საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ავტომობილები საგრძნობლად გაძვირდა. შეიძლება ამან აზერბაიჯანსა და სომხეთში მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს და ჩვენი მხირდან რეექსპორტმაც იკლოს. არადა, ბოლო პერიოდში ავტობიზნესი ძალიან გამოცოცხლდა. საქართველოდან მანქანები გაჰყავთ აზებაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და რუსეთშიც კი.
2018 წელს აზებაიჯანის საავტომობილო ბაზარზე ერთი გასაყიდი მანქანის ფასი, საშუალოდ, 17 600 დოლარს შეადგენს. საკონსალტინგო კომპანია MBA Group-ის დირექტორის ნუსრეტ იბრაგომოივის თქმით, ზრდა საკმაოდ სერიოზულია და მანქანების ფასმა მაისში, აპრილთან შედარებით, 11,4%-ით მოიმატა.
„მაისში აპრილთან შედარებით, რეალიზაცია ავტობაზარზე 5,17%-ით გაიზარდა, გასაყიდად გამოტანილი იყო 2134 მანქანა, მათ შორის 86,27% არის ბენზინის ძრავით, 13, 7% - დიზელის. ამავე დროს 71,9% იყო ავტომობილი ავტომატური გადამცემი კოლოფით, 28,07% კი - მექანიკურით“, - განაცხადა მან. ექსპერტის თქმით, გაყიდული ავტომობილების საშუალო ასაკია 12 წელია.
ჯერჯერობით უცნობია მეზობელ ქვეყანაში არსებული ტენდენცია რას მოუტანს ქართველ ავტოდილერებს. აზერბაიჯანი დღემდე რჩება საქართველოდან მანქანების რეექსპორტისთვის მთავარ ქვეყნად და ნებისმიერი ცვლილება მათთვის ძალიან საყურადღებოა.
იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ადგილზე მაღალფასიანი ავტომობილები იშვიათად იყიდება და თუკი ვინმე შეიძენს, ისიც ქვეყნიდან გადის. ეს სეგმენტი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული კლიენტების იმედად დარჩა. საქართველოში ახლა ჰიბრიდების და იაფი ავტომობილების ბუმია.
„ყველაზე დიდი მოთხოვნა ბოლო პერიოდში არის ჰიბრიდებზე. მისი საშუალო ფასი 4-5 ათას დოლარში მერყეობს. ძალიან ბევრი მისი ყიდვის მიზეზად შემდგომ ეკონომიურობას ასახელებს. რაც შეეხება გაყიდვის ზოგად მაჩვენებელს საშუალო შემოსავლის მქონე კლიენტები უფრო დაბალფასიან მანქანებს ითხოვენ, იშვიათად იყიდება და საქართველოში თითქმის არ რჩება ძვირადღირებული ავტომობილები“, - აღნიშნა ავტოდილერმა ირაკლი ცერცვაძემ.
ზოგიერთი იმპორტიორი მიიჩნევს, რომ მეზობელ ქვეყნებში ფასის მატება ბაზარზე დადებითად აისახება, რადგან აზერბაიჯანში თუ ვტომობილები ძვირი იქნება, საქართველოდან მისი რეექსპორტი ოპტიმალური იქნება. კავკასიის ავტოიმპორტის გენერალური დირექტორი გიორგი სურგულაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საავტომობილო ბაზარი ძალიან გამოცოცხლებულია.
„რეგიონალურ ბაზარზე ისეთი გამოცოცხლებაა, როგორიც არასდროს ყოფილა. ამ მიმართულებით არის ძალიან გააქტიურებული სომხეთი. მათ მანქანები საბაჟო კავშირის ფარგლებში რუსეთში და ყაზახეთში გაჰყავთ. შესაბამისად სომხეთი გახდა საქართველოდან ტრანზიტული ქვეყანა რუსეთისთვის და ყაზახეთისთვის. სომხეთს განბაჟების კანონი უწყობს ხელს, რომელიც კვოტებს 2020 წლის ჩათვლით ითვალისწინებს“, - განუცხადა „კომერსანტს“ გიორგი სურგულაძემ.
იგი დამატებით აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საავტომობილო ბაზარს უკრაინა დაემატა, სადაც მანქანების დიდი რაოდენობა ექსპორტზე გადის.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 124 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა მაშინ, როდესაც ეს რიცხვი 2017 წელს 235 მლნ შეადგენდა, 2016 წელს 167 მლნ და 2015 წელს 180 მილიონს.