პრემიერი მამუკა ბახტაძე ქართველების სიღარიბის მთავარ წყაროზე ალაპარაკდა. მისი თქმით, სიღარიბის მთავარი მიზეზი დისპროპორციაა და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკავებულია სოფლის მეურნეობით, ამ დროს კი ჩვენს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 10%-იც არ არის.
თუ რატომ არ იზრდება ჩვენს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი, ამის შესახებ For.ge საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-მუშაკს, პროფესორს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს ჯუმბერ ფანჩულიძეს ესაუბრა.
რატომ არის დაკნინებული ჩვენი სოფლის მეურნეობა და, არაერთი დაპირების მიუხედავად, წლების განმავლობაში მის აღორძინებას საშველი რატომ არ დაადგა?
- წინა მთავრობის პერიოდში, ანუ სააკაშვილის დროს, უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე ბაჟი მოიხსნა. დისტრიბუციის ეს მაფიოზური მდგომარეობა დღესაც მოქმედებს და მაშინაც მოქმედებდა. მე არ ვიცი, დისტრიბუტორებმა ჩააწყვეს, თუ მაშინდელ მთავრობას მოუვიდა ასეთი რამ თავში, მაგრამ ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული. ეს ნიშნავდა, რომ სახელმწიფომ საკუთარ პროდუქციაზე ხელი აიღო.
როგორც კი შემოტანილ პროდუქციაზე ბაჟი მოიხსნა, გაჭირვებულ ხალხს გაუხარდა, მათ იფიქრეს, რომ პროდუქცია გაიაფდებოდა, საქართველოში ყველა პრუდუქტი შემოვიდოდა, სინამდვილეში, ეს საშინელება იყო. ამით დაიღუპა ჩვენი ქვეყნის აგროწარმოება. თუკი სადმე რაიმე ჩაწოლილი, იაფფასიანი, გადასაყრელი, გაუბედურებული პროდუქცია იყო, საქართველოში შემოვიდა. თანაც, საბაჟოზე შემოტანისას არც კი მოწმდებოდა. ამით ჩვენი ხალხი დაიწამლა. გარდა ამისა, შემოტანილმა პროდუქციამ ბაზარზე ფასები დააგდო, გლეხმა ნატურალური პროდუქცია ვერ გაყიდა, რადგან ძვირი უჯდებოდა მისი მოყვანა. შემოსავალი გლეხს აღარ ჰქონდა, ამიტომაც მიატოვა მიწა და ქალაქში წავიდა ორი კაპიკის საშოვნელად. მიწები აღარ დამუშავდა და დღემდე ასეთი მდგომარეობაა.
იმპორტიორების მიერ განგებ დაგდებული ფასებით გაჭირვებაში მყოფმა ქალაქის მოსახლეობამ ისარგებლა, რადგან ქალაქელები ვერ შესწვდებოდნენ გლეხის მიერ ნატურალურ პროდუქციაზე დადებულ მაღალ ფასებს. იმ დროს ქალაქის მკვიდრთ სხვა არჩევანი არც ჰქონდათ.
- ქალაქის მოსახლეობამ ისარგებლა, მაგრამ ამით, ფაქტობრივად, მოიწამლნენ. სხვათა შორის, 1976-78 წლებში ჩემს ოჯახთან ერთად ვმუშაობდი სირიის არაბთა რესპუბლიკაში, როგორც სპეციალისტი სამელიორაციო ხაზით. იქ ყველაფერს ვაკვირდებოდი და მახსოვს, რომ სირიაში პროდუქციის ჩამბარებელი პუნქტები იყო ბაზრები. გლეხი მიდიოდა ამ ბაზრებში, აბარებდა პროდუქციას, გამოკრულიც იყო დაფა, რომელზეც ცარცით ეწერა, ამა თუ იმ დღეს რა ღირდა ესა თუ ის პროდუქტი. ფაქტობრივად, სახელმწიფო ეხმარებოდა გლეხს იმით, რომ მიმღებ პუნქტებში მყოფ გადამყიდველებს უფლება არ ჰქონდათ, 20%-ზე ზევით ფასნამატი დაედოთ ჩასაბარებელ პროდუქციაზე. ე.ი. სახელმწიფო არეგულირებდა ფასების ზედა ზღვარს, ჩვენთან კი დღემდე გლეხს არ უშვებენ ბაზრებში, გადამყიდველები ყიდულობენ მის პროდუქციას 80 თეთრად, ან ლარად და მერე 3 ლარად, ან 3,5 ლარად ყიდიან. ეს კატასტროფაა.
გადამყიდველების საქმიანობაში სახელმწიფო, ალბათ, იმიტომ არ ერევა, რომ ფიქრობს, თავისუფალი ბაზარი ფასებს თავად დაარეგულირებს.
- დღემდე ეს ვერ გააკეთეს კი არა, არ გააკეთეს, რადგან დისტრიბუცია მუშაობს, დისტრიბუცია დიდ ფულს ყრის სახელმწიფო აპარატშიც კი. ამ გადამყიდველებში, ძირითადად, მოიაზრებიან ლტოლვილები და ლტოლვილებს ამოფარებული გლეხები, რომლებმაც მიატოვეს მიწა და წავიდნენ დედაქალაქში.
არავისთვის უცხო არ არის, რომ იმპორტიორების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და ხელოვნურად დაგდებული ფასები იმით აიხსნებოდა, რომ იმპორტიორებს ყოველ მთავრობაში ლობისტები ჰყავდათ. ამჯერად, თუკი მამუკა ბახტაძე იმპორტულ პროდუქციას ადგილობრივით ჩაანაცვლებს, ეს ხომ არ აღმოჩნდება წინააღმდეგობაში ლობისტებთან, რომლებიც, ალბათ, დღესაც არიან შემორჩენილნი?
- წლების განმავლობაში დისტრიბუცია იმდენად დიდ თანხებს ატრიალებდა, რომ, რა თქმა უნდა, ჩაითრია მმართველი აპარატი. თუმცა 2007-08 წლებთან შედარებით, ჩვენმა ხალხმა ცოტა სული მოითქვა, ცხოვრების დონემ აიწია და ხალხს ურჩევნია, ნატურალურ პროდუქციაში უფრო ძვირი გადაიხადოს, ვიდრე მოიწამლოს და შეიმოკლოს სიცოცხლე. ხალხი ამას უკვე მიხვდა. იქნებ, ნელ-ნელა ისე ავღორძინდეთ, რომ უარი ვთქვათ ამ „ხლამზე“ და შემოტანილ უბედურებაზე. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ხარისხის ამაღლება, ნატურალური პროდუქციის წარმოებისთვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარება. ტექნოლოგიას კი სჭირდება სწავლება, პროფსასწავლებლები, რისი შექმნაც უკვე იგეგმება. მაგალითად, მელიორაციის ხაზით ჩვენ უკვე გვთხოვეს, პედაგოგების შესახებ მიგვეცა რეკომენდაცია.
ერთი პერიოდი, ანტიდემპინგური კანონიც შემოიღეს და ცდილობდნენ, ამით დაეცვათ ადგილობრივი პროდუქცია უცხოურისგან, თუმცა არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს კანონი 100%-ით იმუშავებდა, რადგან, ფაქტობრივად, ჩვენი ბაზარი წალეკილი იყო თურქული, ჩინური მდარე ხარისხის პროდუქციით. თუკი ახალმა კანონებმაც არ იმუშავა, მაშინ რისი გაკეთება შეეძლება მამუკა ბახტაძეს?
- თუ სახელმწიფო აუცილებლად გასცემს გლეხებზე ლიზინგით ან კრედიტით ტექნიკას და ხალხი ადვილად დაამუშავებს მიწას, უფრო მეტი პროდუქციაც შეიქმნება და შედარებით დაიწევს ფასებიც. სად თოხით მოყვანილი პროდუქტი და სად ტექნიკით მოყვანილი?!
მაგრამ აქ ერთი უმთავრესი პრობლემაა - სოფელში ჩახვალ და ხშირად გლეხკაცს ვერ იპოვი. დარჩა კი სოფლად მუშახელი, რომელსაც მიწასთან შრომა არ ეზარება, ვინც ნამდვილი გლეხია და არა მოვაჭრე?
- ხალხმა მიატოვა მიწა, რადგან მათ არსებობა უნდოდათ. ეს ადამიანები აუცილებლად დაბრუნდებიან სოფლად. ხალხი მთასაც დაუბრუნდება, თუკი მათ მიწას დაუბრუნებენ, მისცემენ და არ გააწამებენ ბიუროკრატიული საბუთობანას მოთხოვნით. მით უმეტეს, მთაში ტურიზმი ვითარდება და ტურიზმის განვითარება გამოიწვევს, რომ გლეხს პროდუქცია გაუსაღდება. თორემ როგორ შეიძლება უვარგისი პროდუქციის შემოტანა და ადამიანების დაწამვლა? იხოცება ხალხი, თოფით არ იხოცებიან, მაგრამ დაავადებები უვითარდებათ.