„პატარა ციხის მოდელი ეფექტურია სამართავად და დემოკრატიულ სტანდარტებსაც შეესაბამება“

„პატარა ციხის მოდელი ეფექტურია სამართავად და დემოკრატიულ სტანდარტებსაც შეესაბამება“

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადადის. საპარლამენტო უმრავლესობასთან სიტყვით გამოსვლისას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ პატარა ციხეები მართვის კუთხით უფრო ეფექტურია.

მინისტრის თქმით, უკვე შემუშავდა და მზად არის პატარა ციხის პროექტი და დაახლოებით ერთი და იმავე პროექტით დაიწყება არაუმეტეს 500-კაციანი ციხეების მშენებლობა. კახიშვილი კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის. მისი სურვილია, ავადსახსენებელი ნომერ მე-7 პენიტენციარული დაწესებულება დაიხუროს.

კომფორტული ციხეები ბევრ ცივილიზებულ ქვეყანას „ამშვენებს“. ამ მხრივ გამოირჩევა ავსტრია, სადაც ხუთვარსკვლავიანი ციხით ამაყობენ. ეს არის მინისა და ფოლადის შერწყმით აშენებული ულამაზესი შენობა. ავსტრიას არც ბოლივია ჩამოუვარდება, San Pedro Prison-ის ციხით, სადაც ციხის გარეთ მოწყობილია ბაზრობები, რესტორნები, სასტუმროებიც კი. ფილიპინების ციხე კი განთქმულია მსოფლიოში თავისი მოცეკვავე პატიმრებით. ამ ციხეში თითქმის ყველა პატიმარი ცეკვავს ისე, როგორც შეუძლია, რითიც თანხას გამოიმუშავებენ.

პატარა ციხეებთან დაკავშირებით კახა კახიშვილის ინიციატივას იზიარებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი. For.ge-სთან საუბრისას იგი ადასტურებს, რომ ამ ტიპის ციხეები გაცილებით მარტივი სამართავია. პატარა ციხეებისგან განსხვავებით კი, ძალიან რთული სამართავია გლდანის 4-ათასკაციანი საპატიმრო. რაც შეეხება მე-7 იზოლატორის დახურვას, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ის არც არის ციხე, თავდაპირველად ის იყო იზოლატორი, სადაც დროებით შეიძლებოდა პატიმრის განთავსება. თუმცა შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული, უკვე 20 წელია, თუ უფრო მეტი, ეს იზოლატორი ციხედ ჩამოყალიბდა.

„იმ პერიოდში „მხედრიონის“ წევრები, ჯაბა იოსელიანი და სხვები რომ დააპატიმრეს, პირველად მაშინ გადაკეთდა ეს „კაპეზე“ ციხედ. ამის შემდეგ ყველა ხელისუფლების პირობებში ქართველი თუ უცხოელი ადამიანის უფლებათა დამცველები მოითხოვდნენ მის დახურვას. ამიტომ, თუ № მე-7 დაწესებულების დახურვას საშველი დაადგება, კარგი იქნება. თუმცა დღეს, ფაქტობრივად, მანდ ბევრი ადამიანი არც არის, სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელი 10-15 კაცია. მათ შორისაა, ვოვა არუთინიანიც. ეს დაწესებულება ზომით პატარაა, 50-დან ას კაცამდე შეიძლება დაიტიოს“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

მისივე განმარტებით, № მე-7 ციხის არსებობა იმდენად ციხის პრობლემა არ იყო, რამდენადაც თავად სისტემის პრობლემა, რადგან „ნაციონალების“ დროს ნებისმიერი ციხე ზეწოლითა და წამებით, არაადამიანური პირობებით გამოირჩეოდა. უბრალოდ, რადგანაც მე-7 დაწესებულებაში კანონიერი ქურდები ჰყავდათ და მათ განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ, ამიტომაც ჩანდა ეს ყველაფერი რთულად. დღეს კი ქურდები აღარ არიან საქართველოში, ისინი ძირითადად უცხოეთში არიან წასულები.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პატარა ციხეების მოდელი უთუოდ გაამართლებს, რადგან ბევრად უფრო ეფექტურია სამართავად და დემოკრატიულ სტანდარტებსაც შეესაბამება. რაც შეეხება მე-7 სასჯელაღსრულებით დაწესებულებას, ის დიდი ხნის წინ უნდა დაეხურათ, რადგან იქ ადამიანის ყოფნა წამების ტოლფასად იყო აღქმული. ექსპერტის განმარტებით, პატარა ციხის მოდელები აპრობირებულია ჰოლანდიაშიც და სხვაგანაც.

„ევროპული საქართველოს“ წევრ დავით დარჩიაშვილს პატარა ციხის მოდელი იმდენად არ აინტერესებს, რამდენადაც ის, აღიკვეთება თუ არა ქურდული სამყაროს გავლენა ციხეებზე.

„მნიშვნელობა არ აქვს, ქურდული სამყაროს გავლენა ციხეებზე პატარა ციხის მოდელით აღიკვეთება, თუ დიდი ციხის მოდელით. ორივე მოდელი მისაღებია, მთავარია, საამისოდ პოლიტიკური ნება არსებობდეს. კრიმინალური სამყარო, როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო, არ უნდა აკონტროლებდეს ციხეებს“,-აღნიშნა For.ge-სთან საუბრისას დავით დარჩიაშვილმა.