ახალი პრემიერის დაპირებისამებრ, ბიუროკრატიაზე დაზოგილი თანხები ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება. რამდენად მნიშვნელოვანია, უბრალო ადამიანებზე დაიხარჯოს ის თანხები, რაც აქამდე მხოლოდ მაღალჩინოსნების კეთილდღეობას ხმარდებოდა? ამის შესახებ For.ge-ს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ინეზა გაგნიძე ესაუბრა.
ინეზა გაგნიძე: როგორც ეკონომისტი, გეტყვით, რომ, თუკი ეკონომიკის განვითარების სტრატეგია სწორად აიგება და ამ სტრატეგიაში სისტემური კავშირები გამოვლინდება, ასეთ შემთხვევაში, სისტემაში ჩადებული ნებისმიერი თანხა, აუცილებლად იძლევა მოგებას. თუნდაც ერთი ლარი ერთ ლარზე მეტ მოგებას მოგვცემს და, ამასთან ერთად, კიდევ ჩნდება ეკონომიის საშუალება. ამიტომ ეკონომიკის განვითარების ისეთი სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს, როცა ერთი დარგის განვითარება ავითარებს სხვა დარგსაც, მაშინ შეიძლება, თანხები გამოთავისუფლდეს. თუმცა ეს თანხები არარაციონალურად არ უნდა დაიხარჯოს. მე, მაგალითად, მომწონს სამინისტროების შემცირება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ფუფუნების უფლება, რის შესახებაც სწორად აღნიშნა პრემიერმა. ისიც მომწონს, როდესაც პრემიერმა ადრე თქვა, რომ სამინისტროში შემოსულ განცხადებას პასუხი როცა გაეცემა, ეს პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. ჟურნალისტებიც და უბრალო მოქალაქეებიც ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაცუას, როცა სამინისტროებიდან პასუხებს უფრო თავიდან მოცილებისთვის გვწერენ. ქართველები ისეთები ვართ, რომ სიმკაცრეც გვჭირდება. ამიტომ აუცილებლად უნდა შეიქმნას სისტემა და სტრატეგია დაეფუძნოს სისტემურ განვითარებას.
სხვა სამინისტროებთან შედარებით ყველაზე მეტი მღელვარება განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმამ გამოიწვია. თუ გავითვალისწინებთ, რომ კულტურა და განათლება უფრო მეტად ახლოს მდგომი დარგებია, შეიძლებოდა ამ კომპრომისზე წასვლა?
- ევროკავშირში არსებობდა დიდი ფონდები, შემდეგ უკვე შეიქმნა ერთი ფონდი - „ერაზმუს +“ და ამ ქოლგა პროგრამამ შეითავსა როგორც ახალგაზრდობის, ისე კულტურისა და განათლების საკითხები. თუკი სამივე მათგანი ერთმანეთთან სინერგიულ დამოკიდებულებაში იქნება, იქ არსებული თანხები გაცილებით ეფექტური აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ადამიანები ზოგადად ისეთები ვართ, როდესაც არ ვიცით, თუ რა ხდება, მაგრამ წინასწარ გვეშინია ყველაფრის. არა მგონია, მთავრობამ, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, საზიანო ნაბიჯები გადადგას. თუ მთავრობა ნახავს, რომ რაღაც არასწორად გამოვიდა, შეიძლება, მან ეს ჩანაფიქრი შეცვალოს. ყველა ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები აქვს, როგორც ნებისმიერ ოჯახს. ჩვენს გარშემო ნებისმიერი ოჯახი სხვადასხვანაირად ანაწილებს თავის შემოსავლებს. ზოგი უფრო მეტად განათლებაში დებს თანხებს, ზოგი - ჩაცმა-დახურვაში... ასევეა ქვეყნებიც, რომლებიც თავისებურად ანაწილებენ ბიუჯეტებს.
ეკონომიკაში სხვადასხვა მოდელები არსებობს, რომელიც გულისხმობს, მოიძებნოს თანხების საუკეთესო განკარგვის საშუალება კონკრეტულად იმ ქვეყნისთვის. ამიტომ ერთი მზა რეცეპტი არ არსებობს. შეიძლება, გავიდეს დრო და კიდევ უფრო შეიკვეცოს სამინისტროებზე დახარჯული თანხები, ან, პირიქით, ცხოვრებამ დაგვანახოს, რომ თანხები არასაკმარისია. ამაში ტრაგედია არ არის. როგორც ექიმი ავადმყოფს ხან ერთ წამალს უნიშნავს, ხან მეორეს და შედეგის მიღებას აკვირდება, ეკონომიკაც ასეთია. შეიძლება, ვიღაცას შორიდან ასე არ ეგონოს, მაგრამ ეკონომიკა მართლაც ცოცხალი ორგანიზმია.
სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად შემცირებული სამთავრობო ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ეტაპობრივად 3,9%-ზე ჩამოვა. 3,9% რეალისტური მაჩვენებელია?
- ჩვენ ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება. განვითარებულ ქვეყნებს საბაზრო ეკონომიკაში ოპერირების ას წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ. ჩვენ ხშირად გადმოგვაქვს დიდი ქვეყნების მაგალითები, ამ დროს კი 60-70-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში უნივერსიტეტებიც სხვანაირი რანჟირებით არის მოწყობილი და განათლების სისტემაც განსხვავებულია. ჩვენს ქვეყანაში მარტო ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი არსებობს და ასე მოვედით აქამდე. კი ბატონო, გაჩნდა მრავალი კერძო უნივერსიტეტი, მაგრამ ამ კერძო უნივერსიტეტების გაჩენამ გამოიწვია ის, რომ ამას წინათ გაუქმებული ერთი უნივერსიტეტი მხოლოდ სამსტუდენტიანი იყო. ეს არ შეიძლება. ახლა ჩვენ თვითონ ვსწავლობთ სწორად სიარულს. ცხადია, ბიუროკრატიას სამინისტროების შემცირება სჯობს. თანაც, ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ 25-30 წლის წინ არსებულ ქვეყანაში, დღეს ელექტრონული მთავრობებია. ელემენტარულად, უნივერსიტეტშიც კი ელექტრონულადაა საქმის წარმოება. ელექტრონული რევოლუცია ეკონომიკის განვითარების მესამე რევოლუციაა.
როგორც ცნობილი კვლევითი ინსტიტუტები ამბობენ, ხვალ და ზეგ, ანუ 2050 წელს იქნება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შემცირება. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერმა ქვეყანამ და, მათ შორის, საქართველომაც ეფექტური ხარჯვის გზები უნდა ეძებოს. ლამაზად ჯღერს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში დაზოგილი თანხები ხალხს მოხმარდება, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს სიამოვნება?
- რა თქმა უნდა, ეს თანხები ხალხს უნდა მოხმარდეს. სხვათა შორის, როდესაც სოციალური დახმარებების კუთხით განვითარებულ ქვეყნებში რაიმე პროექტი იწყება, ადამიანებმა იციან, რომ ეს მუდმივი არ იქნება, ანუ მოსახლეობაც უნდა განეწყოს საიმისოდ, რომ მას დღეს ეხმარებიან, მაგრამ ხვალ და ზეგ მან უნდა იფიქროს იმისთვის, თავად როგორ დადგეს ფეხზე უფრო მეტად.
თქვენ ახსენეთ საზოგადოების მიმართ დახმარება, მაგრამ ეკონომისტებს თუ გაქვთ წინასწარ წარმოდგენილი, როგორ უნდა მოხმარდეს ჩვენს საზოგადოებას ეს თანხები - პენსიების მატებით, თუ განათლებაში თანხის ჩადებით?
- მედიცინა შემთხვევით არ ვახსენე. ეკონომიკაც იმდენად დიდია, როგორც მედიცინა. ძალიან დიდ მიმოქცევაში არსებული თანხა ნიშნავს იმას, რომ უცხოური ვალუტა მაშინვე გაუფასურდება. ეკონომიკაში არსებობს ისეთი მოვლენა, როდესაც ერთი სფეროს ამოქაჩვა იწვევს მეორის გაფუჭებას. ფასები რომ გაუფასურდეს და დოლარი ავიდეს 350-ზე, რა შედეგს მივიღებთ? ვთქვათ, ბევრი პენსია გაიცა, ხელფასები გაიზარდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს ქვეყანაში წარმოებული პროდუქტით უზრუნველყოფილი. ასეთ შემთხვევაში, დოლარი არ გაიქცევა 350-ზე ან 400-ზე. რომ გაიქცეს, მაშინ ვინ იქნება პასუხისმგებელი ფასების ზრდაზე? ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ძალიან დიდი თანხის მიმოქცევაში გაშვება საშიშია. თანაც, ჩვენ რთულ გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენი ქვეყნის გარშემო თუნდაც იმავე რუსეთის, თურქეთის ვალუტებს სერიოზული პრობლემები აქვთ. ჩვენი ვალუტა რომ ინარჩუნებს სიმყარეს, ამის ერთ-ერთი პირობა სწორედ ის არის, რომ დიდი თანხები არ არის მიმოქცევაში გაშვებული. ამიტომ იმის პირდაპირ თქმა, რომ პენსიები და ხელფასები უნდა გაიზარდოს, საშიშია. ამას ისეთი უკუეფექტები მოსდევს, ხვალ და ზეგ ისევ მთავრობას მიადგებიან, შენ ხომ იცოდი, რომ ასე მოხდებოდა და რატომ გადადგი ეს ნაბიჯიო.
ხვალ და ზეგ შესაძლოა, ისედაც მიადგნენ მთავრობას, თუკი დასაქმებულთა მასობრივი გაყრა დაიწყება რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის მოტივით. შესაძლოა, საპროტესტო აქციების წინაშე აღმოვჩნდეთ?
- იცით, რაშია საქმე? სამწუხაროდ, საბაზრო ეკონომიკა ისეთია, რომ განვითარებულ ქვეყნებსაც უჭირთ რისკების გადატანა. ამ დროს კი განვითარებულ ქვეყნებში ადამიანების რამდენიმე თაობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ცხოვრობს და იქაურ ოჯახებს გარკვეული დამოკიდებულება აქვთ რისკის მიმართ, ისინი ცოტა მეტ სიფრთხილეს იჩენენ. მათ იციან, თანხები როგორ გაანაწილონ. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს. ამ 30 წლის განმავლობაში საბაზრო ეკონომიკის პირობებში მხოლოდ ერთი თაობა გამოვიარეთ. ჩვენი მეწარმეებიც ჯერ ერთი თაობისანი არიან, მათ ჯერ არ იციან, როგორ დაგეგმონ მომავალი, როგორ გაზარდონ შვილები, რომ მათი ბიზნესი, ვთქვათ, ასი წლის განმავლობაში წარმატებული იყოს. ამიტომ სამსახურიდან გაშვებაც ასე მარტივად არ ხდება. თუ დასაბუთებულად აღიწერა სამუშაო ადგილი, სამუშაოს მოვალეობა, პასუხისმგებლობა, მაშინ ნებისმიერი სამსახურის საშტატო განაკვეთში შეიძლება არც კი განხორციელდეს ძალიან დიდი ცვლილებები. თუ მაინც მოხდება ამ სახის ცვლილებების შეტანა, ეს ყველაფერი უნდა დასაბუთდეს, თუ რატომ მოხდა შემცირება, ხომ არ არის პარალელიზმი, ხომ არ ხდება ისე, რომ ერთი და იგივე საქმე სამ ადამიანზეა გადანაწილებული.
იმისთვის, რომ უბრალო თანამშრომლები არ დაზარალდნენ, მინისტრებისა და მათი მოადგილეების შტატების შემცირება არ კმარა? ამით არ დაიზოგება თანხები?
- თანხები დაიზოგება იმით, რომ, ელემენტარულად, 14 მინისტრის ნაცვლად უკვე 10 მინისტრი დარჩება, მათი მოადგილეების რაოდენობაც შემცირდება. ამას ემატება მინისტრებისა და მათი მოადგილეების ავტომობილებით მომსახურების ხარჯები, ბენზინის თანხა, ავტომობილების შეკეთება, შენობები, შენობის გაგრილება, დათბობა და ა.შ. ცხადია, ამით დიდი თანხები დაიზოგება.
ბიუროკრატიული აპარატის შემცირების ხარჯზე თქვენ არ მოელით მღელვარებას?
- არა მგონია, მღელვარება მოხდეს. ძალიან დიდი ცვლილებები, შტატების 50%-ით შემცირება არ არის მოსალოდნელი. ზოგადად, საკუთარი ფირმაც რომ გვქონდეს, იქაც არ ვართ დაზღვეულნი, რომ ის ფირმა ბაზარზე დარჩება, თუკი დღედაღამ არ ვიფიქრეთ, როგორ განვავითაროთ ჩვენი ფირმა.