„ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა არ არის მისაღები, რადგან თვითონ ამერიკა საფუძველშივე მიგრანტთა ქვეყანაა“

„ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა არ არის მისაღები, რადგან თვითონ ამერიკა საფუძველშივე მიგრანტთა ქვეყანაა“

დონალდ ტრამპის ხისტ მიგრაციულ პოლიტიკას ვაშინგტონში საპროტესტო აქციით შეხვდნენ. ასობით დემონსტრანტმა არალეგალების მასობრივი დეპორტაცია გააპროტესტა მთავარი ლოზუნგით - „მე მათი ბედი მადარდებს“. აქციის მონაწილენი მოითხოვენ, შეწყდეს მიგრანტების მასობრივი დაკავება ამერიკა-მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო.

აქციის მიუხედავად, დონალდ ტრამპი ხისტი მიგრაციული პოლიტიკის ერთგულად რჩება. ამ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა დაუფარავად აღნიშნა, „ჩვენ ვაპირებთ, ბრძანება გამოვცეთ და არალეგალი მიგრანტების ოჯახები ერთად განვათავსოთ, თუმცა მათ მიმართ სიმკაცრე უნდა შევინარჩუნოთ, თორემ ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს ხალხი, კრიმინალი და ყველაფერი, რისი ატანაც არ გვსურს“.

მართლაც, სულ ახლახანს დონალდ ტრამპმა მიგრანტთა ოჯახების განცალკევება აკრძალა. თუმცა იქვე განმარტა, რომ ამ აკრძალვის მიუხედავად, საიმიგრაციო პოლიტიკა - „ნულოვანი ტოლერანტობა“ მომავალშიც გაგრძელდება.

ბოლო რამდენიმე კვირაში აშშ-ის ხელისუფლებამ სპეციალურ ცენტრებში განათავსა 2300-მდე ბავშვი, რომლებიც არალეგალმა მიგრანტებმა აშშ-ის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, თავად კი წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდნენ. ამის გამო თეთრი სახლის ლიდერის საიმიგრაციო პოლიტიკა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. რიგ პოლიტიკოსებთან ერთად აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა რელიგიურმა ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაგმეს.

გაეროს ბავშვთა ფონდი - „იუნისეფი“ აშშ-ის სამხრეთით, მექსიკის საზღვართან არალეგალი მიგრანტებისთვის შვილების წართმევასა და ოჯახების ძალადობრივ განცალკევებას აკრიტიკებს. როგორც „იუნისეფის“ თავმჯდომარემ კრისტოფ ბულერმა განაცხადა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს ზრდასრულ მიგრანტებს აკავებენ, ბრალს უყენებენ, თანმხლებ ბავშვებს კი ართმევენ და ცალკე სპეციალურ ცენტრებში ათავსებენ. საერთაშორისო მედიამ ხმოვანი ჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც პატარა ბიჭის ტირილი და მამის ნახვის მოთხოვნა ისმის. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებისგან განცალკევებულ ასობით ბავშვს ცხოვრება გისოსებში უწევს და ბეტონის იატაკზე სძინავს.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა ბედი ელის ცალკე განთავსებულ 2300 ბავშვს და დააკავებენ თუ არა მათ უფროსებთან ერთად. სიტუაციას დრამატულობას სძენს ის ფაქტიც, რომ არა მარტო მოზრდილ ბავშვებზეა საუბარი, არამედ 18-თვის ასაკის ბავშვებზეც, რომლებსაც მშობლებისგან განცალკევებით ათავსებენ.

ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ნანა ნაზაროვა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ცხადია, დონალდ ტრამპის მიგრაციული პოლიტიკა მტკივნეულია ბავშვებისთვის და ეს ბავშვთა კონვენციის, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა, მაგრამ ამერიკისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ამერიკელები ამბობენ, საერთოდ, ადამიანის უფლებების კომიტეტიდან გავდივართ და არც გვინდა თქვენი ადამიანის უფლებებიო. ძლიერი ქვეყნები ასეთ რამეს აკეთებენ და, პატარა ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდ ქვეყნებზე ზეწოლა ძალიან ძნელია.

„რუსეთი და ამერიკა თითქმის ერთნაირად იქცევიან ადამიანის უფლებების სფეროში. თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ არალეგალური მიგრაცია ნიშნავს, რომ ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი ტბებით, ტყეებით, მთებით, ანუ კანონიერად არ გადალახა საზღვარი, რაც კრიმინალური საქციელია. ყველა ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაც ამ საქციელს კრიმინალურად ცნობს. სხვათა შორის, ამისთვის საქართველოში უამრავი ადამიანი ციხეში ზის. როგორც ვიცი, თუ პატარა ბავშვია, მაშინ დედასთან ერთად მიდის ციხეში, ხოლო, თუ უფრო დიდი ასაკისაა, მაშინ ბავშვისა და მშობლის განცალკევება ხდება და ბავშვს გადასცემენ საკუთარ ოჯახს, ხოლო, თუ ეს ოჯახი არ არის იმ ქვეყანაში, მაშინ სად უნდა წაიყვანონ ბავშვი? ამიტომაც, რაც ამერიკაში ხდება, კანონიდან გამომდინარე, ლოგიკურია. თუმცა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ეს საშინელებაა“, - აღნიშნა ნანა ნაზაროვამ.

მისი თქმით, ტრამპი მიგრანტების მიმართ ასეთ ხისტ მიდგომას არ გამოავლენდა, კანონს რომ არ მიეცა ამის საშუალება. ის ამას კანონიერად აკეთებს, რადგან თავად არალეგალმა მიგრანტებმა დაარღვიეს კანონი. უბრალოდ, ტრამპმა კიდევ უფრო გაამკაცრა ეს კანონი და მასში დამატებითი ჩანაწერები გააკეთებინა.

ნანა ნაზაროვა ისტორიულ ძნელბედობასაც იხსენებს და ამბობს, რომ ომების დროს ადამიანები ტოვებდნენ სამშობლოს და გარბოდნენ უცხოეთში ბავშვებითურთ, ოჯახებითურთ. წინათ ასეთი რამ მხოლოდ ომის დროს ხდებოდა, ახლა კი მექსიკაში ომი არ არის, უბრალოდ, საშინელი სიღარიბეა.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ნუგზარ კოხრეიძე დონალდ ტრამპის ახალ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომლის თანახმადაც, ბავშვები და მშობლები არ უნდა დააშორონ ერთმანეთს, თუმცა მიიჩნევს, რომ, ზოგადად, ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა არ არის მისაღები, რადგან თვითონ ამერიკა თავის საფუძველშივე მიგრანტთა ქვეყანაა. მართალია, ამერიკაში მომატებულია ტერორიზმის საშიშროება, სხვა საფრთხეებიც არსებობს, მაგრამ მკაცრი პოლიტიკის წარმოება არასდროს იძლევა პირდაპირ შედეგს, რასაც უსაფრთხოება და ტერორიზმთან ბრძოლა ჰქვია. პირიქით, ამით უფრო მეტად დაშავდებიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ომებს, კონფლიქტებს გაურბიან თავიანთ ქვეყნებში.

„ვფიქრობ, ამერიკა, როგორც გლობალური მოთამაშე, უნდა გრძნობდეს გარკვეულ პასუხისმგებლობას თუნდაც ამ კონფლიქტებთან მიმართებით, რადგან სწორედ ამერიკა თამაშობს ერთ-ერთ წამყვან როლს ამ კონფლიქტებში, მათი წარმოშობის, განვითარების, შეჩერების საკითხებში. ტრამპის მხარდამჭერები დადებითად აფასებენ მის მკაცრ პოლიტიკას მიგრანტთა მიმართ და გარკვეული ელექტორატში მას ამ კუთხით აქვს კიდეც მხარდაჭერა. სხვანაირად ის ვერ გააგრძელებდა მიგრანტთა მიმართ მკაცრი პოლიტიკის წარმოებას. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს რეალობაც. კერძოდ, საკუთარი ქვეყნებიდან დიდი პრობლემების გამო გაქცეული ჩვეულებრივი მოქალაქეები იმსახურებენ, რომ მათზე ვინმე ზრუნავდეს და ბევრად უფრო უსაფრთხო გარემოში ყოფნის შესაძლებლობა ჰქონდეთ. სამყარო უნდა გახდეს უფრო ჰუმანური. ამიტომ მიგრანტებისთვის კვოტის დაწესება გამოსავალი არ არის, გამოსავალია რეგულირებადი მიგრაცია, ცირკულარული მიგრაციის პოლიტიკის წარმოება, მიგრაციაში სამომავლო განვითარების დანახვა. თუნდაც საქართველოსთან მიმართებით ისეთი ტიპის სამუშაოების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის განვითარებას. მთავარია, ის მიზეზები დაიძლიოს, რის გამოც ადამიანები ტოვებენ თავიანთ სამშობლოს და მიდიან საზღვარგარეთ. სანამ პრობლემის საფუძველი არ მოგვარდება, მანამ თავად პრობლემა იარსებებს“, - აცხადებს ნუგზარ კოხრეიძე For.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, არალეგალი მიგრანტები გაურბიან კონფლიქტებს, ომებს, მათ არ აქვთ უკან დასაბრუნებელი გზა, ამიტომ მზად არიან, თუნდაც ის წამება გაიარონ, რაც ამერიკაში მოელით ლეგალიზაციის თვალსაზრისით. რაც შეეხება მშობლებისა და ბავშვების განცალკევებას, ნუგზარ კოხრეიძის თქმით, მოწყვლადი ფსიქიკის მქონე ბავშვებისთვის ეს რთული გადასატანია და გაცილებით უფრო ხარჯიანია, რადგან ბავშვებს ხანგრძლივი პროცედურა დასჭირდებათ რეაბილიტაციისთვის, რათა მშობლებისგან განცალკევებით ყოფნისას განცდილი სტრესი როგორმე გადაიტანონ.