„სანამ ქუჩის მუსიკოსების რეპერტუარის შეთანხმებას მოვითხოვთ, ჯერ ტელევიზია და რადიო გავასუფთავოთ საშინელი სიმღერებისგან“

„სანამ ქუჩის მუსიკოსების რეპერტუარის შეთანხმებას მოვითხოვთ, ჯერ ტელევიზია და რადიო გავასუფთავოთ საშინელი სიმღერებისგან“

თბილისის „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის ნათქვამმა, რომ შესაძლოა, ქუჩის მუსიკოსებისთვის რეგულაციები დაწესდეს, ამ პროფესიის ადამიანებს შორის გაუგებრობა გამოიწვია. სერგი გვარჯალაძის თქმით, არიან ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც კარგ მუსიკას გვთავაზობენ, მაგრამ მათ გვერდით არიან ისინიც, ვინც ვნებს ჩვენი მოქალაქეების ყურს და ტურისტებზეც არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ამდენად, გასათვალისწინებელია ლონდონის გამოცდილება, სადაც მუსიკოსი წინასწარ ათანხმებს რეპერტუარსა და ადგილს, თუ სად უნდა იმღეროს ადამიანმა და რომელ საათებში. ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩის მუსიკოსებისთვის საქართველოში ფულადი გადასახადი დაწესდება.

სერგი გვარჯალაძის ნათქვამი მოგვიანებით თავისებურად განმარტა კახა კალაძემ. მან აღნიშნა, რომ ქუჩის მუსიკოსებს დიდ პატივს სცემს და მათ მიმართ სანქციების დაწესებას არ აპირებს. უბრალოდ, მერია გეგმავს ქუჩის მუსიკოსებს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს. მისივე განმარტებით, ქუჩის მუსიკოსებს შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანია. მათ შორის, წლების წინ მისი ყურადღება მიიქცია ჯგუფმა „ბანმა“, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა. იმ პერიოდში მილანში მცხოვრები კახა კალაძე იმდენად მოიხიბლა ამ ახალგაზრდების სიმღერით, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ბიჭებს შეხვდა, ფინანსურად დაეხმარა და დღეს ისინი მისი საუკეთესო მეგობრები არიან.

კომპოზიტორი და მომღერალი ირმა სოხაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან გაუხარდებოდა, ქართველებმაც ლონდონის მაგალითით იხელმძღვანელონ, რადგან ჩვენ არავისზე ნაკლებნი არ ვართ, მაგრამ ჩვენი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ცოტა უხერხულია ქუჩის მომღერლებისთვის რეგულაციების დაწესებაზე საუბარი.

ირმა სოხაძის განმარტებით, თუკი ვიღაც უცენზურო სიტყვებს იყენებს და ცუდ სიმღერას მღერის, ცხადია, ეს ბავშვებმა არ უნდა მოისმინონ და ისედაც აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში უცენზური სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმა და ამღერება. ირმა სოხაძის თქმით, გასაგებია, ფანოღი სერგის არ უყვარს, არც თავად ირმა სოხაძეს მოსწონს ეს მუსიკალური ჟანრი, მაგრამ, თუ უცენზურო არ არის და ქუჩაში სიმღერით არაფერს აშავებს ადამიანი, დადგეს და იმღეროს.

„რამდენადაც ვხვდები, აქ საუბარია კარგი რეპერტუარის შერჩევაზე. მე არ ვიცი, ლონდონში ვინ რას აკეთებს, მაგრამ საინტერესოა, საქართველოში ვინ უნდა ჩაატაროს რეგულაცია, რომელმა საბჭომ, როგორი შემადგენლობით?! ამაზე კიდევ ცალკე თანხები გამოვყოთ, რომ პროფესიონალები დავსვათ და მათ გადაწყვიტონ, ვის მივცეთ ლიცენზია და ვის არა?! რაღაც აბსურდამდე მივდივართ. ერთხელ ვიხუმრე, ჩემი კოლეგების ნაწილს არ აქვს ლიცენზია და ისეთი მუსიკალური განათლება, როგორც საჭიროა, მაგრამ მშვენივრად დგანან სცენაზე და მშვენივრად მღერიან.

ხომ არ შეიძლება, ქუჩაში მდგარ მაწანწალას დრესკოდი დავუდგინოთ, რომ უკეთ ჩაიცვას, რათა ტურისტს თვალში ცუდად არ მოხვდეს. აბსურდამდე მიდის ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი მათხოვარია. სამწუხაროა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელში დგას ვიღაც და მღერის. მე, როგორც პროფესიონალს, თუკი რამე მომეკითხება, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუსიკოსები ცუდად სულაც არ მღერიან. სხვათა შორის, ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი დგას ქუჩაში. იქნებ, დავიაროთ ქუჩები, მოვუსმინოთ მათ, ვინც ცოტა ნორმალურად მღერის და ბარებში შევიყვანოთ, ან ისეთი ადგილები მივუჩინოთ, სადაც ისინი უფრო ღირსეულად იგრძნობენ თავს. იქნებ, ეს იგულისხმა სერგიმ. მე მანქანა არ მყავს, ფეხით დავდივარ და მიწისქვეშა გადასასვლელებში გულგრილად ვერ ჩავდივარ. მაგალითად, ბახტრიონზე დგას არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი და მღერის ტომ ვეიტსის რეპერტუარს, „Blue Valentine“ („ბლუ ვალენტაინს“). სხვა რამესაც რომ მღეროდეს, რომ დამინახავს, ავდივარ თუ ჩამოვდივარ, მაშინვე იწყებს „ბლუ ვალენტაინის“ სიმღერას. იმდენად მიჩუყდება გული, რომ ლარიანს ვჩუქნი, იმ კაცს არ აქვს სხვაგან დასადგომი და სამღერი“, - აღნიშნა ირმა სოხაძემ.

მომღერლის თქმით, ქუჩის მუსიკოსებს კი არა, პროფესიონალებს ენატრებათ სცენა და ესტრადა. ამდენად, რა უნდა ვუყოთ ამდენ ადამიანს, ვისაც შემოსავლის წყარო არ აქვს? ეს ადამიანები ტყუილად უნდა დასხდნენ ქუჩაში და ქუდი დაიდონ მოწყალების სათხოვნელად? - ბარემ იმღერონ.

„სიმღერა როგორ უნდა ავუკრძალოთ? ეს იგივეა, გაუმართავი მანქანები ერთი ხელის მოსმით ავკრძალოთ. ცხადია, ეს მანქანები საშინელებაა, გვწამლავენ და რაღაც რეგულაცია უნდა მოიგონონ, მაგრამ მძღოლებს მეტის შეძენის საშუალება არ აქვთ. ამიტომ იმაზე ვიფიქროთ, რატომ არიან ჩვენი მძღოლები ასე გაუბედურებულნი, რატომ არის ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფი და რა გვჭირს? თორემ კარგი მუსიკოსი თუ ვიპოვეთ სადმე, მიწისქვეშა გადასასვლელში, ის ბარში უნდა შევიყვანოთ. ეს რომ მადლია, ამაზე არავინ შეეკამათება დედაქალაქის მესვეურებს, პირიქით, მადლობას ვეტყვით ყველა“.

კომპოზიტორი და მომღერალი ნატო გელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კარგი იქნება, ლონდონის მაგალითით სხვა შემთხვევებში ვიხელმძღვანელოთ და მხოლოდ ამის მერე მივადგეთ ქუჩის მუსიკოსებს. პირდაპირ ქუჩის მუსიკოსებით თუ დავიწყებთ, რომ გავუტოლდეთ ლონდონს, მაშინ ლონდონში იმდენი კარგი რაღაც ხდება, რომ ჯერ ისინი გადმოვიღოთ და დავნერგოთ თბილისში.

„ზედმეტად მიმაჩნია, რომ ქუჩის მუსიკოსებს, მათ შორის, საწყალ ხალხს რეპერტუარი და არეალი შევურჩიოთ, თუ სად უნდა დადგნენ და სად იმღერონ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასაცილოა, მილიონი პრობლემაა ამ ქვეყანაში. ლონდონში ხალხს ძალიან კარგი ხელფასები, პენსიები აქვს, მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ქართველებს გვემართება მარტო ასეთი რამ, რომ უცნაური რამით ვიწყებთ. არ ვიცი, სერგი გაითვალისწინებს თუ არა ჩემს რჩევას, მაგრამ მოდით რა, სანამ ქუჩის მუსიკოსებს მივადგებით და მათგან რეპერტუარის შეთანხმებას მოვითხოვთ, ჯერ გავასუფთავოთ ტელევიზია და რადიო საშინელი სიმღერებისგან. ძალიან ბევრი ისეთი სიმღერა ტრიალებს, რომელიც არც ტელეეთერისთვისაა შესაფერისი და არც რადიოეთერისთვის. თუ ახლა სოფლის დონეზეა ქუჩის მუსიკა დასული, ეს იმიტომ, რომ იმავეს ისმენენ ტელევიზიებიდანაც. ჯერ ტელევიზიებში დააწესონ სტანდარტი, ღირებული დარჩეს ღირებულად, მუსიკოსს დაერქვას მუსიკოსი, ფანოღს დაერქვას ფანოღი, ქუჩის მუსიკოსს-ქუჩის მუსიკოსი და ყველაფერი თავისით დალაგდება“, - აღნიშნა ნატო გელაშვილმა.

სერგი გვარჯალაძის ნათქვამს გამოეხმაურა მუსიკოსი და მწერალი ტორესა მოსი. მან გვარჯალაძის ინიციატივა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქუჩის მუსიკოსთა რეგულაცია კარგს არაფერს მოიტანს. უფრო მეტიც, სადაც ოდესმე, რაიმე ფორმით ხელოვნებაში სახელმწიფო და ბიუროკრატია თუ ჩარეულა, ყველაფერი „ჩაბანძებულა“.

„თავი დაანებეთ, შეეშვით, არ სჭირდება რეგულირება. ყოველთვის, როცა ქუჩაში დასაკრავად გავსულვარ, მიპოვნია ადგილი. ორი მუსიკოსი უფრო მარტივად აგვარებს ერთმანეთთან ურთიერთობას, მეც დამითმია ადგილი, სხვასაც დაუთმია ჩემთვის. ისეც მომხდარა, ფული როცა მჭირდებოდა და იმიტომ ვუკრავდი, მოსულა ტიპი, რომელსაც უბრალოდ „გასწორება“ უნდოდა, დამდგარა ჩემთან, ერთად გვიმღერია და ფული მთლიანად დაუტოვებია ჩემთვის. მთავრობას თავისი ტაშისმკვრელი არტისტებისთვის კულტურის სამინისტრო აქვს, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, ჩვენი ჯიბიდან მოპარული ფულით ეს ტაშისმკვრელები თბილად და აღუშფოთებლად ჰყავდეთ. ქუჩაში კი უამრავი ძალიან მაგარი მუსიკოსი მინახავს, რომელთანაც კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკები ვერასდროს ახლოს ვერ მივლენ. დაანებეთ ქუჩის მუსიკოსებს თავი და აჭამეთ, ვისაც აჭმევდით“, - აცხადებს ტორესა მოსი.

ამასთან, ამბობს, რომ საშუალო დონის ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველო 15-ჯერ უფრო ღარიბია. ამიტომ ლონდონის მაგალითით აპელირება არ შეიძლება. ტორესა მოსის დაკვირვებით, ლონდონში პრობლემას უცხოელები ქმნიან, რომლებიც მოგზაურობენ და საჭირო თანხას აგროვებენ უცხო ქალაქის ქუჩებში ნამღერი სიმღერით. ამით ადგილობრივ მუსიკოსებთან კონფლიქტური სიტუაციები წარმოიქმნება. ამიტომ ლონდონის ქუჩებში საბუთის გარეშე სიმღერა არ შეიძლება. ბუნებრივია, ლონდონში 3 დღით ჩასული უცხოელი ქუჩაში დგომის უფლებას ვერ მოიპოვებს და შესაბამისი საბუთის მქონე ლონდონელი მას ტერიტორიის დათმობას უმალვე მოსთხოვს. ამ დროს კი ქართველები ვედრებით ლონდონს და ვმეტიჩრობთ.