ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება

ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება

„ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება“, - ასეთია მამუკა ბახტაძის ხედვა.

პრემიერის აზრით, სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად შემცირებული სამთავრობო ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ეტაპობრივად 3,9%-ზე ჩამოვა. სწორედ ეს ნიშნული იქნება მაქსიმალური ზედა ჭერი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, იმაზე მეტი ვხარჯოთ მართვაზე, ვიდრე დღეს ეს ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება.

რას ნიშნავს პრემიერის ხედვა, რომ ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება? ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსების გარდა, ეს ხომ არ შეეხება პენსიონერებს, განათლებისა და სხვა სფეროს მუშაკებს, რომელთა ანაზღაურებაც დაბალია?

თსუ-ის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ, რაც მეტი ბიუროკრატიული ხარჯი დაიზოგება, მით უკეთესი, რადგან ეს ფული წავა ეკონომიკის რეალურ სექტორში. მართალია, ისე არ მოხდება, რომ საერთოდ გააუქმონ ყველა სამინისტრო, მაგრამ მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში შესაძლოა, თანხები მართლაც შემცირდეს.

„იდეა კარგია, მაგრამ აქ მთავარია, როგორ განხორციელდება ეს ჩანაფიქრი. 3,9%-ს ნუ ვეხუმრებით, ეს კარგი მაჩვენებელია. როდესაც უკვე რაოდენობრივი კრიტერიუმი დადო ადამიანმა, ეს ნიშნავს, რომ მას კარგად აქვს ამაზე ნაფიქრი, გააზრებული. თუმცა ამ ეტაპზე ვერავინ იტყვის, რამდენად შესრულდება ეს პროგნოზი. თუ როგორ მოხმარდება დაზოგილი თანხები ჩვენს საზოგადოებას, ესეც, ალბათ, მთავრობის ხედვა იქნება. პირადად მე, გამომდინარე ჩემი პოზიციიდან, რომ გახლავართ თსუ-ის ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, გამოთავისუფლებული თანხები წავიდეს განათლების სისტემაში. სწორედ ამ სფეროში უნდა განხორციელდეს პრიორიტეტული დაფინანსება. ეს არ ნიშნავს, პროფესორ-მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდას. ცხადია, ეს ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ ვსაუბრობთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ სასწრაფოდ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას, რათა სასკოლო განათლება გამოსწორდეს, შემდეგ პროფესიულ განათლებას მიეხედოს და უმაღლესი განათლების სისტემაში რა მტკივნეული პრობლემებიცაა დაგროვილი, მალე გადაწყდეს“, - აცხადებს გიორგი ღაღანიძე.

მისი თქმით, შესაძლებელია, სხვამ სხვანაირად იფიქროს და თქვას, მოდით, თავი დავანებოთ განათლებას და სპორტში ჩავდოთ ეს ფული. ამასაც თავისი ლოგიკა ექნება. თუმცა ქვეყნის განვითარების ხანგრძლივვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე, ყველაზე სწორი იქნება, მაქსიმალური თანხები ჩაიდოს განათლების სისტემაში.

გიორგი ღაღანიძის მოსაზრებით, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან მოხდება თანხების შემცირება და, როდესაც სექტემბრისთვის წარადგენენ ბიუჯეტის პირველ პროექტს, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, დავინახოთ, კონკრეტულად როგორი ნაბიჯები გადაიდგმება.

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ახალ პრემიერს პირადად იცნობს და აფასებს, როგორც უაღრესად განათლებულ ადამიანს. ამასთან, იზიარებს მის ხედვას, რომ ბიუროკრატიაზე დაზოგილი თანხები უბრალო ხალხზე დაიხარჯოს. მისი აზრით, თუ ახალი პრემიერის ნაბიჯები ბიუროკრატიის წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა იმისთვის, რომ კიდევ გაიბეროს სამინისტროების შტატები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრების ჩვენი საზოგადოებისთვის მოხმარებას ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ემხრობა, თუმცა მიიჩნევს, რომ ასე არ გამოვა, თანხების ჩუქებით ადამიანმა მთელი ცხოვრება მოიწყოს.

„რამდენი თანხაც არ უნდა გაჩუქონ, ვერ გამდიდრდები. ქვეყანას ჩუქებით ვერ შეინახავ, თუნდაც ტრილიონები ჰქონდეს, ჩუქება მაინც სხვა რამეა. სახელმწიფო ვალდებულია, ისეთი კანონები შექმნას, რომ უმუშევრობა აღარ არსებობდეს. უმუშევარი კაცი ძალიან საშიშია საკუთარი თავისთვისაც და სხვისთვისაც. ჩვენთან ძნელია ცხოვრება, რადგან დანგრეულია ეკონომიკა, ამიტომ უბრალო 500-ლარიანი სამუშაოც რომ ჰქონდეს კაცს, ესეც საჭიროა, რადგან ამით მორალურად კმაყოფილდება ადამიანი“,-აცხადებს ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბარში.