შეთანხმება მიღწეულია. საქართველოს 14–ის ნაცვლად 11 სამინისტრო ექნება. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ეს რაოდენობა არის სრულიად ოპტიმალური ეფექტური საქმიანობისთვის. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კერძოდ, დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში, მამუკა ბახტაძე ამ საკითხზე დღეს 11 საათზე დანიშნულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრებს. for.ge–ს ინფორმაციით განახლებული მთავრობის შემადგენლობაში არ იქნებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.
რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს – განათლების სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაერთიანდება; ერთ უწყებად ჩამოყალიბდება დევნილთა და შერიგების სამინისტრო; ასევე, დევნილთა და განსახლების სამინისტროდან სოციალური კომპონენტი გადავა ჯანდაცვაში;
შეერთდება იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები. სამშენებლო და სარეაბილიტაციო კომპონენტი მხოლოდ ერთ უწყებაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოიყრის თავს. რაც შეეხება განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაერთიანებას, უმრავლესობის დახურულ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა ამ ორი უწყების შერწყმას მოჰყვა.
უმრავლესობის შიგნით აზრი გაიყო. ორივე მხარეს მოჰყავს საკუთარი არგუმენტები. თუმცა რომელი ჯგუფის ინტერესები იქნება წონადი, ეს უკვე დღეს გახდება ცნობილი. ამ ცვლილებას პრემიერი პარლამენტს წარუდგენს, კენჭის ყრის შემდეგ, გაგრძელდება დისკუსია მთავრობის პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაზეც ყველა თანხმდება არის ის, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა.
„მთავრობის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს იმ პრობლემების წინააღმდეგ რაც საზოგადოებას აწუხებს. უახლოეს მომავალში დასრულდება კონსულტაციები და პრემიერი თავად შეაჯამებს შედეგებს“,– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის შიგნით დაპირისპირების მიზეზი გახდა თეა წულუკიანი. გუნდის ნაწილი წულუკიანის წასვლას მხარს არ უჭერს, რადგან მათი მოსაზრებით ახალი პროკურორის შერჩევაში წულუკიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. არსებული ინფორმაციით, წულუკიანის მთავრობის შემადგენლობიდან წასვლას მხარს უმრავლესობის უმრავლესობა უჭერს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
„დიახ, უნდა დატოვოს, ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის პოზიცია ასეთია. ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს არაერთხელ. დღეს უკვე პრემიერის გადასაწყვეტია. მე ვფიქრობ, რომ თუკი „ქართულ ოცნებას“ აქვს შეცდომები, გარედან უფრო კარგად ხედავს ეგ ქალბატონი და როცა დაკავებული თანამდებობიდან თავისუფალი იქნება, კრიტიკის მეტი საშუალება ექნება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
თანაგუნდელის პოზიციას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი, რომლის განცხადებით პერსონებზე გუნდში მსჯელობა ჯერჯერობით არ ყოფილა.
„გუნდში კონკრეტულად არ გვიმსჯელია, ვინ უნდა გადადგეს და ვინ - არა , პერსონებზე საუბარი არ ყოფილა, შევთანხმდით, რომ ამის შესახებ უშუალოდ მამუკა ბახტაძე ისაუბრებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
წულუკიანთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თვლის, რომ თუ წულუკიანი მინისტრად დარჩა, ცუდი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ კარგი ოპოზიციისთვის, რადგან ამაზე კარგი საჩუქრის გაკეთება არჩევნების წინ მმართველ გუნდს არ შეუძლია.
„თუ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათი მიზანია ამა თუ იმ მინისტრის უმტკივნეულოდ მოხსნა. კულტურის სამინისტრო შეუერთდება განათლებას და მინისტრი წავა, სოზარ სუბარს ეტყვიან, შენი სამინისტრო დაიშალა, ერთი ნაწილი წავიდა მარჯნივ, მეორე მარცხნივ, და გაუშვებენ სახლში. ფაქტობრივად, საკადრო მანიპულაციებისთვის ხდება ეს ყველაფერი“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
სამთავრობო ცვლილებებს და მთავრობის რესტრუქტურიზაციას მხრას არ უჭერს „ევროპული საქართველო“. როგოც ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, ივანიშვილის ხელქვეითების მორიგი კაბინეტი ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე იყო ყველა კაბინეტი.
„სულ რაღაც ექვსი თვის წინ გამოგვიცხადა ივანიშვილის წინა მთავრობამ, რომ შეამცირებდა სამინისტროების რაოდენობას და ამით დაზოგავდა ფულს, რომელიც, რა თქმა უნდა, მოხმარებოდა პენსიის ზრდას და სხვა სოციალურ ხარჯებს. ეს არ გააკეთეს მარტივი მიზეზის გამო - ვერ ელევიან საკუთარი და პარტიული აქტივის კეთილდღეობას. მათ არ შეუძლიათ ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პოლიტოლოგი, ივიანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი თვლის, რომ უკვე გაერთიანებულ თუ არსებულ სამინისტროებში სერიოზული რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ამ პროცესმა არ შეიძინოს მექანიკური ხასიათი. მისი თქმით, სამინისტროების გაერთიანება სწორია, მაგრამ ასევე სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი რეფორმის მეორე ეტაპზე, რადგან ხუხაშვილის განცხადებით, სამინისტროების მექანიკური გაერთიანება შედეგის მომატანი არ იქნება.
„იმისთვის, რომ სისტემა ეფექტურად იმართებოდეს, ერთ–ერთი პირობაა იყოს მარტივი და ოპტიმალური. შესაბამისად, რეფორმა ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი ეს არის გამსხვილება და მე ამ ტიპის გამსხვილებას მივესალმები. მეორე ეტაპი არის შიგნით დალაგება. უკვე გაერთიანებულ თუ არსებულ სამინისტროებში სერიოზული რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა არ შეიძინოს მექანიკური ხასიათი.
მექანიკურ გაერთიანებას არაფერი მოაქვს, მათ შორის არც ხარჯების შემცირება, რისი არაერთი მაგალითიც გვინახავს, თუნდაც ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების თემა რომ ავიღოთ, როდესაც ფაქტობრივად, არც კი გვიგრძვნია, თუ რამე მოხდა ოპტიმიზაციის მიმართულებით.
აქედან გამომდინარე, მე პირველ ეტაპს მივესალმები, მაგრამ საბოლოო დასკვნისთვის ჩვენ უნდა დავინახოთ, რა მოხდება მეორე ეტაპზე, რამდენად მოხდება შიდა სტრუქტურული დალაგება სამინისტროების და რამდენად სწორად აიგება მმართველობითი ბლოკ-სქემა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ამ ქვეყანაში ადმინისტრაციული ხარჯების ზედა ზღვარი უკვე ციფრებში გამოხატა პრემიერ-მინისტრმა, რაც ძალიან მომწონს მე პირადად“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.