„პოლიტიკურ არენაზე ბახტაძის შემომყვანებმა უნდა იცოდნენ - ერთ დღეს რომ ინიციატივას წამოაყენებს, მეორე დღეს საწინააღმდეგო არ უნდა თქვას“

„პოლიტიკურ არენაზე ბახტაძის შემომყვანებმა უნდა იცოდნენ - ერთ დღეს რომ ინიციატივას წამოაყენებს, მეორე დღეს საწინააღმდეგო არ უნდა თქვას“

სამთავრობო ცვლილებები თავისთავად, პანაცეა არ არის, თუმცა ყოველი სამთავრობო ცვლილება მეტ-ნაკლებად, ნიშანია, რომ ქვეყანაში რაღაც რიგზე ვერ არის. აქვე ჩნდება კითხვა, მოწესრიგდება თუ არა ის, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ხელისუფლებამ ან რამდენად არის გასიგრძეგანებული რეალური პრობლემა - აღნიშნული ნაბიჯი კრიზისის გადაგორებაა, თუ ცვლილების სურვილი.

საქართველოში თავისუფლების მოპოვების დღიდან უკვე მერამდენედ, ხელისუფლებისადმი გამოცხადებული ნდობა და იმედები სიღარიბის დაძლევის მორიგ შეტევაში ტრანსფორმირდა. ეს კი უახლოესი ისტორიის გათვალისწინებით, ხშირად, ხელისუფლებების გედის სიმღერის პირველ აკორდადაც მიიჩნევა - ამჯერად მაინც შეძლებს თუ არა, ახალი მთავრობა შექმნილი პრობლემების შემსუბუქებას და ამით ნდობის მანდატის განახლებას, სულ რამდენიმე თვეში გამოჩნდება - მიმდინარე გამოწვევებზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ვაჟა ბერიძე: ხელისუფლება ზოგჯერ ასეთ გადაწყვეტილებასაც იღებს - მთავრობის ცვლილება მოსალოდნელიც იყო, რადგან „ქართულ ოცნებას“ აქვს პრობლემები, ეს გამოიხატა საპრორესტო გამოსვლებშიც და მოახლოებული ორი არჩევნების ფაქტორის გათვალისწინებით, მხედველობაში მაქვს საპრეზიდენტო, შემდეგ საპარლამენტო არჩევნები, რაღაც უნდა გაკეთებულიყო.

როდესაც თანდათანობით დაბლა იწევს მმართველი პარტიის რეიტინგი, ამაზე რაღაც პასუხია საჭირო. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა და სახელისუფლებო გუნდმა ეს კარგად გაიაზრა და მიიღო, ჩემი აზრით, დროული გადაწყვეტილება მთავრობის შეცვლის შესახებ.

მეორე ფაქტორიც არსებობს. უფრო კონცეპტუალური და მსოფლმხედველობრივი - ქვეყანას ჰყავდა მერმარჯვენე ხედვების პრემიერი პრობიზნეს და პროსაბანკო მისწრაფებებით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში სოციალური პრობლემები სულ უფრო მწვავდებოდა და ამასაც სჭირდებოდა პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საპროტესტო აქციები, მოწყობილი სხვა მოთხოვნებითა და სხვა მიზეზებით, შეიძლება, უფრო მწვავე ფორმით განმეორდეს, რაც მმართველი გუნდისთვის არ იქნება სასარგებლო.

გარდა ამისა, ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის შემდეგაც აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას და ამას ვერ უზრუნველყოფენ მხოლოდ თავიანთი ადამიანური, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური გამოყენებითაც კი. სოციალური პრობლემები მწვავეა და საჭიროა მისი მოვლა თუ არა, უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირება მაინც...

ვფიქრობ, ამ მომენტებმა განაპირობა ივანიშვილის გადაწყვეტილება, შეეცვალა ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებულ პოლიტიკურ, ან ეკონომიკურ კრიზისზე საუბარი არ შეიძლება - უბრალოდ, სიტუაციის გართულების თავიდან არიდების მიზნით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

არენაზე გამოვიდა ახალგაზრდა, ერუდირებული და ნიჭიერი ადამიანი, რომლის ნაკლიც ის გახლავთ, რომ არ აქვს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, მაგრამ აქვს სურვილი, რწმენა და ხედვები, რაც მისგან წამოყენებულ რამდენიმე ინიციატივაში გამოიხატა, რომელიც პირველ რიგში, ხალხის სავალალო მდგომარეობის შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.

მისი ინიციატივები, როგორც ჩანს, დაემთხვა ხელისუფლების მხრიდან რაღაცის შეცვლის სურვილს, რადგან როდესაც ქვეყანაში 600 ათასი ადამიანს საბანკო პრობლემები აქვს და მორიგი 600 ათასი ახალი რეგულაციების შედეგად ძვირ ფულსაც კი ვერ იშოვის, კიდევ უფრო რთულდება ყველაფერი. არადა კარგად იცით, რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში - ადამიანები იღებდბნენ ძვირ კრედიტს, მას ყოფდნენ ორ ან სამ ნაწილად, ერთით - წინა ვალებს ფარავდნენ, მეორით - მიმდინარე ხარჯებს, - მესამით რაღაც სხვა პრობლემას აგვარებდნენ და ა.შ.

თუმცა ეს პრობლემა არ დაწყებულა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს პრობლემა დადგა თავისუფლების მოპოვების შემდეგ სამეზობლო პოლიტიკისა და რეგიონული საფრთხეებიდან გამომდინარე სირთულეების გამო - ფაქტობრივად, წლებია, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით მეზობელ ქვეყანასთან.

მსგავს პრობლემებს საფუძველი ჰქონდა შევარდნაძის დროს, შემდეგ გარკვეული ეკონომიკურ-პოლიტიკური აღმავლობა შეინიშნებოდა სააკაშვილის დროს, მაგრამ წარუმატებლად დამთავრდა, რადგან სააკაშვილის ქმედებები ადამიანის უფლებების მიმართულებით, ვოლუნტარიზმის ნიშნებით, საზოგადოებამ არ მიიღო.

მოვიდა ივანიშვილი და აქაც მყისიერი სასიკეთო შემობრუნება ვერ განხორციელდა და არც არსებობდა ამისი საფუძველი. შესაბამისად, წამოვიდა პრობლემები და ხალხმა დაიწყო პირამიდაში ცხოვრება. არა მარტო ფინანსური პირამიდები არსებობდა ამ წლების განმავლობაში, არამედ გარკვეული პირამიდა თავად ხალხმა შექმნა, რასაც სავალალო კრიზისი ჰქვია და რომელიც ახალმა პრემიერმა წინა პლანზე წამოსწია.

როდესაც 600 ათასი „გაშავებული“ მოქალაქე გყავს და კიდევ მეტს არც ძვირი კრედიტის და არც მეტშემოსავლიანი სამუშაოს შოვნის პერსპექტივა არ გააჩნია, რთულია, ქვეყანას მემარჯვენე ხედვების პრემიერი მართავდეს. თანაც პრემიერი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არის განათლებული, გონიერი და ყოველმხრივ დადებითი პიროვნება, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი მაინც ვერ გახდა. მან დაიწყო და დაამთავრა როგორც მენეჯერმა.

ამდენად, ეს ცვლილება აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ საინტერესოა, რას ისახავს მიზნად და რამდენად თანმიმდევრული იქნება ახალი პრემიერი საქმეში.

ეს პრობლემები, დღეს - სავალო, გუშინ - სოციალური, წარმოიქმნა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია, ვერა და ვერ გახდა გადახდისუნარიანი. მეორე მხრივ, ყველა ხელისუფლება უცვლელად იმეორებს, რომ მან შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ბიზნესგარემო, ყველაზე დაბალი გადასახადები შემოიღო, ყველაზე ადვილია ბიზნესის დაწყება და .. საერთაშორისო კვლევებშიც საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს ხოლმე, მაგრამ როგორც ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ხდება ბიუჯეტის მთავარი დასაყრდენი და ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი. რაშია პრობლემა, თუ არა ხელისუფლების პოლიტიკაში?

- ეს არის ხელისუფლების უნიათობის გამოხატულება. საქართველოში ეკონომიკის ხელშესახები აღმავლობა რომ არ არის, რა თქმა უნდა, შედეგია იმ პოლიტიკის, რომელსაც აგერ უკვე, 5 წელზე მეტია, ახორციელებს ახალი პოლიტიკური ძალა.

ძველი მმართველი ძალის მიერ გადადმული ნაბიჯებიც უფრო კარგად გაპიარებული იყო, როგორც ლამაზი ზღაპარი. ვირტუალური მხარე, მაგალითად, სააკაშვილს უკეთ ჰქონდა გადაჭრილი, ვიდრე ეს კომინისტური რეჟიმის დროს იყო, უფრო ლამაზად მიჰქონდა ხალხთან ინფორმაცია. ესენი რასაც აკეთებენ, იმასაც ვერ ეუბნებიან ხალხს.

რაც შეეხება ბიზნესგარემოს, ვერ ვიტყვით რომ კარგია - შედარებით უკეთესია, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, საგადასახადო წნეხიც შედარებით მსუბუქია.

შესაძლოა, ასეა, მაგრამ ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტიც გავიხსენოთ - გაზრდილმა აქციზის გადასახადმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - გასაგებია, რომ ბიუჯეტს შევსების წყაროები სჭირდება, მაგრამ სულ ცოტა, იმას მაინც აღარ უნდა ამტკიცებდე, რომ ყველაზე ლიბერალური საგადასახადო გარემო გაქვს...

- როდესაც შემოსავლები არ იზრდება, სახელმწიფოს თავისი ამოცანების შესასრულებლად, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მიზნით, ხშირად არც თუ პოპულარული ნაბიჯების გადადგმა უწევს, რადგან არსებობს ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად შესასრულებელია და რაც ასეთ შემთხვევებში ხდება, კარგი ცხოვრებით ნამდვილად არ არის გამოწვეული.

რაც შეეხება ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას, თქვენ მკითხეთ, რატომ არ ისახება ის მოსახლეობაზე - ვითარება უმძიმესია - ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, როგორც აზერბაიჯანს და ყაზახეთს, არ შევინარჩუნეთ კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები მოდერნიზებული სახით, როგორც გააკეთა ლუკაშენკომ. ასეთ პირობებში ეკონომიკის აღმავლობის მიღწევა იოლი არ არის. თანაც, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 3-დან 5%-ის ფარგლებში მერყეობს, რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ეს თითოეულ მოქალაქეზე ვერ აისახება - სულ მცირე, 10%-ს მაინც უნდა აჭარბებდეს, ადამიანებმა რომ იგრძნონ - ამ დროს აისახება სამუშაო ადგილების ზრდაში, ეკონომიკის განვითარების დინამიკაში, ინვესტიციების შემოდინებაში... მაგრამ როგორ შემოვა ინვესტიციები ქვეყანაში, რომელსაც რუსეთთან ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობა აქვს, ტერიტორიის 22% ოკუპირებულია, ორ სეპარატისტულ ანკლავს გამოცხადებული აქვს დამოუკიდებლობა რუსეთის თანადგომით?!

არანაკლები პრობლემები წამოყოფს ხოლმე თავს სამეზობლოში, ვგულისხმობ აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს. ასეთ ვითარებაში დასავლური კაპიტალი ნამდვილად არ მოისწრაფვის, თუ მოდის, ისევ რუსული ან არაბული. თუ შემოდიან - მეწარმეები მხოლოდ თურქეთიდან ან აზერბაიჯანიდან...

კიდევ ერთი პრობლემის წინაშე ვართ - ეს არის ერის დეპოპულარიზაცია. წარმოიდგინეთ, რა ელოდება იმ ხალხს, ვინც „შავ სიაშია“, ან ვინც არ არის, მაგრამ კრედიტს ვერ აიღებს - რას გააკეთებს? - ბუნებრივია, გაიწევს ისევ თურქეთისკენ - ნახავთ დასავლეთ საქართველოში ათობით ავტობუსს, რომლითაც თურქეთში დღიურ სამუშაოზე გადიან - ჩაის და თხილის პლანტაციებში. ისევ წავლენ საბერძნეთში, რუსეთში და ა.შ... ჩინეთიც არ ვართ, რომ იაფი მუშა-ხელი გვყავდეს და დასავლური კორპორაციებისთვის მიმზიდველი გარემო იყოს...

რეალურად, ასეთი მდგომარეობაა და არავინ არ ეუბნება ხალხს, რომ ხელისუფლებაში ზღაპრული რეფორმატორიც რომ მოვიდეს, ეკონომიკის მყისიერ ზრდას მაინც არ უნდა ველოდოთ.

ბრძოლა თავისუფლებისათვის არ არის მარტივი, ერთი ან ხუთი წლის ამოცანა - საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი პროცესია და ვერც ერთი ხელისუფლება უცებ ვერ შემოიტანს კეთილდღეობას, თუ ვინმე ისეთი არ მოვიდა, ვინც მარიხუანას ან კანაფის პლანტაციების გაშენებით, ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაციით, სექსინდუსტიის შექმნით, სათამაშო სახლების კიდევ მეტი წახალისებით არ გადაწყვეტს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ეს ყველაფერი კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან.

20 წლის წინ სოფლის მეურნეობის რეალური რეფორმირება რომ დაეწყო ვინმეს, ალბათ, დღეს ასეთი სავალალო სურათის აღწერა არ მოგვიწევდა - მიწა არ არის ის რესურსი, რომელზეც ღირს ხელისუფლების მხრიდან დროის, ყურადღების ან თუნდაც, სუბსიდიების დახარჯვა? მაღალი ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისითაც შეიძლება წარმატების მიღწევა, თუმცა, ეს უმუშევრობის პრობლემას ვერ მოერევა... ხელისუფლება ხომ იმისთვისაა საჭირო, რომ პრიორიტეტები დასახოს და რთული სიტუაციებიდან გამოიყვანოს ქვეყანა?

- სოფლის მეურნეობა ალბათ, უფრო სხვა პლანეტის თემაა, რადგან სხვადასხვა პრობლემების გამო, 1991 წლიდან დაწყებული, ვერასდროს ვერ მოვიცალეთ მისთვის. ის ამოცანაც კი ვერ დავსახეთ, რა როლს უნდა ასრულებდეს სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკაში, რა წილი უნდა ეკუთვნოდეს მას - ერთი პერიოდი შედარებით გაიზარდა, როდესაც მოვიდა „ქართული ოცნება“, შემდეგ ისევ შემცირდა.

მინდა გავიხსენო ძალიან ნიჭიერი კაცი, კახა ბენდუქიძე, ის და მისი თანამოაზრეები მიიჩნევდნენ, რომ პერსპექტივაზე ორიენტირებული ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სოფლად არ უნდა ცხოვრობდეს და საკმარისია დაახლოებით 10% - ასეთი ხედვაც ჰქონდათ, რომ როდესაც ეს ხალხი დაიძვრება ქალაქისკენ, თუ მათ ვერ დავახვედრებთ სამუშაო ადგილებს, წავლენ საზღვარგარეთ და იქიდან არჩენენ ოჯახებს. თუმცა ესეც ვერ მიიყვანეს გააზრებულ კონცეფციამდე და დარჩა იდეის დონეზე.

ისიც საინტერესოა, დღეს რატომ არ მოხდა შესამცირებელთა სიაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რადგან ამ დარგს განვითარების პირი არ უჩანს. არც სოფლის მეურნეობის და არც სოფლის განვითარების კონცეფცია არ გაგვაჩნია. არის ერთი, გრანტით მომზადებული დოკუმენტი, რომელიც უაღრესად ზოგადია და არ ითვალისწინებს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართული სოფელი. მცირე ნაკვეთებით თუ - გამსხვილებული ფერმერული მეურნეობებით. სახელმწიფო უნდა მიეხმაროს ინიციატივიან ადამიანებს, რომ მიწები ჩვენივე მოქალაქეებმა დაამუშაონ, თუ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ამას ლიბერტარიანელები და მათ შორის, ნაციონალები ამბობენ, რომ უნდა გავყიდოთ მათზე, ვინც მიწის ნაყოფიერებას აამაღლებს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ამ პოლიტიკას არ იზიარებენ.

საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის შედეგად ხელისუფლებამ შეაჩერა მიწების გაყიდვის პროცესი, მაგრამ ვერც იმას ამბობს, რა მიდგომები უნდა დავამკვიდროთ. ეს თემაც გარკვეული სპეკულაციების საგანია, მაგრამ სამინისტრო, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს და ვერ წყვეტს, რატომ უნდა იყოს ცაკლე და რატომ არ უნდა მიუერთდეს ეკონომიკის სამინისტროს, გაუგებარია. კიდევ უფრო დიდი გაუგებრობაა, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერთება, რადგან საერთო, რაც ამ ორ დარგს გააჩნია, არის ის, რომ სოფელიც გარემოს ნაწილია.

არც ეს თემებია იოლად მოსაწესრიგებელი, სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა, არ ჩანს, რომ დღევანდელი მმართველი ძალა ამ მიმართულებით ფიქრობს.

რამდენიმე საინტერესო კონცეფცია წარმოადგინა ახალმა პრემიერმა, მათ შორის, ბიუროკრატიის ხარჯების მიბმა მშპ-ზე; მართალია, ყოველ ახალ ხელისუფლებას ხალხი დიდი იმედებით ხვდება, მაგრამ მათი დაპირებები უმეტესად, ბიუროკრატიის ზრდის ხარჯზე, მათთან დაახლოებული წრეების მდგომარეობის გაუმჯობესებაში გამოიხატება ხოლმე - ყოველ შემთხვევაში, ხალხის ფართე მასებში ასეა აღქმული... ანუ ბიუროკრატიის განსხვავებული სისტემა შემოდის, თავისი გამჭვირვალე ფუნქციებით და ხარჯებით?

- როგორი უნდა იყოს განვითარებადი ქვეყნის ბიუროკრატია, რომელიც ახლახანს დაადგა დამოუკიდებლობის გზას - ურთულესი თემაა არა მარტო საქართველოსნაირი, არამედ, ევროპული ქვეყნებისთვისაც.

იტალიაც კი დაუსრულებელი სამთავრობო კრიზისებით არის ცნობილი და გასაგებია, რომ ურთულესი საკითხია, მაგრამ რაკი საქართველო მივიდა იქამდე, რომ ეს პრობლემა წამოწია და მასზე დაიწყო ლაპარაკი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ პროგრესისკენ წასვლის სურვილი გვაქვს, თუ შეიძლება იყოს ტაქტიკური სვლა საზოგადოების განწყობის გასანეიტრალებლად ამ თემისადმი?

- რაც არ უნდა ვთქვათ, სამინისტროები და ბიუროკრატია უნდა იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა. დღევანდელი მიდგომით, ვამბობთ, რომ ცოტა სამინისტრო უფრო კარგია, ვიდრე ბევრი, 10 უფრო კარგია, ვიდრე -13. როდესაც ამაზე მსჯელობენ, სულ მრჩება ხოლმე განცდა, რომ ვიღაცამ უნდა იკითხოს, რათა 10? - მაშ, რამდენი? – 7 - უფრო კარგი არ იქნება? უფრო მეტი ხალხი შემცირდება და ა.შ. ასეთი თამაშის პრინციპით მიდგომა და თავის მოწონება იმით, რომ 11 სამინისტროს ვტოვებთ და ნახეთ, რა კარგები ვართ, არ შეიძლება.

ცოტა ხნის წინ უკვე შემცირდა სამინისტროების რაოდენობა, მაგრამ ამით რა შეიცვალა, ამაზე მსჯელობა ხელისუფლებასაც უჭირს და საზოგადოებასაც...

- უშედეგო იქნება, თუ არ ვიცით, რატომ ვამცირებთ მთავრობას - თავის მოსაწონებლად თუ რაღაც მიზანი გვაქვს? ახლახანს ბრძანა ბატონმა ბახტაძემ, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობის ჩინოვნიკმა უნდა გააკეთონ მეტი საქმე, უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს თითოეული მათგანის შრომა - სწორი მიდგომაა, მაგრამ რა გვიშლის ხელს არსებულ პირობებში რომ მოვახდინოთ სეკვესტრი, თანამშრომელთა რაოდენობა შევამციროთ?

კიდევ ერთი თემა - მოსახლეობას საკმაოდ აღიზიანებს ჩინოვნიკთა მაღალი ხელფასები, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას - არაფერი ისე ძვირი არ უჯდება სახელმწიფოს, როგორც იაფი ბიუროკრატია. საარსებო მინიმუმის ზღვარზე მყოფ მოხელეს ცერბერივით უნდა ადგეს სახელმწიფო, რომ ხელი არაფერზე წაუცდეს.

არ უყვართ გახსენება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა შემოიღო მაღალი ხელფასები, იმისათვის, რომ კორუფცია მოესპო საშუალო და ქვედა რგოლებში და უდავოდ, წინგადადგმული ნაბიჯი იყო, იმის მიუხედავად, რომ გაუშვა ყველა და თავისი მომხრეები დაასაქმა.

შემდეგი ხელისუფლება რომ მოვიდა, ნაწილი გაუშვა და მანაც თავისი მომხრეები დაასაქმა, მაგრამ ხელფასები, პრემიები და დანამატები იგივე დატოვა. საზოგადოების კრიტიკა რომ შეემცირებინა, ამ ხელისუფლებამ პრემიები გააუქმა და ხელფასს შეუერთა, თუმცა საკმაოდ მაღალი თანხა გამოვიდა. ეყოფა, ახლა ვინმეს გამბედაობა, რომ ხელფასი ჩამოაკლოს და 3 ათასის ნაცვლად 2 ათასი გადაუხადოს ჩინოვნიკს? - ასე ხომ ხარჯებიც შემცირდებოდა? - ამას ხელისუფლება არ აკეთებს, რადაგან მისი დასაყრდენიც ბიუროკრატიაა, წინ კი ორი არჩევნებია.

ახლა გვეუბნებიან, რომ სამინისტროები კი შემცირდება, მაგრამ სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა - არა. აბა, როგორ უნდა დავზოგოთ ის 100-120 მილიონი, რომელზეც ლაპარაკია? - როგორც ჩანს, მაინც მოუწევთ შემცირებებზე წასვლა და შესაძლოა, ხელფასების კლებაც, მაგრამ მაინც მგონია, რომ უმჯობესი იყო, ამას დარქმეოდა ოპტიმიზაცია და არა მცირე მთავრობის პროექტი. ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია, როგორც სამინისტროების შემცირება, ასე, მოხელეთა კვალიფიკაციის მიხედვით, სამართლიანობის და არა, მფარველის სიძლიერის პრინციპით გადარჩევა.

დღეს ხალხი უკვე პანიკაშია, არ იციან, რა მოხდება და რა ელოდებათ, რას გულისხმობს მცირე მთავრობის კონცეფცია - ასეთი სამოხელეო აპარატით რომელიც ყოველდღიურად სამუშაოს დაკარგვის მოლოდინშია, წარმატების მიღწევა ძნელია.

ახალი პრემიერი, სავარაუდოდ ახალი ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებასაც შეუდგება, უკვე დააანონსა ახალი საბაჟო-საგადასახადო კოდექსების შესახებ, ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. მეორე მხრივ, ვხედავთ თბილისის მერის აქტიურ მცდელობებს, რამენაირად აამუშაოს ბიზნესები - ღამის ეკონომიკის პროექტი წამოიწყეს. ასე, ხელოვნურად შესაძლებელია, სული ჩაჰბერო ბიზნესის შექმნას? - ვიცით, რომ ბიზნესი შესაფერის გარემოში თავისთავად იქმნება და ვითარდება. როგორც ჩანს, რაღაც ისე არ არის, როგორც საჭიროა რაკიხელოვნური სუნთქვის აპარატებიასაჭირო...

- ყველა ქვეყანაში, რომელიც ბუნებრივი რესურსების სიჭარბით არ გამოირჩევა, მცირე და საშუალო ბიზნესია ძირითადი დამსაქმებელი და მშპ-ს მნიშვნელოვანი წილიც მასზე მოდის. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს სექტორი განვითარდეს და თითქოს, აკეთებს კიდეც - იგივე - „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპების“ დაფინანსებაზეც იყო ლაპარაკი და ა.შ. ასეთი პროსოციალისტური იდეების პარალელურად, ბიზნესის წახალისების მიმართულებითაც უნდა დაიგეგმოს ღონისძიებები.

საერთოდ, იმედიანად ვუყურებ ახალ პრემიერს, იმიტომ, რომ მას კი აქვს ნაკლი - გამოცდილება აკლია, მაგრამ არის განათლებული და ამბიციური - გარკვეული დოზით ამბიცია საჭიროა და კარგია - 36 წლის ასაკში იგი ქვეყნის პირველი პირი ხდება. ძალიან რთული საქმეა ასეთი პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ ეს ადამიანი იღებს ამ პასუხისმგებლობას.

თუ ის მთავრობის მთავარი მენეჯერის ფუნქციას მოირგებს კვირიკაშვილივით, მაშინ მის მცდელობებს შედეგი არ ექნება. მაგრამ თუ გახდება პოლიტიკური ლიდერი, არ ჩაიკეტება კაბინეტში, არ მოწყდება საზოგადოებას, თუ აღადგენს დიალოგს მასთან, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, შეწყვიტა, მისი წარმატების მოწმენი გავხდებით.

დღეს ხელისუფლება უსმენს არასამთავრობოების ერთ ჯგუფს, ამერიკულ არასამთავრობოებს, რომლებიც, გარკვეული თვალსაზრისით, ზედამხედველობენ სიტუაციის განვითარებას, სხვებს „ქართული ოცნება“ არ აღიარებს. ავტორიტეტული სახეები გაცამტვერდა, მეცნიერება არ ვიცით სად არის, ანალიტიკოსები ქვეყანაში უკვე აღარ არიან...

თუ არ აღადგენს საზოგადოებასთან დიალოგს, მამუკა ბახტაძეს ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მიმაჩნია, მისი განწყობები აბსოლუტურად მისაღებია - ძნელია, ცხოვრობდე ქვეყანაში და აბსოლუტურად არ გაწუხებდეს კოშმარული პროცენტები სესხების, რომელიც ბანკებს ჰქონდათ, მიკროსაფინანსოებმა კიდევ უფრო „გააუმჯობესეს“ და მოსახლეობის ყვლეფას შეუდგნენ.

გამოვიდა კიდეც შესაბამისი ინიციატივით და ბანკები გააკრიტიკა, მაგრამ არ მომეწონა, როდესაც მეორე დღეს უარყო თავისი შეხედულება და ეკონომიკის ყველაზე წარმატებულ სექტორად გამოაცხადა. პოლიტიკურ არენაზე მისმა შემომყვანებმა უნდა იცოდნენ - ერთ დღეს რომ ინიციატივას წამოაყენებს მომავალი პრემიერი, მეორე დღეს საწინააღმდეგო არ უნდა თქვას.

არ უნდა თქვას თუ არ უნდა ათქმევინონ?

- არ უნდა თქვას. ვინ ვის რას ათქმევინებს, ეს ისეთი უსიერი ტყეა, რომ აქ ჩვენ ვერ გავერკვევით. ისედაც ვიცით, რომ ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც სხვა, მნიშვნელოვანი საქმეებიც აქვს გასაკეთებელი. დარწმუნებული ვარ, მას გულწრფელად სურს, არ სჭირდებოდეს კარნახი თავისი დანიშნული ადამიანებისთვის.

არ ვიცი, ვინ ვის რას ათქმევინებს, რადგან ასეთ პირდაპირ ლინკს აქ ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საჭიროა გამოცდილებითაც და ასაკითაც უფროსმა ივანიშვილმა უნდა ურჩიოს კიდეც. ჩვენს სიტუაციას რომ თავი დავანებოთ, მსოფლიო ლიდერები იმით გამოირჩევიან, ვის უსმენენ და რამდენს უსმენენ. თუმცა საქართველოში ბოლო ლიდერებს მიაჩნდათ, რომ არავის არ უნდა მოუსმინონ.

ამ ფონზე ვთვლი, რომ მამუკა ბახტაძის ხედვები არის დამაიმედებელი და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მინდა წარმატებები ვუსურვო, რადგან წარუმატებელი მთავრობების ყოლის ლიმიტი ამოგვეწურა.