მაჩალიკაშვილის ოჯახი თვლის, რომ ამერიკული ექსპერტიზის დასკვნა თემირლანის დანაშაულს არ ადასტურებს

მაჩალიკაშვილის ოჯახი თვლის, რომ ამერიკული ექსპერტიზის დასკვნა თემირლანის დანაშაულს არ ადასტურებს

22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტიტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევის, ასევე მასთან ერთად ლიკვიდირებული კიდევ ორი პირის ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ინახება. 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთვის ცხედრების გადაცემის მოთხოვნით არავის, მათ შორის არც ჩატაევის ოჯახს მიუმართავს. ცხედრების დაკრძალვასთან დაკავშირებით ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია არც სახელმწიფოს.

აჰმედ ჩატაევი საერთაშორისო ტერორისტთა სიაში 2015 წელს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი შენაერთის „იარმუკის“ ხელმძღვანელად გამოჩნდა. ამ შენაერთში იბრძოდნენ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები, ძირითადად ჩეჩნები, თუმცა მათ შორის იყვნენ საქართველოდან, კერძოდ, პანკისის ხეობიდან წასული ახალგაზრდებიც.

ჩატაევმა 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა. ცნობილია, რომ საქართველოში შემოსვლამდე ჩატაევი თავს თურქეთს აფარებდა. საქართველოში კი ე.წ. მწვანე ზოლის მეშვეობით შემოვიდა, სადაც მას მისი თანამოაზრეები - ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი დახვდნენ.

სწორედ მათ უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათივე დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში და დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში. ასევე, ირკვევა, რომ უცხოეთიდან ერთი და იგივე პირის მიერ სისტემატურად ირიცხებოდა თანხები ზემოხსენებული პირების, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ანგარიშზე.

სწორედ ჩატაევის კომპიუტერში დაცული მონაცემებისა და ბინიდან ამოღებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა კავშირი პანკისის ხეობაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან. სხვა მტკიცებულებებს შორის აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო და მობილურის საგარანტიო დოკუმენტებიც, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს, როგორ გადაადგილდება თემირლან მაჩალიკაშვილი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერორიზმში მხილებულ პირებთან ერთად მობილური ტელეფონის საყიდლად.

როგორც ირკვევა თემირლან მაჩალიკაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, შემდგომი გამოკვლევის მიზნით, შეერთებულ შტატებში გაიგზავნა და მიღებული მონაცემები ქართულ მხარეს გადმოეცა. ქართული მხარე გამოძიების ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს. არსებული ინფორმაციით, ამერიკელი ექსპერტების მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის შესწავლის დასრულების შემდეგ დადგინდა, რომ მას კავშირი ჰოქნდა „ისალამური სახელმწიფოს“ წევრებთან.

ამავე დასკვნით ირკვევა, ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. ირკვევა, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარის ადრესატი, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არაფერს ცვლის და ის ვერც თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს. გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ თემირლანი ჩატაევს არ იცნობდა და ვერც დაელაპარაკებოდა, რადგან თემირლანმა არ იცოდა არც ჩეჩნური და არც რუსული. ოჯახი ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს.

გარდაცვლილის დედა, მედიკო მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მართლაც ცხოვრობდა ვარკეთილში, რამაზ მარგოშვილის მიერ ნაქირავებ სახლში და ქირა ბინის მეპატრონეს ორჯერ გადასცა. როგორც მედიკო მაჩალიკაშვილი აცხადებს, მის შვილს გადმორიცხული ფული არც რამაზ მარგოშვილისგან და არც არავისგან არ ქონია.

„ორი ახალგაზრდა ბიჭი, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბორზოევი და სოლტახმატოვი, ამჟამად დაკავებულ რამაზ მარგოშვილთან სახლში ცხოვრობდნენ და სოფელში ყველა, მათ შორის თემირლანიც, სეიფულას და აბდულას სახელით იცნობდა. სასამართლოზე ვიტყვი სიმართლეს და საზოგადოება ბევრ ისეთ რამეს გაიგებს, რაც აქამდე არ თქმულა.

ჩემზე უფრო კარგად იცის სუს-მა, ვინ შემოიყვანა, ვინ მფარველობდა და ვინ დააფინანსა ის ორი ბიჭი, რომლებიც სეიფულასა და აბდულას სახელებით ორი წელი ცხოვრობდნენ ჩემს მეზობლად, რამაზ მარგოშვილის სახლში?! მე მექნება მტკიცებულებები, ისეთი კი არა, სუს-მა მტკიცებულებების გარეშე რომ დაადანაშაულა ჩემი შვილი ჩატაევთან კავშირში“, - ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.

მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მიზანია ბოლომდე ბრძოლა, ვიდრე მის შვილს არ აღიარებენ უდანაშაულოდ და სანამ სოსო გოგაშვილი, ასევე სპეცრაზმელი, რომლის ტყვიით იქნა მოკლული მისი შვილი, არ დაისჯებიან.

„ეს იყო ტერაქტი და ამის დამგეგმავი იყო მინისტრი გიორგი გახარია. რაც შეეხება ტელეფონის ექსპერტიზას, ეს არის აგორებული ტყუილი, რადგან სუს-მა დაინახა, რომ მთელი საქართველო და ხეობა ჩვენს გვერდით არის და ათას სისულელეს იგონებენ. ძალა ჩვენს ხელშია, ხალხის ხელშია და ხალხს ჩემი სიმართლის სჯერა.

სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელიც ვაგზალზე ტელეფონის ყიდვის მომენტშია გადაღებული, ჩემს შვილთან ერთად კარგად ჩანს, ჯარაფ ხანგოშვილის ბიჭიც. მე კითხვა მაქვს სუს-თან, თუ ეს კადრები გახდა თემირლანის დასაკავებლად ჩემს სახლში შემოვარდნის მიზეზი, რატომ არ დააკავეს ჯარაფ ხანგოშვილის შვილიც? ის გარეთაა ახლაც. ტერორიზმში ბრალდებულები, როგორც იმ ორ ბიჭს უწოდეს, ხანგოშვილებთან ხშირად ათევდნენ ღამეს, ჩემს სახლში კი ერთი ღამეც არ დარჩენილან“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ქართული მხარე სატელეფონო დასკვნას არ ასაჯაროვებს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ 5 თვე არ სჭირდება მობილურის მონაცემების შესწავლას. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი თვლის, რომ შეგნებულად ხდება ამ ინფორმაციების გავრცელება, რათა მოხდეს ვითარების გადაფარვა. მისი თქმით, მაჩალიკაშვილის მკვლელობის ნაწილში გამოძიება არის ნულოვან დონეზე, ისევ იქ, სადაც იყო.

„რატომ არ აწყობდათ ჩატაევის, ან სხვების ცოცხლად აყვანა - ამაზე უფიქრია ვინმეს? ეს კითხვა რატომ არ არის აქტუალური? რატომ გახდა საჭირო მათი ბლოკირება, როდესაც შეეძლოთ აყვანა, რადგან თვისუფლად მოძრაობდნენ თბილისში, იარაღის სამალავიც კი გააკეთეს. როგორ შემოვიდა ჩატაევი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ე.წ. მწვანე ზოლიდან - აი, გამოძიების ეს ნაწილია საინტერესო. ე.ი. სადღაც არის ხვრელები, რადგან გადიან და შემოდიან“, - აცხადებს ალადაშვილი.

როგორც ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, თუკი აღნიშნული პირები მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, ყველა ეტაპზე შეეძლოთ სამივეს ცალ-ცალკე დაკავება, ან უკიდურეს შემთხვევაში, ორის ქუჩაში დაკავება და ერთი უკვე ამდენ წინააღმდეგობას ვერ გაწევდა და მსხვერპლი არ იქნებოდა.

„ანუ, კითხვები ძალიან ბევრია. ახლა სირაქლემას პოზაში არიან და ვითომ არ ესმით. იძახიან, რომ ტერორისტი იყოო, კი ბატონო, მაგრამ ტერორისტის განადგურება არის ბოლო ეტაპი, თუ ის შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე გადადის. თუ გაქვს საშუალება, რომ გაშიფრო მისი გეგმები, კავშირები და უკვე იცი ვისთან მიდის და ვისთან მოდის, მაშინ ბუნებრივია, რომ საქმისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკეთესია ცოცხლად დააკავო და ინფორმაცია მიიღო. იგივე მაჩალიკაშვილი დაეკავებინათ ცოცხლად, მით უმეტეს, რომ ერთ ოთახში იყო გამოკეტილი. თავს აიფეთქებდა? არის ბევრი კითხვები, მხოლოდ იმის თქმა, რომ ყველაფერში მართლები ვართ, ასე არ შეიძლება“, - აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამერიკელი ექსპერტების დასკვა ბევრ რამეზე მიუთითებს და არა ყველაფერზე. მისი თქმით, დასადგენია როგორ მოხდა ეს კომბინაცია და ფულადი დახმარების აღმოჩენა. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ეს იყო მეგობრისთვის დახმარების აღმოჩენის შემთხვევა.

„შეიძლება მან მისცა თავისი მობლური და ეხმარებოდა როგორც თავის ნაცნობებს. იმიტომ, რომ ჩატაევთან ერთად მყოფი ორი ადამიანი მაინცდამაინც თავს არ იკლავდა კონფიდენციალურობის დაცულობით. ღიად მოქმედებდნენ, ღიად გადაადგილდებოდნენ და თვით კამერებსაც კი არ ერიდებოდნენ. მათ ჰქონდათ მოლოდი, რომ არავინ არ დააკავებდა. როდესაც არავინ არ იცის, რომ ისინი არიან ტეროროსტები, ასეთ პირობებში რთულია დახმარებაზე უარი უთხრა. შეიძლება მათ მეგობრულად სთხოვეს მაჩალიკაშვილს დახმარება“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი ამბობს, რომ მაჩალიკაშვილი არ იყო ვალდებული სცოდნოდა, ვინ იყო ჩატაევი და ეს ადამიანები, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. შესაბამისად, მაისაია ახლა გამოძიების დასრულებას ელოდება.

„რა თქმა უნდა, ეს სერიოზული მტკიცებულებაა, მაგრამ არა პირდაპირი - შეიძლება იყოს ირიბი მტკიცებულება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა ვითარებაში და როგორ მოხდა ამ ფაქტების განხორციელება. როგორ მოხდა ბინის დაქირავება, ტელეფონის შეძენა და ა.შ. სანამ გამოძიება არ დადებას უტყუარ მტკიცებულებას და არ მოხდება ბრალის წაყენება მაჩალიკაშვილისთვის, მანამდე რთულია ვერსიებზე საუბარი.

ჯერჯერობით მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, რაც აჩენს ბევრ კითხვას და მე აქედან დავიწყებდი ძიებას, რატომ არ აქვს ბრალი წაყენებული ამ დრომდე. დანარჩენი ეს არის დანაშულის გადაფარვის მცდელობა. სახელმწიფომ ჯერ პასუხი უნდა გასცეს იმ დანაშაულზე, რაც მაჩალიკაშვილის წინაშე ჩაიდინა და ამის მერე გამოვავლინოთ იყო თუ არა ის ტერორისტი“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ პირველი შეცდომა დაშვებული იქნა მაშინ, როდესაც მოხდა ბინაში შესვლა, რადგან ოპერაცია ჩატარდა არც თუ ბოლომდე კვალიფიციურად. მისი თქმით, თუ ოპერაციის მიზანი იყო მაჩალიკაშვილის დაკავება, ეს შეიძლებოდა ყოველგვარი სროლების და ტრაგედიის გარეშე.

„ეს არის სამწუხარო ფაქტი. დანარჩენი, ბინა ვინ იქირავა, რა კავშირი ჰქონდა, იცნოდა თუ არა ჩატაევს... შეიძლება იცნობდა კიდეც. ადგილობრივები ყველა ერთმანეთს იცნობს. ის, რომ მე ვიცნობ ვიღაცა კრიმინალს, ეს არ ნიშნავს, რომ მეც კრიმინალი და დამნაშავე ვარ. არ ვიცი ამერიკულმა მხარემ რა გამოიძია, მაგრამ რაც ჩვენ გვაქვს და რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ეს დაკავების პროცესი, რომელიც შემდეგ მკვლელობით დამთავრდა, იყო შეცდომა.

ფაქტი ფაქტია - მაჩალიკაშვილი მოკლეს ლოგინში დაკავების დროს. ამ დროს თურმე თვეების მანძილზე უთვალთვალებდნენ. რა სირთულე იყო ეს თვალთვალი გაეგრძელებინათ 3-4 დღე? არა მგონია, რომ მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება იყო თავიდანვე მიღებული, მე ამ ფაქტს გამოვრიცხავ - ნერვებმა უმტუნა სპეცრაზმელს. ძალზედ რთული პროფესიაა იყო სპეცრაზმელი, რკინის ნერვები უნდა გქონდეს. მოხდა ის, რაც სინამდვილეში არავის არ აწყობდა, დაშვებული იქნა შეცდომა.

მთელ მსოფლიოში ხდება შეცდომები, როდესაც მოვლენები სულ სხვანაირად ვითარდება, ვიდრე ის დაგეგმილი იყო. ამ დროს ცივილიზებულ ქვეყნებში დაშვებულ შეცდომას აღიარებენ. ჩვენთან ეს დაუსრულებელი ძიება იწყება და არ მთავრდება. შეიძლება ნებისმიერი საქმე შემოიდოს თაროზე და 10-15 წლის მერეც არსებობდეს სტანდარტული პასუხი - მიმდინარეობს ძიება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.