იმედები და ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა ნატოსკენ

იმედები და ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა ნატოსკენ

ბრიუსელში 11-12 ივლისს ნატოს სამიტი იმართება. ამ შემთხვევაში ეს არ არის გაფართოების სამიტი. ნატოს სამიტის მთავარი თემა - კოლექტიური თავდაცვის და იმ საფრთხეების მოგერიება არის, რომელიც უკვე გაუჩნდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ახლა ალიანსი იზრუნებს იმაზე როგორ უნდა აიცილოს სამხედრო საფრთხეები, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციიდან და „ისლამური სახელმწიფოსგან“. ამ სამიტზე ნატოს გაფართოების საკითხი არ არის აქტუალური.

მიუხედავად სამიტის დღის წესრიგისა, აქტუალურ საკითხად რჩება საქართველო-უკრაინის გაწევრიანების თემა. სამიტამდე ორი კვირით ადრე, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.

„ამ ქვეყნების წევრობის საკითხს ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს. არავის საქმე არაა შეეცადოს ჩაერიოს ამ პროცესში ან რამენაირად ვეტო დაადოს. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ რუსეთი თავისი გავლენის სფეროებს აყალიბებდეს და წყვეტდეს, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მისმა მეზობლებმა.

ნატო-მ ადაპტირება უნდა მოახდინოს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როდესაც რუსეთი უზარმაზარ ინვესტიციებს დებს თანამედროვე აღჭურვილობაში და სამხედრო ძალის გამოყენება სურს თავისი მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ ეს საქართველოში ვიხილეთ, ჩვენ დღეს ამას უკრაინაში ვხედავთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრობს კონგრესმენი დევიდ ფრაისი, რომლის განცხადებით, საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, თავად განსაზღვროს საკუთარი კურსი, ნატო კი უნდა იყოს ღია და გადადგას ნაბიჯები, რომ მიღწეულ იქნას ის ურთიერთობა, რაც სურს საქართველოს მოსახლეობას.

„ეს რთული პროცესია, ხანგრძლივი პროცესი, თუმცა მანამდე არსებობს ბევრი გზა, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა, მაგალითად სამხედრო კუთხით, ქართული ძალების მხარდაჭერა, მათი წვრთნა და აღჭურვა. ჩვენ მხარს გიჭერთ. საქართველოს შემთხვევაში იყო პარტიული ხელმძღვანელობის ცვლილებები, სამთავრობო ცვლილებები, მაგრამ რაც არ იცვლება, ეს არის საქართველოს ურყევი სურვილი, გახდეს ევროპის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, ეს ამბიცია იყოს რეალიზებული“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დევიდ ფრაისმა.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამიტის დღის წესრიგში არ არის გაფართოების საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს მოლოდინი არის ოპტიმისტური. როგორც კობახიძემ ჟურნალისტენთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილების მიღება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილების მიღება. ნატო-ს სამიტზე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ნატო-სთან თანამშრომლობის პროცესში, არაერთი ინიციატივა ხორციელდება ნატო-სთან თანამშრომლობით, რაც, ბუნებრივია, აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით თითოეულ იმ ნაბიჯს, რომელიც არის დაკავშირებული ნატო-ში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციასთან. ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა ცნობილი ხდება, რომ აშშ საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ზრდის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა ამ გზით საქართველოსა და უკრაინას ეხმარება, რათა მათ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ.

„ჩვენ ვეხმარებით საქართველოსა და უკრაინას, რომელთაც რუსეთი ცოტა ხნის წინ ძალის გამოყენებით ემუქრებოდა. ვზრდით ამ ქვეყნებისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდებას, რაც აუცილებელია მათი თავდაცვისთვის. ჩვენ მოვხსენით აშშ-ის წინა მთავრობის მიერ ამ ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვა და ვეხმარებით ორივე სახელმწიფოს თავდაცვითი პოტენციალის გაზრდაში.

ჩვენ ასევე ჩავდეთ რეალური რესურსები ევროპის თავდაცვის გაძლიერებაში. სამხედრო დახმარებას ვაწვდით უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებს. 2018-2019 წლისთვის ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა 11 მილიარდი დოლარი, რაც ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს“, - განაცხადა უეს მიტჩელმა.

რაც შეეხება აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების ზრდას და საპასუხო ნაბიჯებს რუსეთის მხიდან, ანალიტიკოსი, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტი დაიწყოს საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, არ გამორიცხავს შიდა წნეხს, როგორიც არის ბორდერიზაცია და მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, რაც რუსეთის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ გლობალური საფრთხე მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტს, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ საქართველოს დიდი ხანია განსაზღვრული და არჩეული აქვს გზა, რასაც ჰქვია - ევროატლანტიკური ალიანსი და ევროპული ოჯახი.

„დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ ქართველმა ერმა და ვმოძრაობთ ამ მიმართულებით. შემდეგი სვლა და ბოლომდე ჩასვლა ჩვენზე იმდენად არ არის დამოკიდებული, რამდენად ჩვენს პარტნიორებზე ნატოში. რომ ავიღოთ იგივე ნატოს წევრები - ალბანეთი, მაკედონია და საერთოდ, ბოლოს გაწევრიანებული წევრები, საქართველო არ ჩამოუვადება არც ერთი კუთხით. მაგრამ, ვიცით ყველამ, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება რუსეთს. არიან სკეპტიკოსები, რომლებსაც ამ ეტაპზე არ უნდათ საქართველოს გულისთვის დაპირისპირება რუსეთთან. რა თქმა უნდა, ამერიკელები მათ რიცხვში არ შედიან. ეს მდგომარეობა გვაქვს დღეს. როდის შეიცვლება და როგორ უახლოეს მომავალში, ჰორიზონტზე არ ჩანს“, - ამბობს ზურაბ აგლაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ 11-12 ივლისს ბრიუსელის ნატოს სამიტის საბოლოო დეკლარაციაში დაფიქსირდება საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და დაფიქსირდება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. რაც შეეხება უშუალოდ MAP-ს, რომელიც გაწევრიანების რეალური ხელშემხები პროცედურაა, ამ სამიტზე საქართველო მას ვერ მიიღებს.

„ეს სამიტი არ არის გაფართოების სამიტი, ეს არის კოლექტიური თავდაცვის და იმ საფრთხეების მოგერიების სამიტი, რომელიც უკვე გაუჩნდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ახლა ალიანსი იზრუნებს იმაზე, როგორ უნდა აიცილოს სამხედრო საფრთხეები, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციიდან და „ისლამური სახელმწიფოსგან“, ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა.

სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს სკეპტიკოსი ქვეყნები, რომლებიც არ გამოთქვამენ სურვილს, რომ გაფართოების საკითხი შეეხოს უკრაინას და საქართველოს, ეს ქვეყნებია - გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და ა.შ. მათ შეიძლება გააჩნიათ არგუმენტები, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ჩვენმა „ბრწყინვალე“ დიპლომატიამ და ხელისუფლებამ იმუშავა ამ სკეპტიკოს სახელმწიფოებთან“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ნატოსკენ სვლა არის პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ შედეგი, როდის მივალთ ნატოში. ცინცაძე დარწმუნებულია, რომ დინალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება შეაჩეროს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება.

„რასაკვირევლია პუტინისთვის ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა სანქციებთან ერთად. ამიტომ, არაფერ გარღვევას არ ველოდები ბრიუსელის სამიტიდან. პირიქით, ტრამპი კიდევ ერთხელ შეჯორავს ევროპელ ლიდერებს, კიდევ ერთელ ყურებს დააგლიჯავს, რომ 2%-ს არ იმეტებენ სამხედრო ხარჯებისათვის. რაც შეეხება გენერალური მდივნის განცხადებას, დავბერდი ასეთი განცხადებების მოსმენაში. 90-იანი წლებიდან კეთდება ეს განცხადებები. ამბობენ, რომ რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ დგება, თურმე არის. სტოლტერბერგი არ ეტყვის უკრაინას, საქართველოს და არც მაკედონიას, რომ მორჩა, თქვენთვის დაკეტილია ნატოს კარებიო. მათი უნივერსალური ფორმაა - ალიანისის კარი ყველასათვის ღიაა, მათ შორის რუსეთისათვის და მერე იწყება: თუ ასრულებ პირობებს... ეს პირობებიც იმდენად ზოგადი და არაკომეპეტენტურია, რომ 100 წლის შემდეგაც შეუძლიათ გითხრან, რომ სწორი მიმართულებით მიდიხარ, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი. თუ ჩვენ მართლაც ასე საჭირო ვართ დასავლეთისთვის და თუ ამხელა სამსახურს ვუწევთ დასავლეთს, როგორც გენერალური მდივანი ამბობს, მაშინ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.