სამშენებლო სექტორში ახალი საპროტესო ტალღა იწყება

სამშენებლო სექტორში ახალი საპროტესო ტალღა იწყება

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულები საპროტესტო ქმედებებზე გადავიდნენ და პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა კომპანიისათვის გადახდილი თანხის დაბრუნებაა. ისინი ხელმოწერებს აგროვებენ და მოითხოვენ მშენებლობა უმოკლეს ვადებში დაიწყოს.

დეველოპერული კომპანიის ერთ-ერთი მენაშენე ნინი ბაკაშვილი ამბობს, რომ მთავარია მათ ბინები ჩაბარდეთ, თანხის დაბრუნებაზე ისინი არ ჩივიან.

„მოვითხოვთ გაგრძელდეს მშენებლობა, მე თანხის დაბრუნებაზე არ მაქვს პრეტენზია. ვადებს წელავდნენ, 2017 წლეს ჩასაბარებელი ბინების მშენებლობა დღესაც არ დაუწყიათ. ამის გამო ამ დრომდე ქირით ვცოვრობ, უიმედო სიტუაციაში ვართ“,- აცხადებს ბიკაშვილი.

შეჩერებული მშენებელობების ფონზე „სვეტის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელები კომპანიებს აქტივებს თმობენ. წილების გასხვისების წინარე ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, თუმცა ჯერ ძალაში არ არის. პარალელურად, კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები ივნისში განახლდება. როგორც „სვეტის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, კომპანიაში ამ ეტაპზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ახალი ინვესტორი შემოდის, რომელიც შეჩერებულ ობიექტებზე მშენებლობას განაახლებს.

რეორგანიზაციის დასრულებამდე თორნიკე ჯანელიძე ინვესტორის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, როგორც კომპანიაში ამბობენ, მოლაპარაკებები საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კომპანიასთან მიმდინარეობს. „სვეტი“ მობინადრეებს ჰპირდება, რომ შეჩერებული პროექტები გაანახლდება, თუმცა საბოლოო შეთანხმება ინვესტორთან ჯერჯერობით არ შემდგარა.

სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში განახლდება, ანუ მას შემდეგ, რაც კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდება. ჯანელიძის თქმით, პროექტები უკვე ატვირთული აქვთ მერიის ვებ-გვერდზე შესათანხმებლად და ნებართვებს ახლო პერიოდში ელოდებიან.

სპეციალისტები ასე მარტივიად არ უყურებენ ამ საქმეს. სამართლის დოქტორი და სამშენებლო სამართლის ლექტორი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ „სვეტის“ მენაშენეებსაც დროში გაწელილი პროცესი ელით. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ აღნიშნული კომპანიის მშენებლობების ნაწილი საერთოდ უნებართვოა.

„პროცედურულად ეს პროცესი ნამდვილად გაიწელება დროში. მოგეხსენებათ, ახალმა ინვესტორმა ზუსტად უნდა გამოიკვლიოს, რა ვალდებულებები აქვს კომპანიას აღებული და აგრეთვე ვადებიც მათ შესასრულებლად, ამასთან დავები ხომ არ არის სასამართლოში. გამომდინარე აქედან, პროცესები უფრო დიდხანს გრძელდება. რაც უფრო დიდია კომპანია და მეტი კონტრაქტორი ჰყავს, მით უფრო დიდხანს იწელება ხელშეკრულების დადების დრო. ამის ნათელი მაგალითია „ცენტრ პოინტის“ საქმე. რამდენადაც ვიცი, ათასობით კონტრაქტია „სვეტის“ შემთხვევაშიც, რაც, ალბათ, საქმეს უფრო გაართულებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ახალი გენგეგმა, სწორედ „სვეტის“ შემთხვევაში უცნობია, რამდენად შეესაბამება მომავალ გენარალურ გეგმას მისი წამოწყებული პროექტები ან რამდენად ჯდება უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმების სტანდარტებში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინიმუმ რამდენიმე თვე მხოლოდ ახალი მფლობელისათვის გადაცემას დასჭირდება“, - განაცხადა ზაქაშვილმა.

ამასობაში „სვეტს“ სხვა თავსატეხიც გაუჩნდა და კომპანიას კლიენტების მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნება დაეკისრა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. დაზარალებულების ადვოკატის ირაკლი ბურჭულაძის ინფორმაციით, სასამართლომ კომპანიას ასევე დააკისრა სასამართლო ბაჟის და საადვოკატო მომსახურების ანაზღაურებაც, შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც.

ბურჭულაძე ამ ეტაპზე სასამართლოში ორი კლიენტის ინტერესს იცავდა, რომელთა მიერ ბინების მშენებლობისთვის შეტანილი თანხა, ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარია. ადვოკატის ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვა დაზარალებულების სარჩელებზე მუშაობაც.

„სვეტის“ წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ რამდენიმე მოსარჩელე ელოდება. საქმეები სასამართლოში აპრილში შევიდა და ადვოკატი უკვე სხდომის ჩანიშვნას ელოდება.