განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმამ ყველაზე მეტი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამ ინიციატივას თვით მმართველ გუნდშიც ეჭვის თვალით უყურებენ. უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, რომლის აზრითაც, კულტურა გერის როლში არ უნდა იყოს, მიიჩნევს, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმა სახიფათოა. მით უფრო, რომ კულტურის სამინისტრო ერთადერთი სამინისტროა, სადაც ეროვნული იდენტობის გამომხატველი დარგი ხელოვნებაა. შერწყმის შედეგად კი ხელოვნების დარგები დიდ ოკეანეში ჩაიკარგება.
მხატვარი გია ბუღაძე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების შერწყმაში უარყოფითს ხედავს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას განათლებული ადამიანები ხელს უშლიან. ბუღაძის თქმით, შეერთებას ძალზე ცუდი შედეგი მოჰყვება და ამაზე უარესს იგი ვერაფერს წარმოიდგენდა.
ამავე ტონალობაშია რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებაც. ორი სამინისტროს გაერთიანებას იგი კულტურის დაღუპვად მოიაზრებს.
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმას პოლიტიკურ ასპექტში ვერ შეაფასებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო სჭირდება. მისი აზრით, დიდ ქვეყანას -ამერიკას სულაც არ სჭირდება კულტურის სამინისტრო, ამერიკა მაინც გააცნობს თავს მსოფლიოს, ჩვენ კი უნდა გავიხსენოთ, რა სახელები წარმოაჩენდნენ ჩვენს კულტურას - მერაბ ბერძენიშვილი, ჯანო კახიძე და სხვები. ამ გარდაცვლილ ადამიანებს არა მარტო პატივი უნდა მივაგოთ, არამედ ამ ხალხის მშობელ ერს კულტურის სამინისტრო უნდა ჰქონდეს.
„მე არ ვიცი, როგორ შეაფასებს კულტურის სამინისტროს როლს ეს ახალგაზრდა კაცი - მამუკა ბახტაძე, როგორ წაიყვანს საქმეს, მაგრამ კულტურის სამინისტროს გაუქმება არ არის კარგი საქმე. ფაქტობრივად, სამინისტროების შერწყმა იგივე გაუქმებაა და დაბლა გადადგმული ნაბიჯია.
პირადად მე კულტურის სამინისტროსთან ნაკლები შეხება მაქვს, ჩვენ მაინც უცხოეთში დამოუკიდებლად გავდივართ ჩვენივე მიწვევით და ამ საქმეში დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ეს სამინისტრო გასაუქმებელი არ არის. თუ ამ სამინისტროში მომუშავე ადამიანები არაფერს აკეთებდნენ, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, მაშინ შევამცირებდი იმ ადამიანებს და დავტოვებდი საქმის გამკეთებლებს. 10 კაციც რომ მუშაობდეს, კულტურის სამინისტრო მაინც კულტურის სამინისტროა. არ ვიცი, რა რაოდენობამდე უნდა დაიყვანონ თანამშრომლები, ეს თვითონვე იციან ამ უწყების შიგნით, მაგრამ ესეც საფიქრალია, მოვკლათ ეს ადამიანები შიმშილით და გავუშვათ სამსახურიდან?!“ - მიიჩნევს ჯემალ ჭკუასელი და ბიუროკრატიაზე თანხების დაზოგვას სხვა ადამიანების სამსახურიდან გაყრის ხარჯზე არ ეთანხმება.
„ხალხი ცოდოა, მე იმხელა ხელფასი მაქვს და ძალიან ხშირად ხანდახან იმის ფულიც არ მაქვს, საწვავი ჩავასხა მანქანაში“.
მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე სპორტის სამინისტროზე ვერაფერს ამბობს, მაგრამ ფიქრობს, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებით, სავარაუდოდ, არაფერი დაშავდება. For.ge-სთან საუბრისას გივი სიხარულიძე აცხადებს, რომ განათლება და კულტურა, პრინციპში, მაინც ერთი ხედვაა, ერთი სფეროა, რაც ძალიან ავსებს და ალამაზებს ერთმანეთს, რადგან კულტურული ადამიანი ძალზე განათლებულიც უნდა იყოს.
„გაერთიანებას მივესალმები მაშინ, თუ გაერთიანებით არც კულტურის სფერო დაიჩაგრება და არც განათლების სფერო და, თუ გაერთიანება უბრალო თანამშრომელთა დათხოვნის ხარჯზე არ მოხდება. ხოლო, თუკი ამით დაითრგუნებიან უბრალო თანამშრომლები და დაიწყება ადამიანების მასობრივად სახლში გაშვება, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა დაუშვებელია. ისე კი, რა მოხდება იმით, თუნდაც კულტურის მინისტრის მოადგილე შეკვეცის შედეგად გახდეს დეპარტამენტის თავმჯდომარე საერთო სამინისტროში? ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ახლა უზომოდ გაბერილი ბიუროკრატიული კადრებია, რაც შეიკვეცება“, - აღნიშნა გივი სიხარულიძემ.
თსუ-ის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ, თუ მეტი გამოსავალი არ არის და გამოუვალი მდგომარეობის გამო განათლებისა და კულტურის სამინისტროები უნდა შეუერთდეს ერთმანეთს, მაშინ რას ვიზამთ. თუმცა ორივე უწყებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
„სიმართლე გითხრათ, მე ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ სამინისტროებს არ გავაერთიანებდი და მათ დავუსვამდი მკაფიო პრიორიტეტებს, მაგრამ პრემიერისა და მისი ხედვის შესახებ საერთო კონცეფცია უნდა მოვისმონოთ. შესაძლებელია, მამუკა ბახტაძე ამ ნაბიჯით ხაზს უსვამს სწორედ იმ ფაქტს, რომ, თუ სადმე გვაქვს ჩვენ კიდევ უპირატესობები, ეს არის კულტურის სფეროში, რაღაცნაირად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს უპირატესობა და მოვახდინოთ ამის ტრანსფერი განათლების სისტემაში. შეიძლება, სწორედ ეს მოსაზრებები დაედო საფუძვლად მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას.
ყოველ შემთხვევაში, თანხების შემცირება ბიუროკრატიაზე, როგორც წესი, ცუდი არ არის. ჩემი აზრით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრიორიტეტული სამინისტროა. ეს განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. კულტურა კი მნიშვნელოვანი ელემენტია და დღეს ის ჩვენი სავიზიტო ბარათია, მაგრამ მე მინდა, რომ ცოტა ხანში ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდეს ჩვენივე მეცნიერული პროდუქტი და ეს ისევე მოხდეს, როგორც ესტონელებისთვის სკაიპი გახდა სავიზიტო ბარათი“, - აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.