„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტში გადაიგზავნა - სიაში 33 პირია შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.
აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.
„ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, - ამის შესახებ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, სიაში შეყვანილ ყველა ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში.
„სიაში არის 33 ადამიანი და ყველა მათგანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. სამართალდამცველი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე. არა მარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ამ სიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც დამნაშავეებს ხელი დააფარეს. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით. ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, - განაცხადა ბახტაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სიაში რუსული საოკუპაციო რეჟიმის ის წარმომადგენლებიც უნდა მოხვდნენ, რომლებიც ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის დანაშაულის დაფარვაში არიან დამნაშავეები.
როგორც პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა იქნება, საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით აიძულოს ხელისუფლება, აღნიშნული ადამიანებიც შეიყვანონ ამ სიაში.
„ევროპულმა საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი პირებიც არიან შეყვანილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობას სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია.
„საკითხის ინტერპრეტაცია არასწორია და უსარგებლო მცდელობაა. ჩვენ სამშვიდობო ინიციატივებს გავაგრძელებთ. რაც შეეხება კრიმინალებსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. სია დახურული არ არის, მასში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს - შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს ბრალი წარედგინებათ. ჩვენთვის პრინციპული იყო როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, ბრალდებული და შესაძლო მონაწილე პირები ყოფილიყვნენ სიაში შეყვანილი და ასეცაა გაკეთებული. თუ აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან სერიოზულ მონაცემებს მივიღებთ, სიის ცვლილებას სერიოზულად განვიხილავთ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მართლა აქვს კონკრეტული ინფორმაცია ან მტკიცებულებები, რომ სიაში ვინმე მართლაც გარდაცვლილია, ან რომელიმე სხვა პირი კიდევ მონაწილეობდა ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია.
„თუ ასეთი ინფორმაცია ამ პარტიის წარმომადგენლებს არ აქვთ, მათი განცხადებები, მხოლოდ სპეკულაციაა“,- აღნიშნავს ოხანაშვილი.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, თუ დადასტურდება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მყოფი რამდენიმე ადამიანი ცოცხალი არ არის, ეს იქნება ძალიან დიდი მინუსი და არაკომპეტენტურობა სიის შემდგენლის.
„ეს არის პრევენციული სია და ყველა მიხვდება, რომ მათ არ გაუვათ ასეთი ამაზრზენი და უტიფარი მკვლელობები. ამ სიის ძალა არის პრევენციაში“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის აზრით, სიას მინუსიც აქვს - თუ სიის რომელიმე წევრი ინტერპოლმა დააკავა, ვერ დავამტკიცეთ, რომ ის არის მკვლელი და გათავისუფლდა, მაშინ აღმოჩნდება, რომ სია არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა როგორც განაცხადა, „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“ არ არის დახურული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გაფართოვდეს მიმდინარე გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე და აღნიშნავს, რომ ოთხოზორიას მკვლელი უნდა დაისაჯოს.
„ჩვენ არ შევურიგდებით ადამიანის უფლებების ხელყოფას, ღირსების შელახვას და წამებას. ყველა შეხვედრის, რომელიც გალში იმართება, მთავარი თემა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და მისი მკვლელის დასჯაა. მკვლელობა უნდა იყოს ყველასთვის შეუწყნარებელი. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ დანაშაულს. დამნაშავეს არ აქვს ეროვნება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
რაც შეეხება სიაში შესაძლო გარდაცვლილთა არსებობას, სახელმწიფო მინისტრი განმარტავს, რომ ეს ვერ იქნებოდა სამართალდამცავებისთვის საქმის დახურვის საფუძველი.
სიის მომზადებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებაც გამოეხმაურა.
„არსებული გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის უკიდურესად დესტრუქტიული ქმედებებით, რომელსაც პროვოკაციული ხასიათი აქვს და შეუძლია სრულად გამოუთხაროს ძირი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, სიის გამოქვეყნებაზე რეაგირება დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ განცხადებით არ შემოფარგლულა - გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 57-ე შეხვედრა ჩაიშალა, რადგან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებმა ფორმატი დატოვეს.
სუს-მა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალური თბილისის წარმომადგენელთა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შეხვედრის ჩაშლის მიზეზები განმარტა, რომლის თანახმად, 27 ივნისის შეხვედრაზე იგეგმებოდა ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტის განხილვა და მთავარი თემა უნდა ყოფილიყო გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხი, თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით სამართლის აღსრულება წარმოადგენს უმაღლეს პრიორიტეტს, რის შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.
„მათ უარი განაცხადეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ე.წ. „ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიის“ განხილვაზე“,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
„შეხვედრა ხანმოკლე იყო. მონაწილეებმა დღის წესრიგის ერთ პუნქტზე განსხვავებული პოზიციები გამოთქვეს. განხილვის დასრულება შეუძლებელი გახდა, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ თათბირის გაგრძელების საფუძველი ვერ დაინახა“,- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის (EUMM) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სია მიღებულია 2018 წლის 21 მარტის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე. მიზანი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეზოლუციაში ბრალდებულთა სახით მითითებული პირების მიმართ სანქციების დაწესებაა.
საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა მიმდინარე წლის 22 თებერვალს ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის წამების შედეგად გარდაცვალების შემდეგ.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. ორი დღის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებული დაასახელა - აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელსაც დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ბრალდებულის გადმოცემის საკითხი, თუმცა უშედეგოდ.