„ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, სწორედაც ეს ცხელი კონფლიქტებია“

„ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, სწორედაც ეს ცხელი კონფლიქტებია“

საქართველოში არსებული კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებას ახალგაზრდები საკუთარ თავზე იღებენ. რა ხედვები აქვს მომავალ თაობას და რისი შეცვლა შეუძლიათ კონფლიქტურ რეგიონებში წლიდან წლამდე გაურესებული ვითარების პირობებში? ამის შესახებ For.ge-ს „მშვიდობის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი, მოძრაობა „ახალი თაობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთი თანაორგანიზატორი თამარ დემურიშვილი ესაუბრა.

სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ღრმა ტრავმების მკურნალობაა. ახალგაზრდებს როგორ წარმოგიდგენიათ იმ მისიის საკუთარ თავზე აღება, რაც წინა თაობამ ვერ შეძლო?

- ახალგაზრდები წარმოადგენენ ძლიერ რესურსს, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ დაიწყონ კონფლიქტის მოგვრებაზე მუშაობა. როდესაც კონფლიქტის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ თვითონ ტერმინი „მოგვარება“ არასწორია. ჩვენ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე უნდა ვიმუშაოთ და არა მოგვარებაზე. ტრანსფორმაცია ეს არის პროცესი, მშვიდობაც ეს არის პროცესი თავისთავად და არა ერთი რომელიმე პუნქტი, საიდანაც „ა“ მიმართულებიდან „ბე“ მიმართულებამდე უნდა გადავინაცვლოთ. სამშვიდობო ღონისძიებები, სამშვიდობო ხასიათის სხვადასხვა „ივენთები“, რომლებიც ჩატარდება კონფლიქტით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისთვის, დროში გაწერილი, ძალზე ხანგრძლივი პროცესია. ის ტრავმები, დანაკარგები, რომლებიც აღნიშნულ კონფლიქტებს მოჰყვა 90-იანებში, ან თუნდაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს, ძნელი მოსაშუშებელია. ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და მატერიალური დანაკარგია ადამიანებისთვის და დიდი დრო დაგვჭირდება მათ სამკურნალოდ. რაც შეეხება ღრმა ტრავმების მკურნალობას, ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა დაიწყოს ადამიანების მოსმენით, დიალოგით, მაგრამ ეს დიალოგი ვერ შედგება, თუკი მოსმენისთვის მზაობა არ იქნება.

ჩვენი კონფლიქტები დროში უზომოდ გაიწელა. უამრავი მცდელობისა და დასავლელი პარტნიორების ჩარევის მიუხედავად, ჩვენს სასიკეთოდ არაფერი წყდება. აფხაზეთის კონფლიქტიდან უკვე კარგა ხანი გავიდა და ჭრილობები თითქოს ისე ღია არ არის, როგორც აგვისტოს ომის შემთხვევაში. ხომ შეიძლებოდა ამ პერიოდის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება თუნდაც აფხაზეთთან მიმართებით?

- მე ასე ვხედავ ამ სიტუაციას, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტები. სწორედაც ეს ცხელი კონფლიქტებია, რადგან ამ კონფლიქტების მიღმა არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი ემოციებით, მეხსიერებით. ჩვენ ვეხებით ადამიანებს და არ შეიძლება, ადამიანი გაციებული იყოს თავისი მეხსიერების მიმართ. თუნდაც მათ წინაპრებს ეხებოდეს. მეხსიერება, რომელიც საზოგადოებას შემორჩა, მომდევნო თაობას გადაეცემა წინა თაობების ნარატივით, თხრობით, მათი დამოკიდებულებით. ასე რომ, ეს კონფლიქტები იმაზე უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური კონფლიქტებია. კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური ნება რომც არსებობდეს, მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ კონფლიქტებს მიღმა არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ყველანი პოლიტიკის მანქანის ნაწილები. შესაბამისად, ეს მიმართულება ახალია და ჩვენ უნდა დავინახოთ ამ კონფლიქტის მიღმა მყოფი ადამიანები.

ერთია დე ფაქტო რეჟიმების ოფიციალური განცხადებები და მეორეა უბრალო აფხაზი და ოსი ხალხის განწყობა. სახალხო დიპლომატიის შესაძლებლობებზე ბევრს ლაპარაკობენ. რისი გაკეთება შეეძლო ან შეუძლია სახალხო დიპლომატიას ხელოვანების, მწერლების, საპატივსაცემო ადამიანების მონაწილეობით?

- მოდით, მე ახალგაზრდობის შესახებ ვილაპარაკებ, რადგან ჩვენ ვართ ახალგაზრდული მოძრაობა. ბევრ კავკასიელ ახალგაზრდას ვიცნობ, მათთან გვქონია დისკუსიები, სამუშაო გარემოში შევხვედრივართ ერთმანეთს. ეს ახალგაზრდები, მათ შორის, აფხაზები და ოსები, მზად არიან მოსასმენად. ასევე, დადებითი ნაბიჯი იქნება, თუკი მთლიანად სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოს ახალგაზრდობა შეუერთდება ამ მოძრაობას, რადგან ეს რესურსი მზარდი უნდა იყოს.

ახერხებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლას და იქაური განწყობის გაგებას?

- სამწუხაროდ, პირადად მე ჯერ არ მომცემია ამის შესაძლებლობა, თუმცა მეც და ჩვენი ორგანიზაციის წევრებსაც გვაქვს ურთიერთობა კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან. სხვათა შორის, არსებობდა ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც იმედი მაქვს, კვლავაც გაგრძელდება. ეს პროექტი მხარდაჭერილი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ასევე, ხორციელდებოდა გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „ბერგჰოფისა“ და „მშვიდობის განვითარების ცენტრის“ მიერ. ამ პროექტის მიხედვით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა აფხაზეთში ბიოგრაფიული სალონის ჩამოყალიბება. ბიოგრაფიული სალონი ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ვცვლით ჩვეულებრივ ადამიანებთან ინტერვიუებს მათი მეხსიერების, ემოციების, განწყობის, ტრავმატული გამოცდილების შესახებ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავად შეესწრნენ კონფლიქტს და თავად იგრძნეს ეს კონფლიქტი.

მათი ტრავმული გამოცდილების გახსენება ჭრილობების გახსნა ხომ არ არის და კიდევ უფრო ხომ არ დაამძიმებს შერიგების პროცესს?

- საქმეც იმაშია, რომ ტრავმის განსაკურნებლად უნდა მივიდეთ ექიმთან. მესმის, რომ ეს მტკივნეულია, მაგრამ ჩემი პირადი დამოკიდებულებით, ამის გარეშე არაფერი გამოვა.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანას განუცდია კონფლიქტური სიტუაცია. მათ შორის, სერბებს, ხორვატებს, ბასკებს, ესპანელებს, დნესტრისპირელებს, ყარაბახში, ფერგანში მცხოვრებლებს. ტრავმის გახსენების გზით ვინმეს მშვიდობისთვის მიუღწევია?

- სხვათა შორის, „ბერგჰოფის“ ფონდს აქვს ეს მეთოდი და ამ მეთოდს იყენებს. პირადად ვესწრებოდი ე.წ. ვორკშოფებს, ასევე, იმ ვორკშოფების ფასილიტატორიც ვიყავი, სადაც ჩვენ ვხედავდით, როგორ მოდიოდნენ ადამიანები ერთი განწყობით და მიდიოდნენ სულ სხვა განწყობით. ეს არ გახლდათ იმიტაცია, ჩვენ ვუსმენდით აფხაზი ქალის, მამაკაცის ნამდვილ ხმას, ასევე, ისინი ისმენდნენ ქართველების ხმას.

როგორ გგონიათ, კონფლიქტის ორივე მხარეს მყოფი ადამიანები მზად არიან, უშუალოდ განცდილი ტრავმის შემდეგ ერთმანეთთან დიალოგი აღადგინონ?

- აფხაზეთის მოსახლეობა მრავალფეროვანია. იქ არ არის ერთი გაბატონებული აზრი ისევე, როგორც ქართულ მხარეს არ არის ერთი რომელიღაც აზრი. იმისთვის, რომ აზრებს შორის თანხვედრა იყოს, შესაბამისობაში მოვიდეს ეს აზრები და ელვაშესაკრავი ორივე მხარეს შეიკრას, საჭიროა, ვიცოდეთ, რას ფიქრობენ ისინი, გავიზიაროთ, რას ვფიქრობთ ჩვენ. ადამიანებს შორის ნდობა უნდა აღდგეს და ურთიერთობის სურვილი გაჩნდეს. ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

აფხაზეთის კონფლიქტის დროს შეიქმნათეთრი მანდილისმოძრაობა, ასევე, იყო სხვა მოძრაობებიც. თუკი სახალხო დიპლომატიამ ვერ მოახერხა თავისი კეთილშობილური მისიის ბოლომდე შესრულება, როგორ მოახერხებთ ამას ახალგაზრდები? წინა თაობას პრინციპულობა არ ეყო?
- არა, ისინი პრინციპულები იყვნენ, მაგრამ შეიძლება ზედმეტი პრინციპულობა ზოგჯერ არ ჯობდეს. ის მეთოდები, რომლებსაც იყენებდნენ, როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი. წლების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან დასაახლოებლად არაერთი მოძრაობა ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენ ამ მაგალითებზე დაყრდნობით უნდა ვეცადოთ, რაიმე განსხვავებული შევთავაზოთ ადამიანებს.

ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტად ადამიანურ ურთერთობებზე ამყარებთ იმედს?

- ეკონომიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც უფრო ურთიერთობაზეა ორიენტირებული ჩვენი იდეა. ადამიანებს რაც არ უნდა შესთავაზო, ისინი ამ შემოთავაზებაზე არ წამოვლენ, ადამიანურ ურთიერთობას კი ალტერნატივა არ აქვს.

დროებით დაკარგულ ჩვენს ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა რუსებზეა დამოკიდებული. როდესაც მთავარი მოთამაშე რუსეთია, მის გარეშე როგორ გესახებათ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის განვითარება?

- რა თქმა უნდა, ამ კონფლიქტში რუსეთის როლი უზომოა და რუსეთს დღემდე აქვს ეს როლი. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ არ ღირს რუსეთზე ყურადღების იმ დონეზე გადატანა, რომ ჩვენ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთში აფხაზებიც ცხოვრობენ. რუსეთის წინა პლანზე დაყენებით ვერ ხერხდება აფხაზებთან საუბარი. პოლიტიკურ აღიარებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ყველა ადამიანი, როგორც თანასწორი, თავისი უფლებით, მენტალობით, ტრადიციით, ენით, კულტურით. როდესაც ადამიანებს შორის თანასწორი ურთიერთობა ყალიბდება, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე ტიპის პოზიტიურ ცვლილებაზე საუბარი.