გახარია ხმაურიან დაკავებებს აანონსებს

გახარია ხმაურიან დაკავებებს აანონსებს

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებები გაგრძელდება. გამოყოფილი საქმის ფარგლებში, შსს-ს 2 ახალი დაკავებული - მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე ჰყავს. არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებამ გახმაურებული მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას ბრალეულობა გამოააშკარავა და ახლა საქმის შესწავლის ბოლო ეტაპზეა. შს მინისტრი გვარებზე არ საუბრობს, მაგრამ აანონსებს, რომ დაკავებები გაგრძელდება.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში შექმნილია საპარლამენტო კომისია. საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ახლახან დაიწყო და გრძელდება. მე იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც კომისიის წევრები მუშაობას დაასრულებენ. ამ ეტაპზე, არანაირი შედეგი არ დაუდია კომისიას, რადგან მისი მუშაობის ვადა არის სამი თვე და სულ რაღაც სამი დღეა მუშაობს. ეს თემა დავხუროთ ახლა. გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც 27 დეკემბერს გამოიყო. ამ საქმის ფარგლებში, სიტუაციის, მოვლენების განვითარების არც ერთ შემთხვევას, არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. როგორც იცით, ახალ, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარია დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა, დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.

„სხდომაზე დავაყენებ საკითხს, რომ კომისიამ შეიმუშაოს რეკომენდაციები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. პირველი - საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ეს ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვისაც და არ გადაუდგიათ ეს ნაბიჯი.

მეორე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაიჭრა ერთი მოზარდი გ.მ. ეს ასევე ხელმისაწვდომი იყო პირველი დღეებიდან შსს-სა და პროკურატურისთვის და არც ამ საქმის ცალკე გამოყოფა არ მოხდა, თუმცა ამას კანონი ავალდებულებდათ და არ მომხდარა ამის გამოძიება“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს არ ეთანხმება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე, რომლის განცხადებით, კომპეტენტური პირისგან ვერ მოისმინა განცხადება, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიხეილ კალანდიასთვის ბრალის წარდგენა მკვლელობის მუხლით ყოფილიყო შესაძლებელი. როგორც პროკურორი განმარტავს, კალანდიას ბრალეულობა მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის ნაწილში გამოიკვეთა.

„მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბრალდების იმ ნაწილშია დადგენილი, რაც გამოძიებამ მასალებითა და მტკიცებულებებით მოიპოვა. ეს შეუტყობინებლობის ფაქტია. გასაგებია, რომ ეს ბატონი ზაზა სარალიძისთვის საკმარისი არ არის. გასაგებია, რომ საზოგადოებაში უფრო მეტის მოლოდინია, მაგრამ პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ და მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. ჩვენ ბატონ ზაზასა და მის ადვოკატს სისხლის სამართლის მასალები არაერთხელ გავაცანით, რაც გამოძიებით არის მოპოვებული“, - აცხადებს ზვიად ფხაკაძე.

განსხვავებულია „ქართული ოცნების“ წევრების შეფასება და თვლიან, რომ „ევროპული საქართველო“, რომელიც კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენს, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს. ასევე, ნაადრევია კაპანაძის ინიციატივა მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელიც კომისიის წევრია, აცხადებს, რომ „ყველა სიტყვა, ყველა წინადადება, რომელიც გახმოვანდა საგამოძიებო კომისიის წინაშე, უნდა იქნას გადამოწმებული და დეტალურად შესწავლილი კომისიის ფარგლებში.

„ოპონენტები შეფასებების გაკეთების დროს ჩქარობენ. ჯერ დაკითხვები არ დასრულებულა და ნაჩქარევი გადაწყეტილებები არ უნდა მიიღონ. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმესთვის თავზე ხელის გადასმას. ვამბობ, რომ კომისიის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა, კახა სირაძემ კითხვებს ამომწურავად ვერ უპასუხა. არც პროკურორის პასუხები იყო ამომწურავი, თუმცა, ზვიად ფხაკაძემ პროკურატურის ვერსიის გამამყარებელი კონკრეტული პასუხები გასცა კითხვებს. ეს პროცესი გრძელდება. ამიტომ, ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა და ხარვეზებზე საუბარი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი, რომლის განცხადებით, კომისიის წევრების ვალდებულებაა საგამოძიებო კომისიაში იმუშაონ უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით. დეპუტატი იმედოვნებს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრები გამოიჩენენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ანალიზზე დაფუძნებით წარმართავენ საგამოძიებო კომისიის მუშაობას.

„როდესაც დასაკითხია ათობით მოწმე, ადამიანი, რომელიც იყო უშუალოდ მონაწილე, პირები, რომლებმაც რაიმე სახის ინფორმაცია მიიღეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ წინასწარ განწყობებს ვქმნით, ეს არის ძალიან სახიფათო. ეს არ იქნება სასიკეთო დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის, ამან არ უნდა შექმნას საფრთხე კომისიის დისკრედიტაციისთვის.

ჩვენი პრინციპი უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმფციის განუხრელად დაცვა და გამოძიების წარმართვა არა წინასწარი შეფასებებით და წინასწარი მოლოდინების შექმნით, არამედ სრულად გაცნობით საქმის მასალების, სრულად გამოკითხვით ყველა იმ პირის, რომელსაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ამ საქმესთან, შემდგომ ანალიზზე დაფუძნებული დასკვნის გამოტანით“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.