მე დღეს ნიგერიელი ვარ

მე დღეს ნიგერიელი ვარ

რუსეთში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობა „გახურდა“ და არაერთ საინტერესო შეხვედრასთან ერთად რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც ვიხილეთ. სენსაციური მატჩებით 2002 წელს იაპონია-სამხრეთ კორეაში ჩატარებული პირველობა გამოირჩეოდა. რუსეთში ჯერჯერობით მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები მიმდინარეობს და თუ ასე გააგრძელა, 2002 წლის ჩემპიონატს ალბათ უკან მოიტოვებს.

თავდაპირველად პროგნოზებით დავიწყოთ. რასაკვირველია პირველობის დასაწყისში არაერთი ვარაუდი გამოითქვა, მაგრამ ამათგან ყველაზე „საინტერესო“ ალბათ ერთი გამოდგა. ზლატან იბრაჰიმოვიჩს თუ დავესესხებით მსოფლიო ჩემპიონის წოდებას რუსეთის ნაკრები მოიპოვებს. მასპინძელთა გუნდი ჯერჯერობით დამაჯერებლად გამოიყურება და მერვედფინალური სტადიის საგზური უკვე მოიპოვა. რუსთა გუნდის საჩემპიონო შანსებზე კი რა მოგახსენოთ, მაგრამ იქ, სადაც ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის მასპინძლობის უფლება „გააშანშალა“, თავისი ნაკრების პირველ ოთხეულში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.

რუსეთს წარმატება, ოღონდ ნახევარფინალში გასვლა უწინასწარმეტყველა თურქეთის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ. რუმინელი ფეხბურთის სპეციალისტის აზრით მსოფლიო პირველობის გამარჯვებული ბრაზილიის ნაკრები აღმოჩნდება.

პირველობას ერთი „არაოფიციალური გამარჯვებული“ უკვე ჰყავს. ამ წოდებას ექვს შვეიცარიელ გულშემატკივარს მივაკუთვნებდი. წინა კვირის დასაწყისში, ქალაქ ბერნიდან ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი მანქანით ქალაქ დონის როსტოვამდე გამოეშურა. გზაში თავგადავალი გადახდათ, ნუ იკითხავთ. სხვადასხვა მანქანებით დონეცკის ოლქში, ზუსტად საომარი მოქმედებების ზონაში აღმოჩნდნენ. თურმე ღამის გათევა დონეცკში სურდათ მაგრამ რა გინდა. შვეიცარიის ეროვნული გუნდის ერთგული ფანები უკრაინის არმიისა და დონეცკელი „ოპოლჩენცების“ გაცხარებული ბრძოლის შუაგულში მოექცნენ. „გზაააბნეული“ ევროპელები თავიდან ვერ მიმხვდარან მათ თავს რა ხდებოდა. მხოლოდ მას შემდეგ რაც ჯერ ცეცხლმოკიდებული სახლები დაინახეს, ხოლო ცოტა ხანში მათთან ახლო საბრძოლო ჭურვებიც აფეთქდა კი მიხვდნენ, მაგრამ უკვე გვიანი გახლდათ. ბოლოსა და ბოლოს „ვაიფანებმა“ დონეცკის ოლქს თავი უსაფრთხოდ დააღწიეს. ამ ისტორიაში საინტერესო ის გახლავთ, რომ წინ და უკან გადაადგილებისას შვეიცარიელებს არა ერთი სამხედრო ბლოკპოსტის გავლა მოუწიათ. მეომრების სასახელოდ, ევროპელ სტუმრებს დაუბრკოლებლად ატარებდნენ და მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ შექმნია.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემპიონატის დღეებში დაფიქსირებულ კრიმინალურ შემთხვევებს საგანგებოდ „მალავს“. გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტას“ მტკიცებით, ამ დღეებში თუ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს ესტუმრებით იქ მხოლოდ რამდენიმე „უბრალო“ კრიმინალურ შემთხვევას წააწყდებით. მაგალითად უსახლკარო ლეკვების პოვნისა ან რამდენიმე ბომჟის დაკავების ფაქტებს. ჟურნალისტების გამოთვლებით, მსოფლიო პირველობის დაწყებამდე, საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დაახლოებით1400 კრიმინალური შემთხვევის ფაქტი იდებოდა. მსოფლიო პირველობის დაწყებამდე ბოლო შვიდ დღეს მათი რაოდენობა 20-ჯერ შემცირდა.

კრიმინალზე ჩამოვარდა საუბარი და საინტერესოა რომ წესრიგს რუსეთის მოქალაქეებზე უფრო ხშირად უცხოელები არღვევენ. ინგლისელებით დავიწყოთ. დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რუსეთში გამგზავრება ორი ათასამდე თანამემამულე გულშემატკივარს აუკრძალა. ეს ის ხალხია რომლებსაც სახელი გაფუჭებული აქვთ და „საფეხბურთო ხულიგანთა“ კატეგორიაში გადიან. იყო შიში რომ 2016 წლის ევროპის პირველობაზე რუსებისა და ბრიტანელთა სისხლიანი გარჩევები მუნდიალი 2018-ზეც გაგრძელდებოდა. საბედნიეროდ ვარაუდი არ გამართლდა. რუსულ საგამოძიებო იზოლიატორში ჯერჯერობით მხოლოდ ორი ბრიტანელი გულშემატკივარი აღმოჩნდა. ისინი ქალაქ ვოლგოგრადში ინგლისი - ტუნისის შეხვედრაზე დასასწრებად მატარებლით მიემგზავრებოდნენ. რასაკვირველია ბიჭებმა ალკოჰოლის ზედმეტი დოზა მიიღეს და ძლიერად დათვრნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა მატარებლის დამცველ პოლიციელს სატაბელო იარაღი წაართვა და მიბჯენით დაუმიზნა, მეორემ კი... ვაგონის ფანჯარა გატეხა. ორივე მათგანი დაკავებულია, ცნობილ პეტროვკა 38-ში იმყოფება და დამსახურებულ სასჯელს ელოდება.

საინტერესოა რომ რუსეთში უცხოელი ფეხბურთის  გულშემატკივრები ერთმანეთს დაუნდობლად ძარცვავენ. ეს ალბათ მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების მრავალწლიან ისტორიაში ახალი ხილია. ამ „საპატიო“ საქმეში განსაკუთრებით პერუელი გულშემატკივრები „აქტიურობენ“. იქმნება შთაბეჭდილება რომ რუსეთში არა საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ არამედ ქურდობა - ყაჩაღობისათვის ჩამოვიდნენ. რუსეთს 15 000 პერუელი ეწვია და რამდენიმე „ფეხბურთის თაყვანისმცემელი“ უკვე ადგილობრივ ციხეებში იმყოფება. „ინკების ქვეყნის“ შვილებმა მექსიკელი, ჩინელი და იაპონელი გულშემატკივრები გაძარცვეს. როგორც წესი, იპარავდნენ თანხას, ლეპტოპებს და რაც მთავარია საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს.

რუსეთში პირველი დაპატიმრებული უცხოელი მოქალაქე 40 წლის პერუელი ქალბატონი აღმოჩნდა. სამხრეთამერიკელი დიაცი რუსეთს პერუს ეროვნული გუნდის მხარის დასაჭერად თანამემამულეების ერთ ჯგუფთან ერთად ეწვია. ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნისას „მოახერხა“ და მავანი რუსეთის მოქალაქის საფულე მოიპარა. ამჟამად „დოყლაპია ქურდი-გულშემატკივარი“ მოსკოვში, ცნობილ პეტროვკა 38-ში განთავსებულ საგამოძიებო იზოლიატორში იმყოფება. რუსული მხარე პერუს საელჩოს უკვე დაუკავშირდა და „რეციდივისტს“ სამშობლოში იძულებითი ექსტრადაცია ემუქრება.

ლეო მესის თანამემამულეები კრიმინალში შემჩნეულები ჯერჯერობით არ არიან, თუმცა ერთ ინციდენტში მაინც გაეხვნენ. ხორვატეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ არგენტინელმა ფანებმა ბატონ ხორხე სამპაოლის ხომ სულ აფურთხეს, ესეც არ იკმარეს და რამდენიმე ხორვატ გულშემატკივარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. უფრო ადრე მათ ერთი უსიამოვნო ისტორია თავს მაინც გადახდათ. მოსკოვში, არგენტინა-ისლანდიის შეხვედრის დასრულების შემდეგ სამი არგენტინელი  სასტუმროში ბრუნდებოდა. ვასილევსკის ქუჩაზე მათ „ზეციდან“ სრულიად შიშველი მამაკაცი დაეცათ. რასაკვირველია „ზემოდან ჩამოვარდნილი“ ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი არგენტინელი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს. აღმოჩნდა რომ „მფრინავი კამიკაძე“ 21 წლის მოსკოველი სტუდენტი ყოფილა, რომელიც მეექვსე სართულიდან შიშველ-ტიტველი გადმოხტა. ამისი მიზეზი კი ალკოჰოლის მაღალი დოზის მიღება და ნარკოტიკული ზემოქმედება გახლდათ.

მსოფლიო პირველობის საწყის დღეებში როგორ იქნებოდა რომ ყურადღების ცენტრში ცნობილი დიეგო არმანდო მარადონა არ აღმოჩენილიყო. ჯერ იყო და მოსკოვის პოლიციის სპეცრაზმელებმა დიდი დიეგო ვერ იცნეს და „ლუჟნიკის“ ავტოსადგომზე არ შეუშვეს. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, როგორ ცდილობდნენ არგენტინელის თანხმლები პირები სპეცრაზმელებისათვის აეხსნათ, რომ პუტინი ან მედვედევი კი არა, თვით მარადონა იდგა კართან და ავტოსადგომზე შესვლა უნდოდა, თუმცა ამაოდ...

შემდეგ, არგენტინა-ისლანდიის მატჩისას ნერვების დასაწყნარებლად იმხელა სიგარა დააძრო და გააბოლა რომ იქაურობა სქელი კვამლით დაფარა. მოგვიანებით საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა და დაიფიცა რუსეთში „პაპიროსს“ სტადიონზე აღარ მოვქაჩავო, მაგრამ მაინც მეეჭვება, რადგან არგენტინის ეროვნულ გუნდს ისეთი ფეხი უჩანს რომ სახელოვან დიეგოსა და სხვა გულშემატკივრებს სანერვიულოს კიდევ ბევრს მისცემს.

არგენტინა-ხორვატიას შეხვედრისას დიეგოს საყვარელი სიგარა არ მოუწევია, სამაგიეროდ მთელი მატჩის მიმდინარეობისას ცხვირს „გამწარებული იფხანდა“.  გავრცელდა ცნობა რომ ნიგერიასთან ბოლო შეხვედრაში არგენტინელებს მინდორზე ხორხე სამპაოლი აღარ გაიყვანს. არგენტინულ მასმედიას თუ ვენდობით ამ მისიას ხორხე ბურუჩაგა ან მეტნაკლები ალბათობით... დიეგო არმანდო მარადონა შეასრულებს. ისე, მაინც სადამდე დაეცა მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული. მთელი ქვეყანა, მათ შორის სრულიად საქართველოც, ნიგერია-ისლანდიის მატჩისას აფრიკულ გუნდს გულშემატკივრობდა. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ნიგერიის მაისურში გამოწყობილი ლეო მესის ფოტოსურათიც გამოჩნდა წარწერით - „მე დღეს ნიგერიელი ვარ“. საბოლოოდ საფეხბურთო ფორტუნამ ლეო და მისი თანაგუნდელები არ გაწირა და მერვედფინალში გასვლის რეალური შესაძლებლობა დაუტოვა.