2018 წლის 27 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი დაამტკიცა, რომელიც, როგორც ახალი პრემიერტ-მინისტრი აცხადებს, საქართველოს 3-წლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია, გაუმჯობესებულია ფისკალური და საგარეო პარამეტრები. მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისით.
პრემიერი ამაყობს იმ მიღწევებით, რაც სავალუტო ფონდმა უკანასკნელი მისიის დროს დააფიქსირა საქართველოში, რაც მისი წინამორბედის დამსახურებაა, თუმცა, როგორც მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, ამავე დროს, ფონდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც მათ დააანონსეს.
„ჩვენ ველით, რომ ასეთივე პოზიტიური იქნება მომდევნო ანგარიშიც და მხარდაჭერილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე ორიენტირებული სტრუქტურტული რეფორმები, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძე ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, გაეცნოს ამ დასკვნას, ვინაიდან იქ არის ნათლად ასახული ის გამოწვევები, რაც დგას დღეს ჩვენს წინაშე. „ამავე დროს არის ნათლად ასახული ის, რომ რეფორმები რასაც ჩვენ ვახორციელებთ, არის სრულ თანხვედრაში იმ გამოწვევებთან, რაც დღეს არის ჩვენი ეკონომიკის წინაშე. სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია და ეს იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს“.
ბახტაძის განმარტებით, მაჩვენებლის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ უკვე განხორციელებული და დაანონსებული რეფორმები ქმნის ისეთ გარემოს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული.
„რამდენიმე წუთის წინ, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7,5%-ს... ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც არის გაუმჯობესებული. პირველ რიგში, უნდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც ამავე პერიოდის წინა წელთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი, ეს სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი იმ გამოწვევებსაც შეეხო, რომლის დაძლევასაც უმოკლეს დროში გეგმავს - პირველი ნაბიჯი კომპანიებისთვის ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერაა, ბახტაძის განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, დამატებითი სამუშაოები ადგილები შექმნან და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას.
საკითხი შეეხება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ კომერციული საქმიანობა საგადასახადო დავალიანებების გამო. ამ დავალიანებების დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2012 წლებში. ინიციატივა გულისხმობს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას 2013 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით.
„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და გამოუყენებელი შესაძლებლობები. აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის კიდევ ერთი ინიციატივა ავტოპარკს შეეხება და იგი მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სიტუაცია, რომელიც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში ავტომობილებთან, განსაკუთრებით პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით ხდება, კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ინიციატივა ჩინოვნიკების „ჯიპებიდან“ ჩამოსმას გულისხმობს თუ ხალხის გულის მოსაფხან სხვა იდეას შემოგვთავაზებს.
„მთავრობის შემდეგ სხდომაზე აუცილებლად წარვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც არა მხოლოდ „ჯიპებს“, არამედ ზოგადად ავტოპარკს - განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს შეეხება. ბუნებრივია, ის სიტუაცია, რომელიც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არის, არის სრულიად მიუღებელი - მე ვიტყოდი - კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და მთავრობის შემდეგ სხდომაზე წამოვადგენ, რომელიც ზოგადად ეხება ავტოპარკს - ნებისმიერი მანქანის ჩათვლით. განსაკუთრებით პერსონალურ ავტომობილებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა ყურადრბა გაამახვილა ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე, მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა მიმდინარე კვირას გაფორმებულ ხელშეკრულებას - ეს არის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჰონგ-კონგთან, რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი ეკონომიკური ცენტრი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების სრულად ამოქმედების შემდეგ ჩვენი ექსპორტიორები შეძლებენ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ პოზიციები ამ ძალიან საინტერესო ბაზარზე“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი კიდევ ერთხელ შეეხო მცირე მთავრობის კონცეფციას და აღნიშნა, რომ მთლიანად სახელმწიფო ბიუროკრატიის და არა მხოლოდ სამინისტროების ზომა ეკონომიკაში 3,9% -ით განისაზღვრება.
„ეს უნდა იყოს ზედა ზღვარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ დღესთან შედარებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, 2 წლის განმავლობაში 200-დან 250 მილიონ ლარამდე გამოვათავისუფლოთ და მივმართოთ სოციალურ პროგრამებზე. მე ვფიქრობ, მათემატიკა არ არის ის საგანი, რაზეც უნდა იყოს დისკუსია. მესმის, რომ პოლიტიკაში ხშირად გვეუბნებიან, რომ ორჯერ ორი ოთხი არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს ზომა რაც უჯდება ეკონომიკას, ჩამოვა 3,9%-ზე. ეს გულისხმობს ადმინისტრაციული და ზედნადები ხარჯების შემცირებასაც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, ბახტაძეს დიდი იმედი აქვს, რომ პარლამენტში შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადაში დასრულდება და საშუალება მიეცემა, საზოგადოებას დროულად წარუდგინოს განახლებული მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი.