საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ავრცელებენ ცნობებს დასავლეთ საქართველოში (გურიასა და იმერეთში) ადამიანების გარდაცვალების შესახებ, რომლის მიზეზადაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები ასახელებენ ფაროსანას წინააღმდეგ ადგილობრივი ხელისუფლრბის მიერ დარიგებული (სავარაუდოდ, ბიფენტრინის შემცველი) პრეპარატების გამოყენებას. პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ეს გულისშემძვრელი ამბავი გვაიძულებს კვლავაც დავუბრუნდეთ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ფაროსანასთან ბრძოლის წარმოებულ კამპანიას, მე-2 კლასის ტოქსიკუობის პრეპარატების გამოყენებით, ვინაიდან ცოცხალ გარემოსადმი და მოსახლეობის ჯანმრთელობისადმი მიყენებულ ზარალთან ერთად საქმე ეხება უკვე კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეს.
შეტყობინებებს ადამიანების პრეპარატ „ზონდერის“ არასწორი გამოყენებით გამოწვეული დაღუპვის შესახებ ადრეც ვიღებდით მოსახლეობისგან, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ შეცდომაში შეყვანილი თუ დაშინებული ადამიანები არ გვაწვდიდნენ დეტალურ ინფორმაციას მომხდარის შესახებ, რომელიც საკმარისი იქნებოდა მისი სარწმუნო არგუმენტად გამოსაყენებლად. ამის მიუხედავად, ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და მოსახლეობას, რომ სამინისტროს და სააგენტოს მიერ შემუშავებული და საჯაროდ გამოქვეყნებული ინსტრუქციები სრულიად არასაკმარისია, ხოლო პრეპარატების შერჩევის და გამოყენების მათ მიერ დანერგილი პრაქტიკა პრინციპულად არასწორია, რამაც მაღალი ალბათობით შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მოწამვლა და სიკვდილი.
ამჯერად წერილში არაფერს ვიტყვით ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების შესაძენად ჩატარებულ ტენდერებზე და მათ კორიფციულ ბუნებაზე.
აუცილებლად მიგვაჩნია მოვიყვანოთ ახალი ფაქტები, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ადასტურებს სამინისტროს და მისი სამსახურების ხელმძღვანელების არაკომპეტენტურობას, დანაშაულებრივ გულგრილობას და უპასუხისმგებლობას, რამაც უახლოეს პერიოდში შეიძლება კიდევ უფრო დიდ უბედურებამდე მიგვიყვანოს. დავიწყებთ იმით, რომ უკვე ყბადაღებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ზუსტად მიყვებოდა ცნობილი ამერიკელი სპეციალისტების გრეგ კრავჩუკის და ტრეისი ლესკის რეკომენდაციებს არ შეესაბამება სინამდვილეს. ა.წ. მარტში USAID-ის ეგიდით გამართულ სემინარზე გრეგ კრავჩუკმა საჯაროდ დაუდასტურა პროფესორ არჩილ ჭირაქაძის მოხსენებაში მოყვანილი შემდეგი ანბანური ჭეშმარიტება, რომელიც სამწუხაროდ ვერასგზით ვერ გაითავისეს სამინისტროს და სააგენტოს მესვეურებმა:
1. არ არსებობს ერთი ან თუნდაც ორი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დასამუშავებლად და ყველა გარემოში (ანუ ველად, სათბურებში, სათბურებს გარეთ, საკარმიდამო ნაკვეთებში, ეზოებში, სახლებსა და სარდაფებში, პარკებსა და სპორტულ მოედნებზე და ა. შ.). აუცილებელია სხვადასხვა სახის პრეპარატების გამოყენება და მათი განსხვავებული დოზირება კონკრეტული სამიზნე ობიექტის და გამოყენების პირობების გათვალისწინებით. ბიფენტრინის შემცველი ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევა ან მისი არასწორი გამოყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ფედერალური კანონის დარღვევა.
2. პრეპარატის გაფრქვევა უნდა ხდებოდეს მიზანმიმართულად ისე, რომ მისი უმეტესი ნაწილი მოხვდეს სამიზნე მცენარეებზე. და მხოლოდ მცირედი ნაწილი - ნიადაგზე.
პირად წერილში ბატონმა გრეგ კრავჩუკმა აგრეთვე დააფიქსირა, რომ არ იცნობს პრეპარატ „ზონდერს“ (რომელიც გამოყენებული იყო საქართველოში 2017 წელს და ახლაც გამოიყენება მოსახლეობის მიერ, როგორც ჩანს, - სავალალო შედეგებით. „ზონდერს“ და პრეპარატ „ინსაკარს“ (რომლის გამოყენება წელს სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში დაიწყო) ამ მიზეზით ის ვერ მისცემდა საქართველოში ამ პრეპარატების გამოყენების რეკომენდაციას. რაც შეეხება დელტამეტრინის შემცველ პრეპარატს, რომელსაც აგრეთე წელს იყენებენ პირველად საქართველოში, იგი არ არის რეგისტრირებული აშშ-ში და, ამდენად, ბატონ კრავჩუკს მასთან საქმე არასდროს ჰქონია. მნიშვნელოვანია ბატონ კრავჩუკის მიერ დადასტურებული ინფორმაციაც, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო კულტურების შესაწამლად საერთო წესით დაშვებულია ბიფენტრინის მხოლოდ სამი პრეპარატის გამოყენება, რომელთა შორისაც, რაღა თქმა უნდა, არ არის არც „ინსაკარი“ და არც „ზონდერი“.
ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს, ბელორუსიის და უკრაინის სამეცნიერო დაწესებულებებში მოპოვებული და ჩვენს ხელთ არსებული ექსპერიმენტული მონაცემები, რომ „ზონდერის“ და „ინსაკარის“ შემადგენლობაში არის სხვა ტოქსიკური ნივთიერებების (მაგალითად, 1,2,4-ტრიმეთილბენზინი) დიდი რაოდენობა (80%-მდე). ტრიმეთილბენზინს გააჩნია აშკარად გამოხატული ნეიროტოკსიკური მოქმედება და სუნთქვის სისტემაზე ზემოქმედების ეფექტი (მაგალითად, ასთმატური მოვლენების გამომწვევია). აქტიურად მიმდინარეობს ამ და ზემოხსენებული პრეპარატების შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიერ გამოწვეული ზემოქმედების კვლევა ჰემატოლოგიურ, რეპროდუქტიულ, ენდოკრინულ, ციტოლოგიურ და კანცეროგენულ ჭრილში.
უახლოეს პერიოდში ჩვენ გავასაჯაროებთ ამ კვლევის შედეგებს და მათ საფუძველზე საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ განიხილოს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხემძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი მიმდინარე წარუმატებელი კამპანიის შედეგების გამო.