც განათლების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და თუ ამას სახელმწიფომ არ მიხედა, კიდევ დიდხანს ვიქნებით ამ დღეში.
ცუდ როლს თამაშობს ახალი ლიბერალური კოდექსი, საუბარია არასრულწლოვანთა კოდექსზე. თითო განყოფილებაში ერთ არასრულწლოვანზე შეიძლება 10-მდე საქმე იყოს, თუმცა მათი დაკავების შესაძლებლობას კანონი არ იძლევა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ დანაშაულის 80% ჩადენილია სწორედ არასრულწლოვნების მიერ. რა თქმა უნდა, ამ ბავშვებს ანგარიში არ უნდა გავუსწოროთ, მაგრამ რაღაც უნდა შეიცვალოს ამ სისტემაში, რათა მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს“, - აცხადებს ნიკოლაძე.