ხორავას ქუჩაზე ის ადამიანი გამოიკითხა, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ეს გახლავთ მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი, რომელიც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მანქანაში იმყოფებოდა.
კომისიის წევრებმა საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩაატარეს, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს მოწმე, შეეძლო თუ არა დაენახა მას ხორავას ქუჩაზე მომხდარი. თუმცა, მოწმემ განმარტა, რომ ვერ დაინახა მოზარდების დაპირისპირება, მაშინ, როცა საკუთარ მანქანაში იჯდა და ეზოდან გასვლას ცდილობდა, რაც კომისიის წევრების შეფასებით, ბევრ კითხვებს აჩენს.
კომისიის წევრის, დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოწმე უშუალოდ შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, საკუთარ ავტომობილში იჯდა და სისხლიან გარჩევას უყურებდა, თუმცა მოზარდების ჩხუბში არ ჩარეულა.
„მოწმე პირველ დეკემბერს მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. რთულია იმის დაჯერება, რომ 5 მეტრში უყურებდე მოვლენების განვითარებას და შემდეგ არ გახსოვდეს ამის შესახებ არაფერი. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ვერაფერს „იხსენებს“ და მომხდარის შესახებ ჩვენებას არ იძლევა.
საქმეში უამრავი მოწმის ჩვენება არსებობს, რომ ის ადამიანი, რომელიც ახლა, ბოლოს გამოვკითხეთ, შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით იყო. დასკვნებისგან თავს შევიკავებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მოწმეები ამ საქმეში სხვებიც არიან და არა მხოლოდ ეს ადამიანი. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ინფორმაცია მაქსიმალურად წამოვიღოთ რაც შესაძლებელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეს ჰყავს ისეთი მოწმეები და ესენი ხორავას ქუჩის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც მოზარდებს შორის სისხლიან დაპირისპირებას საცხოვრებელი სახლებიდან, ფანჯრებიდან უყურებდნენ. კომისია მათ დაკითხვასაც გეგმავს, თუმცა არ აქვთ იმედი, რომ მომხდარს გაიხსენებენ და ითანამშრომლობენ გამოძიებასთან.
დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, იორდანიშვილს, სავარაუდოდ, კომისიის გაფართოებული სხდომის ფორმატში ჩვენების მიცემა კიდევ მოუწევს. მისი თქმით, როდესაც ადამიანის წინ ხდება ასეთი რაღაც, დაუჯერებელია, რომ ვერაფერს იხსენებს. შესაბამისად, კომისიის წევრები მოწმეზე ზეწოლის ფატქზე საუბრობენ, რაც დასკვანში იქნება ასახული.
„მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ არ ახსოვს. ორივე დანაშაულის ადგილიდან ის დაახლოებით 3-4 მეტრში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ვერდანახვა უფრო რთულია, ვიდრე დანახვა. ის ამბობს, რომ არ ახსოვს, დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა რაღაც დეტალებზე საბოლოო ჯამში მაინც ისაუბრა. არა კონკრეტულად მკვლელობის, არამედ ჩხუბის. ის ამბობს, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა“, - აცხადებს სერგი კაპანაძე, რომლის განცხადებით, იორდანიშვილს ჩვენების მიცემა კომისიის გაფართოებული შემადგენლობის წინაშე სავარაუდოდ კიდევ მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი, რომელიც სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილზე საკუთარ მანქანაში იმყოფებოდა და ყველაფერი დაინახა, ამბობს, რომ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, მაგრამ მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ დევს. დღეს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე აცხადებს, რომ არაფერი დაუნახავს.
გარდა ამისა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, მკვლელობის გამოძიების საქმეში არ დევს იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირველ და ორ დეკემბერს დაკითხეს.
„აბსოლუტურად გაუგებარია ეს ოქმები სად წავიდა. ეს დოკუმენტაცია სად არის. როგორ შეიძლება საქმეში დანაშაულის თვითმხილველის გამოკითხვის ოქმი იდოს შემთხვევიდან ორი და სამი კვირის შემდგომ. ეს უბრალოდ ახსნას არ ექვემდებარება. ვაპირებთ, რომ ეს საკითხები კომპეტენტურ პირებთან შსს-ში გავარკვიოთ. იმიტომ, რომ სხვაგვარად ეს მოტივაცია ჩვენთვისაც გაურკვეველია.
არ მინდა დასკვნები წინასწარ გავაკეთო. ფაქტია ის, რომ ადამიანი ვინც ჩხუბს თავიდან ბოლომდე უყურებდა, ამბობს, რომ პოლიციაში ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში მკითხავდნენ და მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ დევს. დღეს ეს ადამიანი გვეუბნება, რომ არაფერი დაუნახავს. მაშინ, როდესაც მისი თვალთახედვის არეალში იყო უშუალოდ ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო დაჭრა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, მიიღეს ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარდული ვინმეს კერძო საკუთრება იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ახალი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით მივიღეთ, რომ ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია და გასარკვევია, რა ფორმით. კონკრეტულად რომელი პოლიციელები იყვნენ. ასევე დღეს გავიგეთ, რომ ერთ-ერთი პირი საუბრობს მოზარდზე, რომელსაც თავში ჰქონდა დაზიანება და მას სისხლი სდიოდა. ეს იყო აბსოლუტურად ბუნდოვანი, აქამდე უცნობი გარემოებაა. შესასწავლია ეს მოზარდი ვინ იყო, ვისზე საუბრობს. არც დადუნაშვილს და არც სარალიძეს თავში დაზიანება, ჭრილობა მიღებული არ ჰქონია და ეს დეტალია, რომელიც საქმეში არ იდო.
ეს ფარდული პრივატიზებული და დაკანონებული არ იყო, ხოლო ფარდულის დემონტაჟზე მითითება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის განმარტებით, პოლიციამ გასცა და კონკრეტული პირი იყო, ვინც პოლიციასა და მესაკუთრეებს შორის შუამავალი იყო. კომუნიკაცია რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარეობდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამას გადამოწმება და დამატებითი შესწავლა სჭირდება“, - აცხადებს ოთარ კახიძე.