პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც 14-დან 10 სამინისტრომდე შემცირებას გულისხმობს. იქმნება ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატიც. პრემიერის განცხადებით, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ ასევე შემცირდება სამთავრობო ხარჯებიც და საბოლოოდ ის 3.9 ნიშნულზე ჩამოვა. ბახტაძის განცხადებით, დაზოგილი სახსრები საზოგადოებას და იმ პრობლემების მოგვარებას მოხმარდება, რომელიც დღის წერიგში დგას.
მართალია მთავრობაში პირდაპირ არ ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უწყებებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება იგეგმება, მაგრამ ეს მათ ირიბ კომენტარებში ისედაც ჩანს. ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მცირე მთავრობის კონცეფცია პირველ რიგში ემსახურება მართვის ოპტიმალურ სისტემებს და არა ხალხის შემცირებას.
„ეს იმისთვის არ კეთდება, რომ შევამციროთ ხალხი, არ არის საუბარი მასობრივ დათხოვნებზე ან შემცირებაზე, არამედ საუბარია, პირველ რიგში, მართვის ოპტიმალურ სისტემაზე. ზოგადად, ბიუროკრატიის ხარჯები უნდა შემცირდეს და უნდა შემცირდეს ეკონომიკის ზრდასთან ერთად და მათი ოდენობა, უნდა იყოს დაფიქსირებული 3.9%-ზე მშპ-სთან მიმართებაში. უნდა იყოს ეფექტური ბიუროკრატია - მთავარი ამოცანა ესაა“, - ამბობს მინისტრი. მისივე თქით, თუ რა რაოდენობით შემცირდება დასაქმებულთა რაოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც უწყებების ერთმანეთთან ინტეგრაცია მოხდება.
რამდენად საკმარისი იქნება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ქვეყანაშია, ახლა რთული სათქმელია.
ბიზნეს სამართლის სპეციალისტის აკაკი ჩარგეიშვილისთვის უცნობია, თუ რომელ კონკრეტულ მუხლებში მოხდება შემცირება და რომელ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება. შესაბამისად, ამაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც იურიდიული დოკუმენტაცია იარსებებს. ეს მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც საქართველოს პარლამენტს წარედგინება აღმასრულებელი მთავრობის სტრუქტურისა და ცვლილებების შესახებ კანონპროექტები.
„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება თავად ამ განმარტებით ბარათების ნახვა, რადგან პრემიერის განცხადება მხოლოდ ინფორმაციულად გავრცელდა. რეალობაში ეს როგორ იქნება, ბიუჯეტის რომელ კონკრეტულ მუხლებში მოხდება შემცირება და რომელ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეეხება, ამ დროისთვის უცნობია. დეტალურად ეს ნანახი არ გვაქვს. ამიტომ, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ, რაც დოკუმენტი გამოქვეყნდება“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.
EY Georgia-ს მმართველი პარტნიორის რუსლან ხოროშვილის განმარტებით კი, ის თანხები, რაც მთავრობის შეკვეცის შედეგად იქნება დაზოგილი, არ უნდა მოხმარდეს სხვა სამთავრობო პროექტებს, არამედ უნდა მოხდეს ამ თანხის ეკონომიკაში ჩატოვება.
„მცირე მთავრობის მიმართულება არ არის ახალი, მთელი მსოფლიო ცდილობს ამ გზით იაროს და წამყვანი ქვეყნები, ვინც ეკონომიკის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ამას ახერხებენ. ამიტომ ეს ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა მცირე ზომის მთავრობა არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმებულთა რაოდენობას შეკვეცას ან სამინისტროების რაოდენობას შემცირებას. ეს ტერმინი გულისხმობს ეკონომიკურ პროცესებში მთავრობის რაც შეიძლება მცირე ჩარევას.
შესაბამისად, ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაზოგილი თანხები კი არ იყოს გამოყენებული სხვა სახელმწიფო პროექტებისათვის, არამედ ეს თანხები არ უნდა იქნეს ამოღებული ეკონომიკიდან და უნდა მოხდეს გადასახადების შესაბამისი შემცირება“ - განუცხადა „საქმის კურსს“ ხოროშვილმა.
მისივე თქმით, მცირე მთავრობის პროექტის შესრულება მთელ მსოფლიოში უჭირთ მთავრობებს, რადგან ეს ნიშნავს მათი ხარჯებისა და ზეგავლენის შემცირებას და საქართველოშიც ეს ძალიან რთული შესასრულებელი იქნება.