„Georgia Support Act“ - აშშ-ის კონგრესში წარდგენილია საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს. კონგრესმენების - ტედ პოს და ჯერი ქონოლის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხელი შეუწყოს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას. საკანონმდებლო ინიციატივა ხაზს უსვამს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი ტედ პოს განცხადებით, კონგრესი მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს საქართველოსა და მისი დამოუკიდებლობის მიმართ ჩვენს ვალდებულებებს.
„ასევე ხაზს უსვამდეს, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია უცხო ძალის - რუსეთის მიერ. ეს მიუღებელია და შეერთებული შტატები არ იზიარებს რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიების ერთი-მესამედის წაღებას“, - აცხადებს ტედ პო.
ამასთანავე, კონგრესის ქვედა პალატაში წარმოდგენილ აქტში ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებზე პროგრესის აუცილებლობაც.
„გვჯერა, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით და გარდა ამისა ის კიდევ უფრო დაახლოვებს ჩვენს ორ ქვეყანას. კარგია შეერთებული შტატებისთვის და საქართველოსთვის, რომ სავაჭრო ბარიერები შემცირდება და გვექნება არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები, არამედ უფრო ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული ალიანსი“, - აცხადებს კონგრესმენი პიდერ როსკამი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 მარტს საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა. აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენას გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილი და აცხადებს, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და ასევე წარმოქმნის ახალ ფორმატებს. ის უზრუნველყოფს როგორც ჩემი ერის გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ს ინტერესების დაცვას რეგიონში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ასეთი მოცულობის და შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ჰქონია. მინისტრი უპრეცედენტოს უწოდებს კონგრესმენების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სრულიად ახალ დონეზე გადასვლის კიდევ ერთი დასტურია.
„ეს აქტი იცავს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტია აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე. ეს არის ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ახორციელდებდა“, - აცხადებს დავით ზალკანიანი.
აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიულ კანონპროექტს მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, რომლის შეფასებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის კონგრესში მსგავსი შინაარსის და დატვირთვის საკანონმდებლო აქტი დარეგისტრირდა.
დეპუტატის განცხადებით, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ეხება თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიმართაც ამერიკის კონგრესი ერთსულოვანია და იმ შემთხვევაში თუ ეს განხორციელდება, მომავალში ამას არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური, არამედ გაცილებით უფრო მეტი და ღრმა პოლიტიკური დატვირთვა ექნება.
„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ცხადია, ეს არ არის პროცესის დასასრული. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა ეს ორი ინიციატივა, ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ხოლო მეორე ევროკავშირის მხრიდან უმნიშვნელოვანესია. საქართველო ყოველთვის აქტუალურია და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
კონგრესმენების - ტედ პოს და ჯერი ქონოლის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას მნიშვნელოვანს და დროულს უწოდებს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე, რომლის განცხადებით, აშშ-თან სავაჭრო ურთერთობები მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ამერიკა-საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვების კუთხით.
„თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გავაფორმეთ ევროპასთან. ანალოგიური ვითარებაა ამერიკასთან მიმართებაში. ევროპისგან განსხვავებით, ამერიკას მსგავსი ხელშეკრულება არ აქვს ბევრ სახელმწიფოებთან და ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება ჩვენი ბიზნესისთვის, ჩვენი მეწარმეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამერიკასთან გავაფორმოთ ხელშეკრულება და დავიწყოთ ორმხრივი ვაჭრობა.
ძალიან ცოტა ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელსაც ორმხრივად აქვს გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულება ამერიკასთან, ჩინეთთან და ევროკავშირთან. სამივე ამ ეკონომიკურ გიგანტთან საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული განცხადება“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ორივე მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ასეთი შეთანხმება ხვალ და ზეგ მნიშვნელოვან როლს შეიტანს ჩვენს ეკონომიკაში.
„წარმოიდგინეთ, რომ სამ გიგანტ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ძალიან ბევრი ინვესტორისთვის საქართველო იქნება მიმზიდველი ქვეყანა, როდესაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია გაიტანოს ეს იქნება ამერიკა, ჩინეთი და ევროკავშირი. ეს ჩვენ გვაძლევს ეკონომიკას და ინვესტიციებს.
პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა. ზრდის ჩვენი ქვეყნის ფასს საერთაშორისო არენაზე. მოგეხსენებათ, რომ დაიწყო კანადის პროექტი, უამრავი პროექტები გვქონდა მანამდე, ეს ყველაფერი თითო-თითო აგურია ამ კედლის მშენელობაში, რასაც ჰქვია საქართველო გახდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. ნელ-ნელა შენდება ეს კედელი და ჩვენ გავხდებთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.
„მორალური მხარდაჭერა შეიძლება - პოლიტიკურიც, მაგრამ რეალური ეფექტის გარეშე“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, ასეთი შინაარსის დოკუმენტების რაოდენობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას ასახავს, ერთ ბიბლიოთეკას შეავსებს.
„ეს პროცესია, მთავარია შედეგი. რეზოლუცი კარგია, მაგრამ ვნახოთ მატერიალურად რა მოჰყვება ამ მხარდამჭერ რეზოლუციას. მე მაგალითად ყველა მხარდამჭერ რეზოლუციებს მირჩევნია ერთი სამხედრო ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ. ეს არის სამხედრო კავშირი, როგორიც აშშ-ს დადებული აქვს იაპონიის და სამხრეთ კორეის მიმართ, ასევე ნახევრად ფორმალურად ისრაელის მიმართ.
ამ დატვირთვის დოკუმენტი მირჩევნია ყველა ამ მხარდამჭერ რეზოლუციას, მაგრამ არ დებენ იმიტომ, რომ არ უნდათ შარში გაეხვიონ. ძალიან დიდად დაგვწია უკან 2008 წლის ომმა. ვერ დავაჯერეთ მსფოლიო, რომ ეს ომი გარდაუვალი იყო. სამწუხაროდ, რუსეთის პროპაგანდამ უკეთესად იმუშავა, ვიდრე ჩვენმა. ამიტომ, ჩვენს დიპლომატიას შემტევითი სტილის გაძლიერება მართებს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.